როგორ ზეგავლენას ახდენენ ქმრებზე ცოლები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
მეუღლე რომ დიდ როლს თამაშობს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ამჯერად ვისაუბრებთ მამაკაცის „საიდუმლო მრჩეველზე“ – ქალზე, რომელმაც შესაძლოა საბოლოოდ გაანადგუროს თავისი ქმრის საზოგადოებრივი მდგომარეობა, ან ისეთი წარმატებისკენ უბიძგოს, როგორზეც ვერც კი იფიქრებდა. ამიტომ არის, რომ ბოლო პერიოდში ასტროლოგები და ფსიქოლოგებიც კი ხშირად ურჩევენ მამაკაცებს, ვარსკვლავებს მოუსმინონ და წინასწარ განსაზღვრონ, როგორი „საიდუმლო მრჩეველი“ უნდათ რომ ჰყავდეთ გვერდით.
ვერძი
ვერძი ცოლები ძალიან პატივმოყვარეები და ენთუზიასტები არიან. ისინი ამაყობენ ქმრის ღირსებებით და წარმატებებით; უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ ყველაფერი, რასაც მათმა მეუღლემ მიაღწია და რაც ბევრისთვის მხოლოდ ოცნებას წარმოადგენს. მაგრამ ვერძები შინაგანად ყოველთვის უფრო მეტს მოითხოვენ. არა, ეს მათი სიხარბითა და გაუმაძღრობით როდია გამოწვეული, უბრალოდ, სხვანაირად არ შეუძლიათ. როგორც წესი, ისინი ხშირად არიან ქმრის ახალი საქმეების სათავეში. სხვათა შორის, თუ ეს საჭირო გახდა, საკმაოდ რისკიან ავანტიურაზეც წავლენ, ოღონდ კი მეუღლეს რაიმე დახმარება აღმოუჩინონ.
ვერძები არასოდეს ურჩევენ ქმრებს რაიმე არარეალურს, პირიქით, მათი რჩევები ყოველთვის წინასწარ გათვლილი და კარგად აწონილ-დაწონილია. ვერძები ძალიან ბევრ საკითხში საუკეთესო პარტნიორები არიან, მაგრამ სანამ ქმრები მათ რჩევებს მიიღებდნენ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მათი სულსწრაფობაც. ვერძს ყველაფერი ერთბაშად უნდა, მაგრამ ცხოვრებაში ასე არ ხდება, ამიტომ ვერძის ქმრებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ ყური დაუგდონ მათ რჩევებს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში უფრო ნელა იმოქმედონ. ამით შესაძლოა, ვერძი მეუღლის გულისწყრომაც კი დაიმსახურონ, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება უფრო შედეგიანი იქნება. თავად ვერძ ცოლებს კი ასტროლოგები აფრთხილებენ, ნუ ეცდებიან დროს გაუსწრონ.
კურო
კურო მეუღლეები ყოველთვის ძალიან ნერვიულობენ ქმრის საზოგადოებრივ მდგომარეობაზე, დიდ დროს უთმობენ მათ საქმეებს და ცდილობენ ყველანაირად შეუწყონ ხელი, რომ ყველაფერი კარგად იყოს. მათ ძალიან უყვართ ლამაზი ნივთები და კომფორტული ცხოვრება, მაგრამ ისიც კარგად იციან, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გაქრეს, ამიტომ ისინი მუდმივად ურჩევენ ქმრებს, რომ თანმიმდევრულად იმოქმედონ და ზედმეტი რისკის გარეშე მიაღწიონ წარმატებებს.
კუროებს არაჩვეულებრივი გემოვნება აქვთ, რაც საქმიან ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანია. მათი ქმრები, როგორც წესი, საქმიან შეხვედრებზე უზადოდ გამოიყურებიან, რითაც ძალიან დიდ გავლენას ახდენენ შეხვედრის სხვა მონაწილეებსა და, ცხადია, ორგანიზატორებზე. კუროები არასოდეს ცდებიან მეუღლის გარშემომყოფთა ჭეშმარიტი სახეების შეცნობაში და, ამ თვალსაზრისით, მათი რჩევები ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს. სახლში დაბრუნებულ კუროს მეუღლეს შინ ყოველთვის თბილი და სასიამოვნო გარემო ხვდება, რაც ძალიან ეხმარება ძალების სწრაფად აღდგენაში.
ამ ყველაფერთან ერთად, კურო ცოლები ძალიან ჯიუტები არიან, ძნელად ეგუებიან ქმრების ახალ წამოწყებებს. ამ ნიადაგზე შესაძლოა მეუღლეებს შორის კონფლიქტიც წარმოიშვას, მაგრამ… მოკლედ, ასტროლოგები კურო ცოლებს ურჩევენ გაითვალისწინონ, რომ წარმატებისთვის რისკიც საჭიროა, კუროს ქმრებს კი აფრთხილებენ, რომ არასოდეს დატოვონ თავიანთი მეორე ნახევრების აზრები ყურადღების გარეშე.
ტყუპი
ასტროლოგების აზრით, ტყუპები მეუღლეებად ყველაზე უკეთ სამხედრო მოსამსახურეებს, დიპლომატებს, საზღვარგარეთ მომუშავე სპეციალისტებს შეეფერებიან. მათი უდიდესი სურვილი და მისწრაფებაა შეუცვლელნი იყვნენ, რასაც ყველაზე კარგად მეუღლეებთან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრებისას ახერხებენ.
ტყუპები არაჩვეულებრივი დიასახლისები არიან – მხიარულნი, სტუმართმოყვარენი. მათ ოჯახში გამართული სადილები და ვახშმები ძალიან უწყობს ხელს მათი მეუღლეების კარიერულ წინსვლას. ტყუპები ცდილობენ ყველაფერში გვერდით დაუდგნენ ქმრებს და ამას ყოველთვის ძალიან ტაქტიანად აკეთებენ. ისინი არასოდეს ერევიან ქმრის საქმეებში, თუ თავად ქმრები არ ჰკითხავენ რაიმეს. სხვათა შორის, ძალიან კარგი რჩევის მიცემა შეუძლიათ. ტყუპები არასოდეს ებუზღუნებიან მეუღლეებს, არ უთითებენ შეცდომებზე და ასეთი ქმედებებით საბოლოო ჯამში დიდ დახმარებას უწევენ მათ.
მაგრამ ტყუპებს აშკარად არ ჰყოფნით მოთმინება. ისინი თითქმის ყველაფერს სწორად აკეთებენ, მაგრამ შედეგს მაშინვე ელოდებიან და თუ ასე არ მოხდა, საშინლად ნერვიულობენ. ასტროლოგები ტყუპებს ურჩევენ, რომ ზედმეტად ნუ ინერვიულებენ, იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან და წარმატებებიც აუცილებლად მოვა – ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. ეს ტყუპების მეუღლეებმაც უნდა იცოდნენ.
კირჩხიბი
კიჩხიბის მეუღლე უბედნიერესი მამაკაცია. რატომ? თუნდაც მარტო იმიტომ, რომ კირჩხიბები ყველაფერს აკეთებენ მეუღლის წარმატებისთვის, თანაც უდიდესი სინატიფით. სახლში დაბრუნებულ მამაკაცს შინ იდეალური გარემო ხვდება. კირჩხიბი ადვილად უღებს ალღოს შექმნილ სიტუაციას და შეუძლია მეუღლეს სახლში ისეთი მიკროკლიმატი შეუქმნას, როგორც მას იმწუთას სჭირდება. მათ არასოდეს ღალატობთ ინტუიცია, მშვენივრად გრძნობენ ქმრის საქმიან მაჯისცემას (იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ საქმეებში არ ახედებენ) და მათი მოქმედება ყოველთვის ზუსტი და დროულია.
კირჩხიბები აქტიურები არ არიან – ისინი მართლაც რომ „საიდუმლო მრჩეველებს“ წარმოადგენენ და და მათმა მეუღლეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კირჩხიბმა საიდუმლო შეხვედრაზე წაყვანა თუ მოსთხოვათ, მათი სურვილი აუცილებლად უნდა შეასრულონ, რადგან კირჩხიბმა კარგად იცის, როდისაა საჭირო მისი საზოგადოების წინაშე გამოჩენა – ამით იგი ისეთ ფონს უქმნის მეუღლეს, რომ წარმატება გარანტირებულია.
კირჩხიბის ერთადერთ უარყოფით თვისებად ზედმეტი ემოციურობა თუ ჩაითვლება, რომელიც ხშირად უნდობლობამდეც კი მიდის, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა – ისინი ქმრების ბედნიერების და წარმატებების მჭედელნი არიან.
ლომი
ლომი მეუღლეები ვერანაირად ვერ ეგუებიან მეორეხარისხოვან როლებს. ისინი იმდენად აქტიურნი და, ამავდროულად, ერთგვარად ეგოისტები არიან, რომ მუდმივად პირველობისკენ ესწრაფვიან. ვერ ეგუებიან მათ მიმართ უყურადღებობას და ცდილობენ, ყოველთვის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ. მეუღლის წარმატებებს ობიექტურად აფასებენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სადღაც იქვე, საკუთარი თავიც უნდა დაინახონ.
ლომები საუკეთესო საქმიანი პარტნიორები არიან, მაგრამ ხშირად იმდენად აქტიურად და სწრაფად მოქმედებენ, რომ ამით მეუღლეს ხელსაც კი უშლიან – თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ აძლევენ. ასტროლოგთა რჩევით, მათ აუცილებლად უნდა მოთოკონ პირველობის სურვილი და ზედმეტი არ იქნება, თუ ზოგჯერ ოჯახური სიმყუდროვის შექმნაზეც იზრუნებენ. მათ აუცილებლად უნდა მისცენ ქმრებს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება. ქმრებს კი ლომი მეუღლეების ეს თვისებები წინასწარ კარგად უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული.
ქალწული
ლომებისგან განსხვავებით, ქალწულები პირიქით, ნებისმიერ შემთხვევაში ცდილობენ ჩრდილში იყვნენ, ერიდებიან აქტიურ და რისკიან მოქმედებებს. ამის გამო, თუ მათი მეუღლეები საქმიანი ადამიანები არიან, ქალწულთა დახმარების დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ. საუკეთესო ვარიანტია, თუ ქალწულების მეუღლეები ექიმები, მასწავლებლები ან მეცნიერები არიან. თუ ერთნაირი პროფესია აქვთ, კიდევ უფრო უკეთესი, რადგან ქალწული მაშინ მისი საუკეთესო მრჩეველი და დამხმარე ხდება – „შავ სამუშაოს“ საკუთარ თავზე იღებს, მეუღლეს კი გზას უხსნის წარმატებისაკენ.
ისინი ძალიან მზრუნველნი, ყურადღებიანნი და ერთგულნი არიან. ხშირად საკუთარი თავის ხარჯზე ცდილობენ მეუღლეებს კომფორტული გარემო შეუქმნან, მაგრამ აუცლებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი მომხიბვლელობა მეუღლეებს ძალიან სჭირდებათ – იზრუნონ თავიანთ თავზე, განიმტკიცონ საკუთარი ძალების რწმენა და თვითდაჯერებით განაგრძონ დასახული მიზნისკენ სწრაფვა.
სასწორი
სასწორი მეუღლეები ყველაზე მეტად თავისუფლებას აფასებენ, ვერ ეგუებიან მარტოოობას, ცდილობებ ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ, იცოდნენ მეუღლის თითოეული ნაბიჯის შესახებ და, რაც მთავარია, საკუთარი შეხედულება ჰქონდეთ ამ ნაბიჯებზე. თუ ეს მოახერხეს, შესაძლოა, მათი რჩევები მეუღლისთვის საუკეთესოთა შორის საუკეთესო აღმოჩნდეს.
სასწორებს ძალიან ეხმარებათ ბუნებისგან ბოძებული გამჭრიახი, ანალიტიკური გონება და, რაც მთავარია, შესაბამისი ტაქტი. საჭიროების შემთხვევაში, მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა; ადვილად ეგუებიან ახალ გარემო პირობებს, მით უმეტეს, თუ გაცნობიერებული აქვთ, რომ ეს მათ მეუღლეს სჭირდება. სამწუხაროდ, ისინი ხშირად არ ამჟღავნებენ აქტიურობას და ელოდებიან როდის ჰკითხავთ მეუღლე რამეს. არადა, მათ ქმრებს შესაძლოა წარმოდგენაც არ ჰქონდეთ, რომ გვერდით საუკეთესო მრჩევლები ჰყავთ. ასტროლოგები სასწორებს ურჩევენ ცოტათი მაინც იაქტიურონ, ნუ იფიქრებენ, რომ ამით ქმრებს ხელს შეუშლიან – მათი რჩევები მეუღლეებისთვის კონკრეტულ სიტუაციებში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
მორიელი
ერთი მხრივ, მორიელი მეუღლეები საკმაოდ ძლიერი და თავნება პიროვნებები არიან, მეორე მხრივ, იმდენად ერთგულები, რომ შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ ნებისმიერი დარტყმა. თავნება მორიელებისთვის სულაც არ არის უმნიშვნელო ფაქტორი მეუღლის წარმატებები და საჭიროების შემთხვევაში, ვაჟკაცურად იტანენ ნებისმიერ სიძნელეს, შესაშურ სიმტკიცეს ამჟღავნებენ და ამით უდიდეს დახმარებას უწევენ მეუღლეს.
შეიძლება ითქვას, რომ მორიელები მესაკუთრეები არიან, ზუსტად გრძნობენ ცვლილებებს ფინანსურ საკითხებში და თუკი ქმარი მორიელ მეუღლეს საშუალებას მისცემს მეტნაკლებად გაეცნოს მის საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა იგი საუკეთესო ფინანსური მრჩეველიც გახდეს. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, მორიელებში მაინც საკუთარი თავის სიყვარული სჭარბობს, ამიტომ ასტროლოგები ურჩევენ მათ ზოგჯერ შესწირონ საკუთარი ინტერესები მეუღლის ინტერესებს და ამ შემთხვევაში მათი ქმრის წარმატებები მართლაც ხელშესახები გახდება.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები, როგორც წესი, თავგადასავლებისა და ავანტიურების მოყვარულები არიან, არ მოსწონთ ეს ცხოვრება და ცდილობენ თვითონვე გაიმრავალფეროვნონ ის. თვითგამოხატვა მათთვის მატერიალურ კეთილდღეობაზე ნაკლებს როდი ნიშნავს. საოჯახო საქმეების კეთება მაინცდამაინც არ სიამოვნებთ, მაგრამ სისუფთავე და კომფორტი მათთვის ისევე აუცილებელია, როგორც ზემოთ ნახსენები თვითგამოხატვა.
საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ქმარი ოჯახურ წრეში შეხვედრებს გამართავს. მშვილდოსანი სტუმართმოყვარე დიასახლისია და ნამდვილად არ გაუშვებს ამ კუთხით საკუთარი თავის წარმოჩინების შესაძლებლობას. შესაბამისად, მისადაუნებურად, შესაძლოა საუკეთესო ფონი შეუქმნას მეუღლის კარიერულ წინსვლას, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მშვილდოსნების უდიდესი სასიცოცხლო ენერგია შესაძლოა ცუდი მრჩეველი გახდეს მისი მეუღლისთვის, უფრო სწორად, რჩევების მიცემისას მშვილდოსნები უფრო საკუთარი თავის წარმოჩინებით ხელმძღვანელობენ და მათი მოსაზრებები შესაძლოა სულაც არ შეეფერებოდეს შექმნილ ვითარებას. ასტროლოგები მშვილდოსნების მეუღლეებს ურჩევენ ყურადღებით იყვნენ, თავად მშვილდოსნებს კი ენერგიის მოთოკვისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ რჩევების მიცემისას დაკვირვებით იხელმძღვანელონ.
თხის რქა
თხის რქა თვლის, რომ როგორც საკუთარი, ისე მეუღლის წარმატება მთლიანად შრომაზეა დამოკიდებული. ისინი არასოდეს საყვედურობენ მეუღლეს, თუ რატომ მიიწევს იგი კარიერულ კიბეზე წინ ძალიან ნელა, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ სულ მცირე წარმატებაც კი მხოლოდ შრომით მიიღწევა. მართალია ამაყობენ მეუღლის მიღწევებით, მაგრამ მათი სიამაყის საგანი ყოველთვის ის გზაა, რომელიც მათმა მეუღლემ გაიარა საბოლოო შედეგის მიღწევამდე.
რაც შეეხება ორჯახურ ცხოვრებას, ამ მხრივ თხის რქებს ყველაფერი შესანიშნავად აქვთ აწყობილი.ზუსტად აფასებენ შექმნილ ვითარებას, არასოდეს ითხოვენ ზედმეტს, ეკონომიურები და შრომისმოყვარენი არიან, მეუღლეს ოჯახური საქმეებით არ ტვირთავენ და ამით საშუალებას აძლევენ მას დროისა და ენერგიის დიდი ნაწილი თავის საქმიანობას დაუთმოს. თხის რქები საუკეთესო დამხმარენი არიან მეუღლეებისთვის და ამ ყველაფერს თავდაუზოგავი შრომით აღწევენ.
მერწყული
მერწყულისთვის ნამდვილი ბედნიერება სულიერი ცხოვრებაა – მატერიალურ სიმდიდრეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მეუღლეებში ისინი პირველ რიგში ამაღლებულ იდეალებს აფასებენ და ყველანაირად ცდილობენ, რომ მათში ეს თვისებები განსაკუთრებით განვითარდეს. მერწყულები შესანიშნავი მეუღლეები არიან შემოქმედი ადამიანებისთვის – ახალ-ახალ იდეებს აწვდიან მათ და ორიენტირსაც აძლევენ, რაც შემოქმედებით წარმატებებში აისახება.
მერწყულები საუკეთესო პარტნიორები არიან ასევე საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი საქმეებით დაკავებული ადამიანებისთვის. მათთვის მერწყულის რჩევების გათვალისწინება აუცილებელია, მაგრამ ზედმეტი არ იქნება, თუ ეს რჩევები გარკვეულწილად ცხოვრებასთან იქნება ახლოს.
მერწყული მეუღლეს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს, არასოდეს ზღუდავს მას. მისთვის უცხოა ეჭვიანობის გრძნობა; ყოველთვის გვერდში უდგას და თუ შენიშნა, რომ მისი ქმარი სულ უფრო და უფრო ეფლობა მატერიალურ პრობლემებში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანის საქმიანობაში სულიერებამაც და შემოქმედებითმა მისწრაფებებმაც იმძლავრონ. დასაფასებელი თვისებაა…
თევზები
თევზები ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავენ იმისთვის, რომ მათ მეუღლეს მშვიდი გარემო ჰქონდეს. ოჯახურ ცხოვრებაში ამას ადვილად ახერხებენ, მაგრამ ქმრის საქმიანი ცხოვრების გამო ბევრს ნერვიულობენ, ამიტომ აუცილებელია ქმრებმა საქმის კურსში ჩააყენონ ისინი, რათა საქმიან სფეროში მათ სიმშვიდეზეც იზრუნონ. თანაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ როგორც ყველა წყლის ნიშნის მატარებელი ადამიანი, თევზები საოცარი წინათგრძნობით გამოირჩევიან და მათი რჩევები ძალიან გამოგადგებათ ნებისმიერი თვალსაზრისით. თევზები, ძირითადად, მაინც მეუღლის შინაგან მდგომარეობაზე, უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.
თამთა გურული
კომენტარები