დღის თემასაზოგადოებასაქართველო

წმინდა ნინოს გზა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში

წმიდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ  აღნიშნავს: პირველ ივნისს – მისი საქართველოში შემოსვლის  და 27 იანვარს – მისი მიძინების (გარდაცვალების) დღეს.

ქართველთა განმანათლებელი და მოციქულთა სწორი ნინო წარმოშობით კაბადოკიელი იყო. გადმოცემის მიხედვით, ასევე კაბადოკიელი წმიდა გიორგი მისი ბიძაშვილი ყოფილა. წმიდა ნინოს მამა – წმიდა ზაბულონი მეომარი და ბრანჯთა (ფრანგთა ერთ-ერთი ტომი) გამაქრისტიანებელი იყო, დედა – სუსანა იერუსალიმის პატრიარქ იუბენალის და. წმიდა ნინოს მშობლებმა გადაწყვიტეს ღმერთისთვის მიეძღვნათ თავი და საერო ცხოვრებას გარიდებოდნენ. მათ ნინო აღსაზრდელად ბიძას, იუბენალს დაუტოვეს. პატრიარქმა დისწული დვინელ მიაფორს (ტაძრის მეთვალყურეს) მიაბარა, რომელიც მას ქრისტეს რჯულს ასწავლიდა. სწორედ აქ შეიტყო წმიდა ნინომ, რომ უფლის კვართი ჩრდილოეთის ქვეყანაში ანუ ქართლის სამეფოში, მცხეთაში ინახებოდა. ამიტომ გადაწყვიტა, კვართის ქვეყანაში ქრისტიანობა ექადაგა.

ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ქრისტიანობა მოციქულებმა იქადაგეს და პირველი სამოციქულო ეკლესიაც დააფუძნეს, მაგრამ IV საუკუნის დასაწყისისთვის ქვეყანა მაინც წარმართობის ტყვეობაში იყო. მაშინ ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ლოცვა-კურთხევით ქართველი ერის ქრისტეს ნათლით გასანათლებლად ივერიისკენ მოციქულთა სწორი ქალწული ნინო გამოემართა.

ღვთისმშობელმა მას ვაზის ჯვარი გადასცა, რომელსაც განსაცდელისგან უნდა დაეცვა უცხო ქვეყანაში მიმავალი ქალწული. მორჩილების ნიშნად, წმინდა ნინომ თმა მოიკვეცა, ვაზის რტოებს შემოახვია და საქართველოსკენ რწმენით აღსავსე გამოეშურა.

ცნობისათვის: წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც დღეს სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტაძარში ინახებოდა. ის ბევრჯერ გაიტანეს საქართველოს საზღვრებს გარეთაც. XV-XVI საუკუნეებში ჯვარი რუსეთში მოხვდა. მოგვიანებით იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ბრძანა, რომ რელიკვია ისევ საქართველოსში დაებრუნებინათ. 1802 წლის 9 აპრილს ჯვარი დიდებით ჩამოაბრძანეს თბილისში.

წმინდა ნინოს ცხოვრების მცხეთური რედაქციის მიხედვით, ეს ჯვარი ღვთისმშობელმა წმინდანს იერუსალიმში გადასცა, თუმცა არსებობს სხვა რედაქციაც, რომელიც ვაზის ხის რტოთაგან შეკრულ ჯვარს თვითონ წმიდა ნინოს მიაწერს – წმინდანს იგი მცხეთაში მოსვლის შემდეგ, მაყვლოვანში დამკვიდრებისას თავისი თმებით შეუკრავს.

ღვთისმშობლის მიერ ნაბოძებმა ძლევაშემოსილმა ჯვარმა მრავალი განსაცდელისაგან დაიფარა წმინდა ნინო საქართველოსაკენ მომავალ გზაზე. ღვთაებრივი გამოცხადებით იგი ფარავნის ტბას მიუახლოვდა, სადაც ორი დღე შეჩერდა და ჯავახეთის მთებით შემოვიდა საქართველოში. „ვარდი და ნუში ყუაოდა მას ჟამსა“, „მთანი ჩრდილოსანი“ კი, მიუხედავად ვარდობისთვისა, „სავსენი ჩნდეს თოვლითა და ჰაერითა სასტიკითა“.

მრავალი ჭირითა და იწროებით, უძნელესი გზებით ქართლის სანახებამდე მიაღწია და დროებით ქალაქ ურბნისში შეჩერდა. ერთ დღეს უამრავი ხალხი დაიძრა მცხეთისკენ დიდ დღესასწაულზე არმაზის კერპის თაყვანსაცემად. წმინდა ნინოც მათ გაჰყვა. იხილა რა მტრისგან დაბნელებული ერი, რომელიც „ცოცხლივ ჯოჯოხეთს“ ჩავარდნილიყო, წმინდანი ატირდა და მხურვალე ლოცვა დაიწყო, უფალს ევედრებოდა, გამოევლინა თავისი ძლიერება, რათა ხალხს ჭეშმარიტი ღმერთი ეცნო. ასეც მოხდა: ლოცვის დასრულების შემდეგ საშინელი გრიგალი ამოვარდა და აქეთ-იქით მიმოფანტა უსულო კერპები. ირგვლივ ყველაფერი განადგურდა. ეს იყო კერპთა დამხობისა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ქართველთა დაბრუნების დასაწყისი…

ექვსი წელი ქადაგებდა წმიდა ნინო მცხეთაში ჭეშმარიტ სარწმუნოებას და წმიდა ჯვრის ძალით უამრავ სასწაულს ახდენდა. წმინდანმა უკურნებელი სენისგან განკურნა ნანა დედოფალი, რომელმაც იმწამსვე „ირწმუნა ქრისტე“… ეს მოხდა მცხეთასთან ახლოს, მაყვლოვანში, სადაც წმიდა ნინომ ღვთისმშობლისგან ბოძებული ვაზის ჯვარი აღმართა. შემდეგში ასევე გაქრისტიანებულ მეფე მირიანს ერთგვარი ზღუდე შემოუვლია მაყვლოვანისთვის, რათა დაცული ყოფილიყო წმინდანის სამყოფელი, წმიდა ნინოს სახელზე კი იქვე ახლოს სამთავროს ტაძარი აუგია. მიუხედავად იმისა, რომ ახლომახლო მაყვალი არსად არის, იქ ახლაც ყვავის მაყვლის ბუჩქი, როგორც მუდმივი სახსოვარი წმიდა ნინოს საქართველოში ცხოვრებისა და მოღვაწეობისა.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის – წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს, სწორედ მაშინ გამოცხადდა, როცა სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

წმიდა ნინომ თავისი მოციქულებრივი მოღვაწეობა ბოდბეში (ისტორიული კუხეთის დაბა „ბოდისი“) დაასრულა. აქვეა წმინდანის განსასვენებელი, რომელიც ქართველთათვის მადლისა და კურნების ცხოველ წყაროს წარმოადგენს.

ცნობისათვის: წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც დღეს სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტაძარში ინახებოდა. ის ბევრჯერ გაიტანეს საქართველოს საზღვრებს გარეთაც. XV-XVI საუკუნეებში ჯვარი რუსეთში მოხვდა. მოგვიანებით იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ბრძანა, რომ რელიკვია ისევ საქართველოსში დაებრუნებინათ. 1802 წლის 9 აპრილს ჯვარი დიდებით ჩამოაბრძანეს თბილისში.

ტროპარი:

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი:

მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღუთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღუარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა, დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

მოამზადა თამარ ოთიაშვილმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close