„ჩვენი ეზო“ – რეზო ჩხეიძისთვის ყველაზე ძვირფასი ფილმი
„ჩვენ არ მოგიყვებით ამბავს თბილისისა, ამბავს მისი ლამაზი ბაღებისა, მისი უბნებისა… ბევრი ლამაზი ქუჩაა თბილისში, მაგრამ ვისაც კი არ უნდა ჰკითხოთ, ყველა სიამოვნებით მიგითითებთ ჩვენს ქუჩაზე და იცით, რატომ? იმიტომ, რომ მას ამშვენებს სახლი ნომერი 10…“
სწორად გამოიცანით – „ჩვენი ეზოს“ შესახებ გვინდა მოგითხროთ, უდიდესი რეჟისორის, რეზო ჩხეიძისთვის ყველაზე ძვირფას ფილმზე.
„ჩვენი ეზოს“ პირველი ჩვენება 1957 წლის 25 ივლისს გაიმართა და მას შემდეგ ამ საოცარი სითბოთი და სიყვარულით გამთბარ ფილმს ყველა თაობის მაყურებელი დიდი სიამოვნებით უყურებს. რეზო ჩხეიძემ მართლაც ეპოქის ფილმები („მაგდანას ლურჯა“, „ჩვენი ეზო“, „ღიმილის ბიჭები“, „ჯარისკაცის მამა“, „ნერგები“, „მაია წყნეთელი“, „მშობლიურო ჩემო მიწავ“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“…) შექმნა, რომელთა შორის „ჯარისკაცის მამა“ ქართული კინემატოგრაფიის ჭეშმარიტი შედევრია, მაგრამ ბატონი რეზო ამბობდა: „ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი ფილმი არის „ჯარისკაცის მამა“, ჩემთვის კი – „ჩვენი ეზო“.
გთავაზობთ მოგონებებს წიგნიდან „რეზო ჩხეიძე კინოს დიდ გზაზე“.
„ასე დავიწყებ. მოსკოვში ხშირად ჩავდიოდით, ხან კონფერენცია იყო, ხან სემინარები. ერთხელაც მოსკოვში ვარ და გიორგი მდივანი, როგორც ვეძახდით, ჟორჟიკა მდივანი შემხვდა. ჟორჟიკა ზესტაფონელი იყო, მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ он და она-ს ვერ არჩევდა. ასეთი რუსულით ელაპარაკებოდა პასტერნაკს, ტიხონოვს. შემხვდა ჟორჟიკა და მეუბნება: „იცი, შენე, მე სცენარი რომ დავწერე ახალი? მოდი, ახლა, საღამოს და წაგიკითხავ, შენ თუ გინდა!“ რას ვეტყოდი, ცნობილი სცენარისტია, აღიარებული. მომცა მისამართი და მივედი. საკმაოდ კარგ ადგილას, პუშკინის ძეგლთან ცხოვრობდა. ცოლი პოპულარული მსახიობი ჰყავდა, ტაისა სავა. სტვენდა ის ქალი, სცენაზე გამოდიოდა და კარმენის არიებს და ასეთ სერიოზულ მელოდიებს უსტვენდა. მივედი და წამიკითხა „ჩვენი ეზო“. ძალიან მომეწონა. მასაც გაუხარდა, რომ ახალგაზრდა რეჟისორი დგამს მის სცენარს.
მეორე დღეს მოვდივარ გორკის ქუჩაზე. ვიღაცამ დამარტყა მხარზე ხელი და: „რას გაშტერებულხარ, ბიჭო?“ – მოვიხედე და, რეზო თაბუკაშვილია. მაშინ ის კინოსტუდიის სასცენარო განყოფილების უფროსი იყო. ჟორჟიკა მდივნის სცენარზე ვფიქრობ-მეთქი. თვითონ წაგიკითხაო? ჰო, თვითონ წამიკითხა-მეთქი. „ეგ მოგატყუებდა, მაგან ისეთი წაკითხვა იცის, მოგაწონებს, მაგრამ მერე მარტო რომ დარჩები და წაიკითხავ, აღარაფერი დაგრჩება, ამიტომ ფრთხილად იყავი!“ – ჩამაგდო საგონებელში.
რეზო თაბუკაშვილი გამორჩეული ადამიანი იყო. ის დაგვეხმარა „მაგდანას“ დროს გიგოლაშვილთან ბრძოლაში. „ჯარისკაცის მამის“ დროსაც სულ გვერდით გვედგა. რეზოს და მედეა ჯაფარიძეს ერთად რომ შეხედავდი, ეს იყო სილამაზისა და სიცოცხლის ზეიმი…
მოკლედ, ჩამაგდო რეზომ საგონებელში, მაგრამ უარი ვერ ვთქვი. მე და ჟორჟიკა წამოვედით თბილისში მატარებლით, რომ გზაშიც გვემუშავა. თბილისშიც გავაგრძელეთ შეხვედრები და მუშაობა.
გიორგი მდივანი ძალიან მიღებული კაცი იყო, თანაც კოლორიტული. მან დაწერა სცენარი ფილმისა „ახალგაზრდობა იმარჯვებს“, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა, მთელმა საბჭოთა კავშირმა ნახა. სხვათა შორის, „ჩემი ბებიას“ და „დაკარგული სამოთხის“ სცენარის თანაავტორია.
ჩეხოსლოვაკიასთან, იუგოსლავიასთან ერთობლივი ფილმების სცენარებზე მუდამ ჟორჟიკა მუშაობდა. ორი ფილმი აქვს იტალიელებთან ერთად გადაღებული. კონჩინისთან ერთად დაწერა „რუსეთი იტალიელების თვალით“ და ძავატინისთან ერთად – „მზესუმზირები“, რომელიც დე სიკამ გადაიღო…
ირაკლი აბაშიძე მის თბილისში ჩამოსვლას „ჟორჟიკას დღეებს“ ეძახდა. ერთხელ წაგვიყვანა არაგვზე სათევზაოდ. მე თევზაობის არაფერი გამეგება, თუმცა ჩემს იმედად არ ყოფილან. წინასწარ გაგზავნილი ჰყავდა მეთევზეები და ისინი იჭერდნენ. ხომ იცით, ცოცხალი რატომ ჰქვია? მართლაც ცოცხალ თევზებს რომ ყრიან ცხელ წყალში. იმას სულ სხვა გემო აქვს. მე ახალგაზრდა ვიყავი და სანჩოსავით დავდევდი.
აქ რომ ჩამოდიოდა, სასტუმრო „თბილისში“ ჩერდებოდა და მუდამ ერთსა და იმავე აპარტამენტებს იღებდა. სასტუმროშიც „ჟორჟიკას ოთახს“ ეძახდნენ. ეს იყო საძინებელი და ერთი უზარმაზარი, მომრგვალებული დარბაზი, ალბათ ასი კაცი დაეტეოდა. თვითონ გვიან დგებოდა, მაგრამ დილიდანვე შემოდიოდნენ მთხოვნელები. ზოგი მოსაწყობი იყო, ზოგ მოსარჩენი, ზოგს რა უჭირდა, ზოგს რა…. მთელ ნათესაობას, დებს, დეიდაშვილებს პირადი ფონდიდან დაუნიშნა პენსიები. საღამოობით კი კარტის გახურებული თამაში მიდიოდა ფულზე. მე არ ვიცი კარტის თამაში და არასოდეს მიმიღია მონაწილეობა.
ჟორჟიკას მუდმივი პარტნიორი იყო კოლია პიპინაშვილი. ერთხელ მოვიდა ეს კოლია და დიდ პორტფელში ეწყო გამოსაცვლელი თეთრეული. თურმე ცოლი საყვედურობდა, ასე ხშირად რატომ დადიხარ ჟორჟიკასთანო. ამან მიზეზი მოძებნა: სასტუმროში ცხელი წყალი მოდის და იქ ვიბანავებო. დაჯდა, ღამის სამ საათამდე ითამაშა, მერე შევიდა აბაზანაში, თავი დაისველა, საცვლები გამოიცვალა და ასე წავიდა.
ჟორჟიკას „ვეფხისტყაოსნის“ გადაღების თემაზე მოლაპარაკებები ჰქონდა კარლო პონტისთან (იტალიელი კინოპროდიუსერი, სოფი ლორენის ქმარი – თ. ო.). ჩამოსულებიც იყვნენ, ნახეს საქართველო, მაგრამ დადგა მსახიობების საკითხი და მათ დააყენეს პირობა, მსოფლიო ვარსკვლავებმა უნდა ითამაშონო. ჩვენ ამაზე უარი ვთქვით. ჩაიშალა ჩანაფიქრი.
დავიწყეთ „ჩვენი ეზოს“ გადაღებები და მასალა რომ დაგროვდა, ჩამოვიდა გიორგი მდივანი და ნახა. რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ სცენარს ბევრგან გადავუხვიეთ, მაგრამ მოეწონა და კმაყოფილი დარჩა. გადამკოცნა, შემაქო და დამაიმედა. სურათს რუსულად რომ ვახმოვანებდი, სასტუმროში არ გამიშვა, მისივე სახლში, მეორე სართულზე ერთი ქალი აქირავებდა ბინას და იქ დამაბინავა, რომ არ მოვშორებოდი და მუდმივად საქმის კურსში ყოფილიყო, ვინ ახმოვანებდა, რა ხდებოდა.
როდესაც „ჩვენს ეზოს“ ვიწყებდი, მაშინ გავიცანი ოპერატორი გიორგი ჭელიძე. „ვგიკში“ (ВГИК – საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი მოსკოვში – თ. ო.) სწავლობდა, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო მესამე კურსიდან წამოვიდა და სტუდიაში ასისტენტად მუშაობდა. „ვგიკში“ მის სახელს ხშირად ახსენებდნენ, გული სწყდებოდათ, რომ სწავლა მიატოვა. სცენარი რომ მიიღეს, მივედი გიგოლაშვილთან და ვუთხარი, ჭელიძე მინდა ოპერატორად-მეთქი. ჯერ წინააღმდეგობა გამიწიეს, მაგრამ ჩემი გავიტანე. კარგად იმუშავა, შემდეგაც კარგი შავ-თეთრი ფილმები გადაიღო: „საბუდარელი ჭაბუკი“, „ხევსურული ბალადა“ და უკვე ფერადი „პირველი მერცხალი“.
მხატვრები ისევ კახი ხუციშვილი და გიგო გიგაური იყვნენ. მთელი სურათი იხატებოდა, კადრირება კეთდებოდა. ეს საშუალებას გვაძლევდა, თავიდან ბოლომდე ჩავწვდომოდით, რა გვინდოდა, ამა თუ იმ ეპიზოდს საერთო ჯაჭვში რა ამოცანა ექნებოდა.
…სოფიკო ჭიაურელზე მოხდა საოცარი ამბავი: დავდივარ, ვეძებ მსახიობებს და მთავარი გმირები არ მყავს. ლამის ტრაგიკულ მდგომარეობაში ვარ. ვფიქრობ, ვფიქრობ: ვინ? ვინ? ამ ფიქრით მივედი ერთ აზრამდე: ვერიკოს და მიშა ჭიაურელს ჰყავთ ქალიშვილი, როგორ შეიძლება, ის უნიჭო და უინტერესო ადამიანი იყოს?! მივაკითხე სახლში. მითხრეს, მოსკოვში „ვგიკში“ სწავლობს და იქ არისო. ჩავჯექი თვითმფრინავში და გადავფრინდი. თან წავიღე სცენარის ორი ეგზემპლარი. მივედი „ვგიკში“, მოვიკითხე სოფიკო. მითხრეს, ბიბლიოთეკაში ზისო. შევედი ბიბლიოთეკაში, გადავხედე, ვათვალიერებ. ერთზე შევჩერდი, ვიფიქრე, ნამდვილად ის იქნება-მეთქი. მივედი და ვეკითხები: „ქალბატონი სოფიკო თქვენ ბრძანდებით?“ – გაიცინა, „ქალბატონი“ სოფიკო მე ვარო. თვითონ მიცნო, ვინც ვიყავი.
ერთი შეხედვითვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეტყობოდა, რომ დაძაბული იყო და საოცრად მეტყველი თვალები ჰქონდა. მაშინვე ვუთხარი, სცენარი მაქვს წამოღებული და მინდა მთავარი როლი ითამაშოთ-მეთქი. ასე პირდაპირ მივაჯახე. გაწითლდა, აენთო ამ მოულოდნელი საჩუქრით, გადაიკისკისა. მერე მკითხა, კიდევ ვინ თამაშობსო? რომ გაიგო, ბიჭსაც ვეძებდი, გიორგი შენგელაია მირჩია. თურმე შეყვარებულები იყვნენ. ინსტიტუტშივე ვნახე გიორგი, გადავეცი სცენარი და ვუთხარი, თუ თანახმა იქნებით, სხვას აღარ მოვძებნი-მეთქი. დამთანხმდნენ, ჩამოვიდნენ თბილისში და დავიწყეთ გადაღებები. საოცრად ჰარმონიულად ვმუშაობდით. ორივე არაჩვეულებრივი იყო, ყველა აქებდა, უცებ გახდნენ პოპულარულები.
ციცინო იყო სოფიკო ჭიაურელის პირველი როლი და არა მარტო კარგად ითამაშა, მსახიობის არაჩვეულებრივად დიდი ენერგია გამოაჩინა. სოფიკო ნამდვილი ვარსკვლავი დადგა…“
***
„ჩვენს ეზოში“ ახტაჯანა ციცინოს სახასიათო როლი სოფიკო ჭიაურელის წარმატებული დებიუტი იყო კინოასპარეზზე. „ბედმა გამიღიმა, ყველა ფილმმა, სადაც კი ვითამაშე, უდიდესი წარმატება მომიტანა. პირველივე ფილმმა („ჩვენი ეზო“) ოქროს მედალი მომიტანა მოსკოვის პირველ საერთაშორისო კინოფესტივალზე. პირველი ტელეგრამა იყო რაჯ კაპურისგან, გამარჯვებას მილოცავდა მაშინ რაჯ კაპური, აუუუუ…. რის ლოურენს ოლივიე, რაჯ კაპური იყო ყველაფერი…“ – წერდა შემდგომში სოფიკო.
***
„გიორგი შენგელაიაც, გოჩა აბაშიძეც პროფესიონალები იყვნენ, ამიტომ დიდი მუშაობა არ მჭირდებოდა, – იხსენებს წიგნში რეზო ჩხეიძე. – გოჩა საოცარი ბიჭი იყო, ნიჭიერი, ლამაზი, დიდი მსახიობი დადგებოდა. გიორგიმ, როგორც რეჟისორმა, ემოციურად დაიწყო „ალავერდობით“. არადა, მოთხრობა რომ წავიკითხე, ვერ მივხვდი, იქიდან ფილმი როგორ უნდა გაკეთებულიყო, მას ხომ დრამატურგია არ აქვს. გიორგიმ შეძლო და ისეთი ძლიერი მუხტი დაიჭირა, რომ ფილმი ააგო. სხვაც შესანიშნავი სურათები აქვს – „ფიროსმანი“, „ვერის უბნის მელოდები“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, არადა, განსხვავებულ ჟანრსა და სტილისტიკაშია გადაღებული.
გადაღებაზე მუდამ მომზადებულ გავდივარ. რა თქმა უნდა, ბევრი ახალი იდეა მოედანზე იბადება, მაგრამ ეს ახალი იმის საფუძველზე იბადება, რითაც მომზადებული ხარ. სამი-ოთხი ნაბიჯით უნდა იყო კიბეზე ასული, რომ მეხუთე ნაბიჯი გადაღებაზე იპოვო. „ჩვენს ეზოში“ ბურთის წართმევის ეპიზოდი რომ არის, სცენარში ასე წერია: „ონ პასმატრელ ვ გლაზა, ი ანი პონიალი დრუგ დრუგა, ი ანი პალუბილი დრუგ დრუგა“. როცა მუშაობა დავიწყე, მივხვდი, რომ მარტო შეხედვა არაფერია, სხვა რამეა საჭირო, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა მომხდარიყო სიყვარულის დაბადება. ჰაერში რომ იჭერენ ბურთს და ძიძგილაობენ, ეს გადავიღე. ხელიდან რომ უვარდება ბურთი, გამოეკიდება, აგრძელებენ ბრძოლას და სიყვარული დაიბადება – ეს მიზანსცენები მერე გამოვიდა. კადრს რომ დააყენებ, მერე უამრავი ნიუანსი ჩნდება. მსახიობებსაც შეაქვთ თავიანთი წვლილი, ისეთ რამეს გააკეთებენ, რომ შენში ახალ ემოციას და იდეას იწვევენ.
სესილია თაყაიშვილზე მეუბნებოდნენ, არ მიეკარო, მძიმე ხასიათი აქვსო. მე კი ვნახე საოცრად მორჩილი ადამიანი, რასაც ეტყოდი, ბრწყინვალედ აკეთებდა. ჩემთვისაც დიდი სკოლა იყო სესილიასთან, კვანტალიანთან მუშაობა. მათ იცოდნენ, რომ კინოს რეჟისორი ქმნის და მან უკეთესად იცის, ამ ეპიზოდში რა უნდა. არადა, დიდი მსახიობები თეატრში რეჟისორებს სულს ართმევდნენ ხოლმე.
„ჩვენს ეზოშიც“ არის ნეორეალისტური გატაცებები. ის ესთეტიკური სისტემა დღესაც არსებობს და არც არასოდეს დაიკარგება“.
მოამზადა თამარ ოთიაშვილმა
კომენტარები