ხმელთაშუა ზღვაში, საერთაშორისო წყლებში, ტუნისის სანაპიროსთან ახლოს ნავი ჩაიძირა. შემთხვევას, სულ მცირე, 65 მიგრანტი ემსხვერპლა. ინფორმაციას გაეროს დევნილთა საქმეების სააგენტო UNHCR-ზე დაყრდნობით REUTERS-ი ავრცელებს. მიგრანტები ევროპაში გადასვლას ცდილობდნენ ლიბიიდან, სადაც 5 კვირის წინ სამოქალაქო ომი განახლდა და ბრძოლები მიმდინარეობს.
ტუნისის სახელმწიფო მედია კიდევ უფრო მეტ, 70 დაღუპულს ვარაუდობს. ეს ევროპამდე მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლით დასრულებული მცდელობაა 2019 წელს.
როგორც წინასწარი გამოძიებით გახდა ცნობილი, ნავი, რომელზეც სხვადასხვა ეროვნების აფრიკელი მიგრანტები იმყოფებოდნენ, 9 მაისს გავიდა ლიბიის პორტ ზუვარადან და იტალიის მიმართულებით მიცურავდა. ჩაძირული ნავის მგზავრების გადასარჩენად პირველები ტუნისელი მეთევზეები მივიდნენ, რომლებიც ახლომახლო იმყოფებოდნენ. მათ 16 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მოგვიანებით სამაშველო ოპერაციაში ჩართნენ ტუნისის სამხედრო-საზღვაო ძალები, რომლებმაც რამდენიმე გვამი იპოვეს და ძიებას აგრძელებენ.
გაეროს სააგენტოს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მონაცემებით, გასულ წელს ხმელთაშუა ზღვაში დაიღუპა ან უკვალოდ დაიკარგა 2297 მიგრანტი, ხოლო 116 959 ადამიანმა ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპამდე მიაღწია.
იმავე ორგანიზაციის ცნობით, 117 ადამიანი, რომელმაც რეზინის ნავით დატოვა ლიბია იანვარში, უკვალოდ დაიკარგა და მათი უმეტესობა დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
კომენტარები