მინერალების და ძვირფასი ქვების გამოყენება კოსმეტიკური მიზნებით
ძვირფასი ქვებისა თუ მინერალების საოცარი ძალის შესახებ დღეს ყველამ კარგად იცის. მათ უძველესი დროიდან მიაწერდნენ მფლობელის მფარველობას, ამა თუ იმ თვისებითა თუ ნიჭით დაჯილდოებას, სამკურნალო ძალას… მაგრამ თუ იცით, რომ ზოგიერთ მინერალს ჩვენს წელთაღრიცხვამდე კოსმეტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ? მშვენიერი გარეგნობისკენ სწრაფვა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან არსებობს, რაც ადამიანი გაჩნდა და ქალები ამისთვის ყველა საშუალებას იყენებდნენ, ქვებსაც კი.
იმის შესახებ, რომ კლეოპატრა ყოველ დილით რძის აბაზანებს იღებდა, ლეგენდები დადის, თუმცა როგორც უძველესი ხელნაწერები მოგვითხრობენ, ლეგენდარული დედოფალი გაცილებით მეტ უპირატესობას იმ აბაზანის მიღებას ანიჭებდა, რომელშიც წვრილად დაფქული თეთრი მარმარილო იყო გარეული, ან მთელი ღამის განმავლობაში კვარცის ნამტვრევები ეწყო. კანის სინორჩისა და სხეულის სიმკვრივისათვის კლეოპატრას ტანზე მასაჟს ლალისა და ძოწის ქვებით უკეთებდნენ, ვარდისფერი კვარცით კი სახეს უმუშავებდნენ, ნაოჭების გასასწორებლად და სახის ფერის გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთი გადმოცემა კი მოგვითხრობს, რომ ანტონიუსთან შეხვედრის წინ კლეოპატრას ენის ქვეშ კარგა ხანს ზურმუხტი ედო.
ძველ ეგვიპტეში კოსმეტიკური საშუალებების მომზადებისას ფართოდ იყენებდნენ ქვებს. წმინდად დაფქული ლაზურიტით თვალის „ჩრდილებს“ ამზადებდნენ. იგივე დანიშნულება ჰქონდა მალაქიტსაც. სხვათა შორის, ძველეგვიპტელთა რწმენით, ეს ხერხი მხედველობასაც აუმჯობესებდა.
გარდა ამისა, ეგვიპტელი ლამაზმანები სახის კანს ყოველთვის სადაფით იმუშავებდნენ (იზელდნენ) ხოლმე, რაც კანს დიდხანს უნარჩუნებდა სინორჩეს.
ვარდისფერი კვარცის ფხვნილს ეგვიპტელი დედოფლები სახის ნიღბისთვის იყენებდნენ. ის ნაოჭების გაჩენას აბრკოლებდა, სახეს ჯანსაღ ფერს აძლევდა. არანაკლებ ეფექტიანად მიაჩნდათ ქარვის გამოყენებაც, რომელიც არა მარტო კანს აახალგაზრდავებს, არამედ ჯანმრთელობაზეც შესანიშნავად მოქმედებს.
ამეთვისტო – ჭიმავს და ხავერდოვნებას მატებს კანს.
ალმასი – მუქი ფერის ლაქებსა და ფერიმჭამელებს აცილებს.
ლაზურიტი – აუმჯობესებს კანის ფერს და კანის დაავადებებს წარმატებით ებრძვის.
საფირონი – მართლაც სილამაზის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს. სამწუხაროდ, ამჟამად ძნელია ბუნებრივი საფირონის შოვნა, ხელოვნურად დამზადებული ეს ქვა კი ნაკლებად ეფექტიანია.
სარდიონი – ქვა-საიდუმლო. ის აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ხელს უწყობს ენდოკრინული ჯირკვლების სტიმულაციას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, რაც თავისთავად გულისხმობს სახის კანის გაწმენდასა და ახალგაზრდობის შენარჩუნებას.
ზოგიერთი უძველესი კულტურის ქვეყნის ქალები სახისა და სხეულის დასაბანად დღემდე იყენებენ მინერალებით დამუხტულ წყალს და როგორც ირწმუნებიან, ამ ხერხს მართლაც საოცრების მოხდენა შეუძლია. მაგალითად, ისინი წყალში აგდებენ რამდენიმე ნატეხ მთის ბროლს ან ვარდისფერ კვარცს და ორი-სამი საათის მანძილზე აჩერებენ მზეზე, შემდეგ კი მზისა და მინერალის მაცოცხლებელი ენერგიით დამუხტულ წყალს სხეულზე ივლებენ.
ზოგიერთი ცნობილი კოსმეტოლოგი და მკურნალი კი გვირჩევს, რომ სახისა თუ თვალის გარშემო კანისთვის განკუთვნილი მკვებავი საცხების ქილებში დაუმუშავებელი მთის ბროლის ნატეხები მოვათავსოთ. მათი მტკიცებით, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს კოსმეტიკური საშუალებების ეფექტიანობას.
თამთა გურული
მსგავს თემაზე: ქვები, რომლებიც შურისა და უარყოფითი ენერგიისგან დაგიცავენ
კომენტარები