გერმანელი პოლიტიკოსი, კასელის ოლქის (ჰესენის ფედერალური მიწა) ადმინისტრაციის უფროსი ვალტერ ლუბკე მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ ლუბკე დევნილთა მიღების და დახმარების პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი იყო.
65 წლის გერმანელ პოლიტიკოსს საკუთარი სახლის ტერასაზე, ახლო მანძილიდან თავში ესროლეს. მკვლელობამ მთელი გერმანია შეაძრწუნა.
საქმის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, დანაშაულს ქვეყნის ფედერალური პროკურატურა იძიებს, რომელმაც ოპერატიულად დააკავა ეჭვმიტანილი – გერმანიის მოქალაქე 45 წლის მამაკაცი. გამოძიების ვერსიით, საქმეში მემარჯვენე ექსტრემისტული ფონი იკვეთება.
მედიასაშუალებების ცნობით, ეჭვმიტანილი 1993 წელს დევნილთა განაწილების ცენტრზე თავდასხმაში მონაწილეობდა.
საქმე ეხება მარტო, დამოუკიდებლად მოქმედ დამნაშავეს, თუ მემარჯვენე ექსტრემისტების დაჯგუფებას? – ეს არის მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც ამჟამად ფედერალური პროკურატურა ცდილობს.
„ვვარაუდობთ, რომ დანაშაული მემარჯვენე რადიკალებს უკავშირდება, – განაცხადა გერმანიის ფედერალური პროკურორატურის წარმომადგენელმა მარკუს შმიტმა პრესკონფერენციაზე, – ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ბრალდებულის წარსული, მისი აზრები და შეხედულებები, რომელთაც იგი საჯაროდ გამოთქვამდა. ახლა ვმუშაობთ იმის გარკვევაზე, მონაწილეობდნენ თუ არა დანაშაულში თანამზრახველები და თუ მონაწილეობდნენ, რა დოზით“.
წყარო: DW
კომენტარები