ხელოვნებაინტერვიუკულტურა

მაია ბარათაშვილი: „შეიძლება, რომ უცხო მიწაზე ადამიანი ბედნიერი იყოს, თუმცა…“

მოგესალმებით, ალბატონო მაია, ვენს შემოქმედებაშ რა სიახლეებია?

დავბრუნდი წარმატებული გასტროლებიდან (უკრაინა, მალტა, ბულგარეთი, ბელარუსი), სადაც გავმართე კონცერტები ჩემს კოლეგა ბრწყინვალე ჯაზის მუსიკოსებთან ერთად.

უკრაინაში გაიმართა ქართული სახვითი ხელოვნებისა და ჯაზის საღამო საქართველოს საელჩოს ორგანიზებით. მუსიკალურ ნაწილთან ერთად, რომელზეც მე ვიყავი პასუხისმგებელი, თავად ელჩის ფერწერული ნამუშევრებიც იყო გამოფენილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი.

მალტაზე ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ასევე მოეწყო ქართული კულტურის დღეები, რომელზეც გაიმართა ჩემი სოლოკონცერტი; ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები.

ბულგარეთში საქართველოს საელჩომ საზეიმოდ აღნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც დაესწრნენ ბულგარეთის პრემიერი, პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლები და ფართო საზოგადოება, სადაც მე ჩემს კოლეგასთან, გიორგი მელიქიშვილთან ერთად წარვდექი ბულგარელი მსმენელის წინაშე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა ბელარუსშიც, სადაც ჩემს ტრიოსთან ერთად გავმართე კონცერტი. ღონისძიებას 500-მდე ადამიანი დაესწრო – ბელარუსის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ზაფხულში თბილისის ბიგბენდთან და ანსამბლ ქართულ ხმებთან ერთად მივემგზავრები ტურნეში საქართველოს რეგიონებში. ამის შემდეგ  მექნება კონცერტი აზერბაიჯანში, ისევ თბილისის ბიგბენდთან ერთად.

უამრავ ქვეყანაში გქონიათ გასტროლები, რომელმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

ყველა ქვეყანა თავისებურად მიმზიდველი და საინტერესოა, თუმცა არის ადგილები, სადაც განსაკუთრებულად ვიგრძენი თავი – მალტა, დიდი ბრიტანეთი, ბელარუსი…

თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ რაიმე საინტერესო, კურიოზული თავგადასავალი, ომელი უცხო ქვეყანა გადაგხდენიათ?

სტამბოლში კონცერტების დროს მარტო გავედი სასეირნოდ, გამაფრთხილეს, რომ არ იყო უსაფრთხო, მაგრამ მაინც გავრისკე… აია სოფიაში ერთი ადამიანი გავიცანი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით მომატარა სტამბოლის ღირსშესანიშნაობანი: ვინახულე მიწისქვეშა წყლის სასახლე, სადაც ჯეიმს ბონდის სულ პირველი სერია გადაიღეს, შემდეგ ტოპკაპის სასახლეში ვიყავით….

გამიკვირდა, რომ სრულიად უცხო ადამიანი ასე გულდასმით მათვალიერებინებდა სტამბოლს. გამომშვიდობებას ვაპირებდი და უცებ მითხრა, ვერსადაც ვერ წახვალ, მე ამდენი რამე განახე და ახლა მე უნდა წამომყვეო… მიუხედავად იმისა, რომ არ ჩანდა უწესო ადამიანი, მაინც შევშინდი, მაგრამ არ შევიმჩნიე და გავყევი. მივყვებოდით გზას, ბინდდებოდა, მახსოვს, პირველი იანვარი იყო (2000 წელი), გარეთ ბევრი ხალხი არ იყო. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა. ბოლოს მივადექით ერთ შენობას, მკითხა, რა უფრო გიყვარს, ოქრო თუ ტყავიო? ოქრო-მეთქი, ვუთხარი და შემიყვანა მაღაზიაში. ჩემს დანახვაზე უმალ გაჩნდა დამხვდური და დიდი ჟივილხივილით შემიპატიჟა. აღმოჩნდა, რომ თავისი ძმის ოქროს მაღაზიაში მივუყვანივარ. როგორ არ ეცადნენ, რამე სამკაული მოეყიდათ ჩემთვის! არაფერი რომ არ გამოუვიდათ, ჩემი „გიდის“ ძმამ ხელი კედელზე დაკიდებული ყურანისკენ აღმართა და თქვა: იცი, აქ რა წერია? – პათეტიურად საუბრობდა, – ახალ წელს პირველი მყიდველი თუ არაფერს იყიდის მაღაზიაში, მთელი წელი წარუმატებელი ექნება იმ მაღაზიასო. ცოტა გაბრაზდა, მაგრამ მაინც მშვიდად გამოვედით.

გვიან მივხვდი, რატომ ამომირჩია უცნობმა: ტანზე წაულის ქურქი მეცვა და ყურზე ბრილიანტის პატარა საყურეები მეკეთა. იფიქრა, ამ ქალზე ფულს გავაკეთებთო.

მოკლედ, დავემშვიდობე ჩემს „გიდს“ და ასე წამოვედი სახლში. გზაში ვიღაც ამედევნა ისევ, რა ლამაზი ქალბატონი ბრძანდებითო, მომდევდა და აკვიატებით იმეორებდა. ბოლოს გამოვხედე, ახალგაზრდა კაცი კომპლიმენტებად იღვრებოდა; მერე მითხრა, თქვენისთანა ლამაზ ქალს ლამაზი ქმარიც ეყოლება და ლამაზ კაცს კი ლამაზი ხალიჩა სჭირდებაო. მოკლედ, ჩემი სილამაზე მხოლოდ იმიტომ მოხვდა თვალში, ხალიჩის გაყიდვა რომ უნდოდა.

რომელია ის სუვენირი, რომელიც უცხო მიწაზე შეიძინეთ და დღემდე სათუთად ინახავთ?

ისრაელში ნაყიდი სუვენიერები.

რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონთ?

იტალიური, იაპონური.

რას ნიშნავს ქართველობა თქვენთვის და რომ არა საქართველო, სად ისურვებდით დაბადებას?

ქართველობა ჩემთვის ჩემი სარწმუნოებაა, მართლმადიდებლური ქრისტიანობა; ჩემი ადათ-წესები, ტრადიციები, წინაპრების ხსოვნა… მის გარეშე ვერსად გავძლებდი. ქრისტესთან ერთად ყველგან გავძლებდი… ვიცხოვრებდი ნებისმიერ  მართლმადიდებლურ ქვეყანაში.

შეიძლება, ადამიანს ორი სამშობლო ჰქონდეს?

არა მგონია, თუმცა შეიძლება იყოს მიჯაჭვული სხვა ქვეყანაზე, სადაც დიდი ხანი ცხოვრობდა.

შეიძლება, რომ ადამიანი უცხო მიწაზე ბედნიერი იყოს?

შეიძლება, თუ უცხო მიწამ თბილი მასპინძლობა გაუწია, თუკი ეს მიწა  მისთვის წარმატების, მისი ტალანტის აღიარების ადგილია, თუმცა… ადამიანი საკუთარ მიწაზე გრძნობს ყველაზე კარგად თავს, იქ, სადაც დაიბადა და აღიზარდა; მიწაზე, რომელთანაც ბიოლოგიურად არის დაკავშირებული. მითიური მედეას მაგალითი რომ ავიღოთ, მას განკურნების ძალა მხოლოდ სამშობლოში ყოფნის დროს ჰქონდა, დატოვა თუ არა სამშობლო, ეს ძალა დაკარგა…

დაბოლოს, რას უსურვებდით ქართველ ემიგრანტებს?

ემიგრანტის ცხოვრება არ არის ადვილი. ვუსურვებ ემიგრანტებს, რომ რწმენა არ დაეკარგოთ, ქრისტეს რწმენა. მხოლოდ რწმენით შეძლებს ადამიანი ტკივილის დაძლევას.

ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

დაგაინტერესებთ: მამუკა ჩარკვიანი: „…მე მაინც დავდგები ფეხზე!“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close