25 წლის შემდეგ სამიდან ერთი იტალიელი 65 წელს გადაცილებული იქნება
ISTAT-ის პროგნოზით, 20 წელიწადში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა იტალიაში 5 მილიონით შემცირდება.
2039-40 წლებში ქვეყანაში 65 წლის ასაკის 18.8 მილიონი მოქალაქე იქნება, რაც დღევანდელ რაოდენობაზე 5 მილიონით მეტია; შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობა (15-64 წელი), თავის მხრივ, 5 მილიონით შემცირდება (33.7 მილიონი ადამიანი), – ასეთია იტალიის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის – Istat-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემები. ეს რიცხვები ადასტურებს დემოგრაფიული კრიზისის უკიდურესად გამწვავებას მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში იმიგრანტების ნაკადები არ წყდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი მონაცემების კომენტირებისას Bankitalia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ინიასიო ვისკომ (Ignazio Visco) განმარტა, რომ ასეთი ტენდენციაა მთელ ევროპაში: „ევროსტატის“ შეფასებით, 25 წლის შემდეგ ევროპელების 28% 65 წელზე მეტი ასაკის იქნება, თუმცა იტალიაში დინამიკა გაცილებით ძლიერია და მაჩვენებელი 33%-ს მიაღწევს. მოსახლეობის დაბერება ქვეყნის ბიუჯეტს მძიმედ დააწვება სოციალური ხარჯების ზრდის სახით, მით უმეტეს, 55 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის სამუშაო ადგილებით უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს სრული ინერტულობის ფონზე (ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში).
ყველაფერს ნათელს ხდის იტალიის დემოგრაფიული სტატისტიკის ორი ინდექსი: დაბერების მაჩვენებელი (65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის და 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის რიცხოვნობის პროცენტული თანაფარდობა) და დემოგრაფიული დატვირთვის კოეფიციენტი (შრომისუნარიანი და შრომისუუნარო ასაკის მოსახლეობის რიცხოვნობის პროცენტული თანაფარდობა). პირველმა 165%-ს გადააჭარბა ჯერ კიდევ 2017 წელს, მეორე კი დაახლოებით ოც წელიწადში 80%-ს მიაღწევს.
Bankitalia-ს კვლევა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა, ნათლად მიუთითებს, რომ იტალია უკვე ორი ათწლეულის შემდეგ ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, რადგან თუ პროგნოზი გამართლდა, დემოგრაფიული დატვირთვის კოეფიციენტი 1911 წლის დონეზე დაბრუნდება – თუმცა ეს ყველაფერი ამჯერად სხვანაირად იქნება, რადგან 1911 წელს კოეფიციენტმა 80%-ს მიაღწია 15 წლამდე ასაკის ბავშვთა დიდი რაოდენობის გამო, ამჯერად კი ეს 65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის გამო მოხდება. როგორც ხედავთ, პერსპექტივები აბსოლუტურად განსხვავებულია.
რაც შეეხება დასაქმების დონეს, 2008 წელს 55-იდან 64 წლამდე ასაკის 2.4 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო ათი წლის შემდეგ, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 4.3 მილიონს მიაღწია ანუ ამ ასაკის მოსახლეობის დასაქმების დონე 34.3-იდან 53.7 პროცენტამდე გაიზარდა. Istat-ის მონაცემების თანახმად, ამ ასაკობრივ ჯგუფში ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს, შემცირდა, ბევრი მათგანი კი უფრო გააქტიურდა სამუშაო ადგილის ძებნისას.
უკანასკნელი ათწლეულის ტენდენციის გათვალისწინებით, 55-64 წლის მუშაკები საუკეთესო პროფესიული მაჩვენებლებით გამოირჩეოდნენ.
„Fornero-ს და სამუშაო ადგილების შესახებ კანონის წყალობით, 55 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები უფრო დიდხანს ინარჩუნებდნენ სამუშაო ადგილებს და მათი გათავისუფლება გართულდა, – განმარტავს კლაუდიო ლუჩიფორა, მილანის კათოლიკური უნივერსიტეტის შრომის ეკონომიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, – ხშირ შემთხვევაში კომპანიებმა ისევ დაიბრუნეს პენსიაზე გასული თანამშრომლები, როგორც კონსულტანტები, მათი გამოცდილების გამო. ახლა კანონი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანი პენსიაზე გავიდეს და ისევ გააგრძელოს მუშაობა, თუმცა 80 წელზე მეტი მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობის პირობებში ეს ძალიან დიდი მინუსია“.
ნიკო აბაშიშვილი
წყარო: ilsole24ore
მსგავს თემაზე: იტალიის მოსახლეობა სულ უფრო სწრაფად ბერდება
კომენტარები