გამოსაშვები გამოცდები უქმდება, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი ზოგადი უნარები სავალდებულო საგნებს შორის აღარ იქნება
2020 წლიდან სკოლის მოსწავლეებს გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ – გამოსაშვები გამოცდები უქმდება. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ გამოცდების ახალი მოდელის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
სოფო გორგოძის თქმით, მიმდინარე წელს გამოსაშვებ გამოცდებს უკვე აღარ ჩააბარებენ მე-11 კლასის მოსწავლეები, 2020 წლიდან კი ამ ვალდებულებისგან მე-12 კლასელებიც გათავისუფლდებიან.
რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ზოგადი უნარების ჩაბარება ცენტრალიზებული წესით აღარ იქნება სავალდებულო, მისი დამატების უფლება თავად უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს.
2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ საგანში იქნება სავალდებულო: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე – ან ისტორია, ან მათემატიკა, იქიდან გამომდინარე, რომელ სპეციალობას აირჩევს აბიტურიენტი. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში – ისტორიას.
ზოგადი უნარების გარდა უმაღლესმა სასწავლებლებმა სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლებაც მიიღეს.
გამოცდების ახალი მოდელი განათლების რეფორმის ერთი მცირე ნაწილია. როგორც განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რეფორმის მიზანია განათლების ყველა საფეხურზე ცოდნის მიღება საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს.
წყარო: imedinews
კომენტარები