საზოგადოებასაქართველო

„სიბნელეში ჩემი წილი სინათლე ვიპოვნე და ამან გადამარჩინა“ – ერთი უსინათლოს ისტორია

მეტროს ვაგონში ხალხმრავლობაა. შავსათვალიანი ახალგაზრდა მამაკაცი კარისკენ მიიკვლევს გზას, როგორც ჩანს, შემდეგ გაჩერებაზე აპირებს ჩასვლას. დაძაბულია, ნელა მოძრაობს. ფეხზე მდგარ ქალს შემთხვევით მხარი გაჰკრა, საკმაოდ ძლიერად. „ბოდიშს გიხდით“, – წამსვე მოუბოდიშა. „რას აკეთებ?“ – ქალის ყვირილმა მიიპყრო მგზავრების ყურადღება. „მაპატიეთ, ქალბატონო, ცუდად ვხედავ“, – იყო პასუხი. „თუ ცუდად ხედავ, აქ რას დაეთრევი?!“

ერთწამიანი სიჩუმე საუკუნედ გაიწელა… მერე ვაგონის კარი გაიღო და შავსათვალიანი მამაკაცი უსიტყვოდ ჩავიდა…

***

ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის პირველ ნომერში ყავისფრად შეღებილი ჭიშკრის მიღმა მდგარი სახლის მესაკუთრეებს ახლომახლო ყველა იცნობს. იციან, რომ ამ სახლში წლების განმავლობაში უსინათლო და-ძმა ცხოვრობს მოხუც დედასთან ერთად, 7 წლის წინ კი ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა – მერაბმა ცოლი შეირთო. ისინი უკვე ერთი წელია პატარა გოგონას მშობლები არიან. ხშირად ხედავენ ხელჯოხით მოსიარულე უსინათლო კაცს ამ ქუჩაზე, თუმცა იშვიათად – ამ ქუჩის მიღმა.

ყავისფერ ჭიშკარს ვუახლოვდები და შორიახლოს მოსეირნე ხელჯოხიანი კაცი ექცევა ჩემი მხედველობის არეში. გაუბედავად ვესალმები. „რომელი ხარ?“ – მეკითხება, რადგან ხმით ვერ მიცნო. ვეუბნები ჩემს ვინაობას და კიდევ იმას, რომ რამდენიმე კითხვის დასმა მსურს, რადგან მისი ისტორია საინტერესოა ჩემთვის და მინდა მეტი გავიგო. უყოყმანოდ მთანხმდება. ხელჯოხით ძალიან ადვილად იგნებს გზას ყავისფერ ჭიშკრამდე, აღებს მას და საკუთარ სამყაროში მეპატიჟება.

მერაბ ჯიქია 59 წლისაა. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები დაბადებიდან აქვს. მაგიდასთან პირისპირ ვსხედვართ და იხსენებს დღეს, როდესაც გაიაზრა, რომ ისე ვერ ხედავდა, როგორც სხვები.

„ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარდა. შემეძლო გაუთავებლად მეთამაშა ძმაკაცებთან ერთად. ერთ დღესაც გვიან საღამომდე დავრჩით მოედანზე. ოდნავ დაბნელდა და ვგრძნობდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო – გარკვევით ვერაფერს ვხედავდი. არადა, სხვები თამაშს აგრძელებდნენ. მე შევწყვიტე და ვეცადე გამეაზრებინა, რა მოხდა. ჩემს თავს ვეკითხებოდი: „სხვები თამაშობენ, შენ ვეღარ. რა ხდება, მერაბ?“ – იმ წუთებში მივხვდი, რომ ისე აღარ იქნებოდა არაფერი, როგორც ადრე იყო. მაშინ ათი წლის ვიყავი. ეს დღე კი არა და არ მავიწყდება“.

თანდათან მხედველობა გაუუარესდა. როგორც თვითონ ამბობს, რთული იყო მოლოდინი იმისა, რომ ერთ დღეს სათვალითაც ვეღარ დაინახავდა. რასაკვირველია, სწავლის პროცესშიც ხელშემშლელი ფაქტორი იყო მხედველობის პრობლემა, თუმცა მერაბმა შეძლო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლა. სწავლის დამთავრების შემდეგ ინჟინერ-სინოპტიკოსად მუშაობდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

ჩემთან საუბრისას იგი კიდევ ერთ დღეს იხსენებს. ეს ამბავი 1996 წელს გადახდა თავს, თუმცა იმდენად დიდი ემოცია გამოიწვია მასში, რომ დღემდე დეტალურად ახსოვს:

„1996 წლისთვის უკვე ძალიან სუსტი მხედველობა მქონდა. ოჯახს ძალიან უჭირდა ამ ყველაფრისთვის თვალის გასწორება. ჩემი დაც უსინათლოა, ამიტომ ჩვენი ოჯახი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ პერიოდში ეკლესიაში სიარული დავიწყე. აქტიურ ცხოვრებას მიჩვეულს, მიჭირდა ოთხ კედელში ყოფნა. ადვილი შესაძლებელი იყო, ტრავმა მიმეღო, თუმცა მაინც გავდიოდი ქუჩაში. ერთ დღეს მეტროთი ვმგზავრობდი. ვაგონში შემთხვევით ერთ ქალს შევეჯახე. რას აკეთებო, მიყვირა. ვუთხარი, რომ ცუდად ვხედავდი. თუ ვერ ხედავ, რას დაეთრევიო, მომაძახა და გამეცალა. ეს სიტყვები ვერა და ვერ დავივიწყე. ბედნიერი ვიქნებოდი, ეს განწყობა იმ დროში დარჩენილიყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ მე და ჩემს ცოლს მსგავსი სიტყვები მოგვაძახეს ავტობუსში…“

მისი თქმით, საზოგადოებაში ცნობიერების კუთხით ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ, თუმცა ამ მხრივ პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. 19 წელია აბსოლუტურად უსინათლოა, ქუჩაში დამოუკიდებლად ვეღარ დადის, ვეღარც მუშაობას ახერხებს. ამბობს, რომ ძალიან ცუდია, როდესაც მუშაობის სურვილი გაქვს და არ შეგიძლია; არც არავინ ცდილობს მოგამზადოს და დაგასაქმოს. მერაბის თქმით, უსინათლოთა ნაწილი საკუთარ ნაჭუჭში დარჩენას ამჯობინებს, თითქოს არ ცდილობენ საზოგადოებასთან, გარემოსთან ადაპტაციას. მისი აზრით, ეს უდიდესი პრობლემაა.

„მთავარია ჩვენ თავად გავაცნობიეროთ, რომ შეგვიძლია და გვაქვს უფლება, სრულყოფილი ცხოვრებით ვიცხოვროთ“, – ამბობს იგი.

ოჯახი 7 წლის წინ შექმნა, 52 წლის ასაკში. მანამდე ცოლის შერთვაზე არ უფიქრია. „ერთხელ ჩხუბს შევესწარი, ამ დროს უკვე თითქმის ვეღარ ვხედავდი და ძალიან შემეშინდა – არა იმის, რომ იმ მომენტში ვინმე რამეს დამიშავებდა… შემეშინდა, რადგან საშინელი დაუცველობის განცდა გამიჩნდა. ოჯახს ვერ ვქმნიდი, მუდმივად ვფიქრობდი, ჩემს ცოლს რომ დასჭირდეს და, მე თვითონ დაუცველმა, ვერ დავიცვა, რა მოვიმოქმედო-მეთქი“.

მას შემდეგ, რაც პატარა გოგონა ჰყავთ, მთელი ოჯახის ცხოვრება უფრო ხალისიანი გახდა. „მის გვერდით გატარებულ ყოველ წამს ვგრძნობ, თუ როგორ ვუყვარვარ ღმერთს…“

დაახლოებით 21 წლის წინ ეკლესიაში დაიწყო ხშირად სიარული. როცა თვითონ ვეღარ ახერხებდა, მეგობრებს ან ნათესავებს დაჰყავდათ. მომავალი მეუღლეც ეკლესიაში გაიცნო. მალევე გადაწყვიტეს ცხოვრება ერთმანეთისთვის დაეკავშირებინათ.

დღეს მერაბი საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირად უსმენს რადიოს, აუდიოწიგნებსაც, აქვს უსინათლოთა საჭიროებებს მორგებული ტელეფონი და კომპიუტერი; შეუძლია სხვების დაუხმარებლად დაურეკოს ნათესავებს, მეგობრებს, იპოვნოს სასურველი ვიდეოები, აუდიოწიგნები, ტიფლოკომენტირების შემოღების შემდეგ ესწრება საფეხბურთო მატჩებს, სეირნობს, თამაშობს თავის პატარა გოგონასთან…

ჩვენი საუბრის დასასრულს ვეკითხები, თუ რა იყო ის, რამაც ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი გადაატანინა. „ღმერთის შეცნობა, – მპასუხობს და ცოტა ხნით ჩუმდება, – სიბნელეში ჩემი წილი სინათლე ვიპოვნე და ამან გადამარჩინა. ადამიანების უბედურება იმაშია, რომ ძალა არ შესწევთ, მადლიერები იყვნენ იმისთვის, რაც აქვთ, რაც მიენიჭათ. ცხოვრებამ მაჩვენა, რომ მატერია ვერ მოგიტანს ბედნიერებას. მადლიერება უნდა ვისწავლოთ“.

მადლობას ვუხდი საუბრისთვის და წასასვლელად ვემზადები. თეთრ ხელჯოხს იღებს და მაცილებს. ჭიშკრის გაღებისას მეუბნება: „ამ კარში ყოველი გასვლისას ვფიქრობ, ნეტა, არ შემხვდეს ვინმე ისეთი, ვინც მომაძახებს, ბრმა ხარ და რას დაეთრევიო“.

გული მტკივა და ვცდილობ, შესაფერისი სიტყვები ვიპოვო, მაგრამ არ გამომდის, თუმცა ვგრძნობ: მერაბი მხედავს, თვალებით ვერა, მაგრამ გულით ხედავს ჩემს ფიქრებს…

„თვალი ბრმაა, ადამიანი გულით უნდა ხედავდეს, მთავარი და არსებითი თვალისთვის შეუმჩნეველია“.

სამწუხაროა, რომ თვალხილული ბრმებიც არსებობენ…

ნინო წულაია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close