ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ქართველი  ექიმი, რომელმაც ერაყში მსახურობის შემდეგ ცხოვრება ბრიტანეთს დაუკავშირა

„როცა მიზნისკენ მიიწევთ, გზად ბევრი „ძაღლი“ და დაბრკოლება შეგხვდებათ, მაგრამ თქვენ თუ მათ „ყეფას“ შეფერხებად აქცევთ და  შეჩერდებით, მიზნამდე ვეღარ მიაღწევთ“, – ამბობს NOSTAL.GE-სთან ინტერვიუში ლონდონში მცხოვრები ქართველი ექიმი ეკატერინე ნანდოშვილი, რომლის პაციენტებს შორის ცნობილი ბრიტანელი მსახიობებიც არიან…

ეკა, მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ, რამდენი ხანია, რაც ბრიტანეთში ცხოვრობთ? 
პროფესიით ექიმი ვარ და ვმუშაობ National Health Service-ში, კონკრეტულად – მწვავე მედიცინისა და ენდოკრინული დიაბეტის მიმართულების კონსულტანტად. ინგლისში 2005 წლის 7 თებერვალს ჩამოვედი, შეიძლება ითქვას, საკუთარი პროფესიის დასაბრუნებლად…

საკუთარი პროფესიის დასაბრუნებლად?
დიახ. საქართველოში ყოფნის პერიოდში თავდაცვის სამინისტროში  ვმუშაობდი ენდოკრინოლოგად, მაგრამ იმის გამო, რომ არ მყავდა რეკომანდატორი და ადამიანი, რომელიც სიტყვას შემაწევდა, სამსახურის დატოვება მომიხდა.

ყოველთვის მინდოდა, ჩემს პროფესიას მაქსიმალურად დავუფლებოდი და ამისთვის ძალიან მოვინდომე, ბოლომდე ვიხარჯებოდი, რომ რაც შეიძლება მალე მიმეღწია შედეგისთვის. მოგეხსენებათ, უცხოეთში თავის დამკვიდრება არც ისე მარტივია, მით უმეტეს, როცა მარტო ხარ და  გვერდში არავინ გიდგას, მაგრამ მაინც არ დავყარე ფარ-ხმალი  და მთელი ჩემი რესურსი სწავლა-განათლებაში ჩავდე.

პროფესია თავად აირჩიეთ თუ მშობლების ნება-სურვილს დაჰყევით, როგორც ხშირად ხდება ხოლმე? 
5 წლის ასაკიდან ვიცოდი, რომ ექიმი უნდა ვყოფილიყავი. ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა სხვების დახმარება.
მშობლები ყველანაირად მხარში მედგნენ, რომ ოცნება ამეხდინა. მათ მასწავლეს ცხოვრებასთან ბრძოლა საკუთარი სურვილების დასაცავად. ამის მერე „გამაციმბირეს“ და დამტოვეს ცხოვრებასთან მარტო, რომ გზა თავად გამეკვალა…

და მიზანსაც მიაღწიეთ. თქვენი პაციენტების სიაში ბევრი ცნობილი ბრიტანელი თუ ქართველია… 
პაციენტების ჩემთან ვიზიტი, მოგეხსენებათ, კონფიდენციალურია, მაგრამ გეთანხმებით, მქონდა კრისტოფერ ლის, ზადი სმიტის, ნოდარ ბაქრაძის და სხვა ბევრი წარმატებული ადამიანის  გაცნობის საშუალება.

როგორია დიდ ბრიტანეთში ცხოვრების რიტმი და ემიგრაციაში ყველაზე მეტად რა გენატრებათ? 
ემიგრაციაში ყოფნის დროს ყველაზე მეტად ჩემი ბავშვობის სახლი მენატრება ბოდბეში, საყვარელი მშობლები, რომლებმაც საკუთარი თავის რწმენა მასწავლეს (სამწუხაროდ, ცოცხლები აღარ არიან). დღეს რასაც წარმოვადგენ, მათი დამსახურებაა. მენატრებიან ჩემი კლასელები და მენატრება ბავშვობის წლები, რომელიც საქართველოსთან ასოცირდება…

გიწევთ ხოლმე საქართველოში პერიოდულად ჩამოსვლა? 
საქართველოში ივნისში ვაპირებ რამდენიმე ხნით ჩამოსვლას.

მოგვიყევით ინგლისამდე თქვენს გავლილ გზაზე, სკოლა ბოდბეში დაამთავრეთ? 
საშუალო სკოლის 8 კლასი ბოდბეში დავამთავრე 1988 წელს. შემდეგ 1988-1991 წლებში კურსკის ოლქის ქალაქ რილსკის სამედიცინო სასწავლებელში ვსწავლობდი მედდის სპეციალობაზე  და წარმატებით დავამთავრე.

1991 წელს  სწავლა განვაგრძე პავლოვის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში. 1993 წელს  ჩამოვედი საქართველოში და 1998 წელს დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი „ვიტა“.

1999 წელს  მუშაობა დავიწყე ალადაშვილის სახელობის „ქართულ სამხედრო ჰოსპიტალში“.

2003 წელს  წავედი ერაყში სამშვიდობო მისიით. ვიმსახურე ქალაქ ბალადში და ბაღდადის ამერიკულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში.

საჭესთან – ეკა ნანდოშვილი

ერაყში ყოფნის დროს სიკვდილს ალბათ არაერთხელ ჩახედეთ თვალებში, როგორი განცდა იყო და რას იტყოდით იქაურ მაცხოვრებლებზე?
სიკვდილის არასდროს შემშინებია, ალბათ ჯერ არ დამდგარა ეს მომენტი და ამიტომ.
ჩემი საქმიანობა სწორედ ასეთი ადამიანების გვერდში დგომას ემსახურება, საკუთარი შვილებისგან შორს ყოფნაზე მხოლოდ ამიტომ დავთანხმდი. მძიმეა, როცა სხვის შვილებს უყურებ და ხედავ, როგორ პანტიპუნტად ქრებიან და იკარგებიან ისინი ძირს დაცვენილი სამკაულის მძივებივით…  საშინელი სანახავი იყო… ერთ წამს კი დამენანა, ჩემები რომ უდედოდ დარჩენილიყვნენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალას მაძლევდა ერაყელი ხალხის თავმოყვარეობა, ისინი ამერიკელების დახმარებაზე და წყლის მიწოდებაზეც კი უარს ამბობდნენ ომში. ემიგრაცია და განსაცდელი ყველაზე მეტად გაახლოებს ღმერთთან.

„მე ყველაფერს ვეტყვი თქვენზე ღმერთს, მე მას ყველაფერს მოვუყვები“,  – სამი წლის სირიელი ბიჭუნას სიტყვებს გავიხსენებ, რომელიც სიკვდილის წინ თქვა. ამ სიტყვებმა მსოფლიო შეძრა. იგი მძიმედ დაჭრილი მიიყვანეს საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ასეთი გზის გავლის მიუხედავად  ინგლისში ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყეთ ცხოვრება? 
ემიგრაცია ადამიანს ყველაზე ძლიერ პიროვნებად აყალიბებს. მართალია, პროფესიას ადამიანები ვირჩევთ, მაგრამ ექიმად ან იბადები, ან არა.

საქართველოში წარმატებული და ნიჭიერი ადამიანები არ უყვართ. 2004 წელს, როცა საქართველოში დავბრუნდი, ერთმა ადამიანმა მითხრა, ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარეთ გარბოდაო. დღემდე მახსოვს! რა ვქნა, რაცა ვარ, ესა ვარ… ეკა ნანდოშვილი, რომლის სახელსა და გვარს დღეს  National Health Service-ში მრავალჯერ მოისმენთ. სამწუხაროდ, არ მყავდა ისეთი ადამიანი, ვინც ხელს წამომაშველებდა, ცხოვრებაში ყველაფერს მარტომ მივაღწიე. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი და შვილების ცხოვრებაც გადავდე ჩემი პროფესიისთვის. სანამ დედა ცოცხალი მყავდა, გოგონებს მას ვუტოვებდი, დედამ გამიზარდა.

თქვენი ქალიშვილები ახლა თქვენთან ცხოვრობენ?
2010 წელს ნინო და ანაც ინგლისში ჩამოვიყვანე.

რას საქმიანობენ? 
ანა გელიაშვილი ხელოვანია, ხატვით არის დაინტერესებული. სწავლობს Univercity for the Creative Arts-ში.

ნინო გელიაშვილი Haige Woodwood Art Scully-ში სწავლობს. მას იურიდიული სფერო აინტერესებს და ძალიან უნდა, რომ წარმატებული იურისტი იყოს.

რა სირთულეებს უკავშირდება ბრიტანეთში ცხოვრება უცხოელისთვის და რამდენად ძნელია ლეგალური საბუთების მიღება? ამისთვის რა გზას უნდა მიმართოს ემიგრანტმა? 
მარტივი  ნამდვილად არ არის. ყველაზე კარგი გზაა სასწავლო ვიზის მოპოვება და კარიერული ზრდა განათლებით, რაშიც ეს ქვეყანა ძალიან გეხმარება და შრომა გიფასდება.

რას ურჩევდით ქართველ ახალგაზრდებს, მაგალითად, სტუდენტებს, რომელთაც ბრიტანეთში სურთ სწავლის გაგრძელება? 
როცა მიზნისკენ მიიწევთ, გზად ბევრი „ძაღლი“ და დაბრკოლება შეგხვდებათ, მაგრამ თქვენ თუ მათ „ყეფას“ შეფერხებად აქცევთ და  შეჩერდებით, მიზნამდე ვეღარ მიაღწევთ. ცხოვრებაში მზად უნდა იყო ყველაფერზე წასასვლელად. ჩემი მაგალითიდან გეტყვით: ბარშიც მიმუშავია და ბევრ სხვადასხვა პროფესიას ვითავსებდი ლონდონში სწავლის პარალელურად, მაგრამ ამის გამო უკან არ დამიხევია, პირიქით – სტიმულს მაძლევდა, რომ მეტად მომენდომებინა და გავმხდარიყავი ის, ვინც დღეს ვარ.

რომელ პროფესიაზეა ამჟამად ბრიტანეთში ყველაზე დიდი მოთხოვნა? 
ყველაზე დიდი მოთხოვნაა და კარგად ანაზღაურებადიც სამედიცინო სფეროში მედდის პოზიცია, ჟურნალისტიკა და საოფისე საქმიანობა…

თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით? 
ძალიან მინდა გარკვეული დროის მერე ჩემს ფესვებს დავუბრუნდე და ჩემი მშობლების გვერდით დავიკრძალო, მანამდე კი აქედან წასვლას არსად ვაპირებ.

რას ურჩევდით ქართველ ემიგრანტებს? 
საქართველო ნუ დარჩება უქართველოდ! ვისაც შესწევს იმის ძალა, რომ მშობლიურ ქვეყანაში პიროვნებად შედგეს და პროფესიონალად ჩამოყალიბდეს, მაქსიმალურად უნდა მოინდომოს, რათა წარმატებულ ქართველებს საქართველოდან შორს არ უწევდეთ სხვისი შვილების გაზრდა და ჭურჭლის რეცხვა.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

მსგავს თემაზე: ქართველი ექიმი დიდ ბრიტანეთში: „რაც თავი მახსოვს, ემიგრანტი ვარ“

ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმის წარმატებული კარიერული გზა და მთავარი ოცნება

ახალგაზრდა ქართველი კარდიოქირურგი ქალი, რომელმაც კარიერა გერმანიაში დაიწყო…

გიორგი ებრალიძე: „თუ კარგი შემოთავაზება იქნება, დავფიქრდები საქართველოში დაბრუნებაზე“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close