კინო/ფილმებიმსოფლიოკულტურა

ალენ დელონი კანის კინოფესტივალზე დაჯილდოებისას ატირდა

„მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ გემშვიდობებით; ამ საღამოს ჩემთვის კარიერის დასასრული არა, ეს უფრო ცხოვრების დასასრულია… თუ ვარსკვლავი ვარ, თქვენ უნდა გადაგიხადოთ მადლობა, რადგან ეს მხოლოდ თქვენი, მაყურებლების დამსახურებაა და სხვისი არავისი“, – განაცხადა კანის კინოფესტივალზე დაჯილდოების შემდეგ წარმოთქმულ სამადლობელ სიტყვაში საკულტო ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა, რომელიც ემოციებისგან ცრემლებს ვერ იკავებდა. მასთან ერთად ატირდა ანუშკა დელონიც, რომელიც მამას ახლდა.

83 წლის ალენ დელონი კანის 72-ე კინოფესტივალზე კინემატოგრაფში შეტანილი პირადი წვლილისთვის საპატიო „ოქროს პალმის რტოთი“ დააჯილდოეს.

როგორც ცნობილია, ფესტივალის გახსნამდე იგი მედიისა და საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ფემინისტები მსახიობს ანტისემიტიზმში, სექსისტურ და ჰომოფობიურ განცხადებებში ადანაშაულებდნენ.

მას შემდეგ, რაც 17 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალენ დელონს კანში დააჯილდოებდნენ, ორგანიზაცია „ქალები და ჰოლივუდის“ დამფუძნებელმა მელისა სილვერსტეინმა განაცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებული იყო“. როგორც ის საკუთარ თწიტტერ- ზე წერდა, ალენ დელონმა „საჯაროდ აღიარა, რომ ქალებს სცემდა“. მისი თქმით, მსახიობი რასიზმითა და ანტისემიტიზმით ცნობილ „ეროვნულ ფრონტს“ შეუერთდა და განაცხადა, რომ ჰომოსექსუალობას ეწინააღმდეგება“. სილვერსტეინის აზრით, კანის ფესტივალმა ასეთ „ამაზრზენ ფასეულობებს“ მხარი არ უნდა დაუჭიროს, თუმცა ორგანიზატორებმა განმარტეს, რომ ალენ დელონი ლეგენდარული მსახიობი და კანის კინოფესტივალის ისტორიის ნაწილია.

„ჟან-პოლ ბელმონდოს და ჟან-პიერ ლეოს შემდეგ, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი საკულტო მსახიობის დაჯილდოება, როგორიც ალენ დელონია“, – ნათქვამია განცხადებაში.

თავად ალენ დელონს განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

2015 წელს ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ „ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მათ მიერ შვილების აყვანას მხარს არ უჭერს”.

ნინო ხოშტარია

ნახეთ ვიდეო:

მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: საინტერესო ფაქტები კანის კინოფესტივალის შესახებ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close