მსოფლიოიტალია

იტალიაში ჩვეულებრივ ავტომობილებზე ახალი გადასახადის შემოტანაზე მსჯელობენ – სალვინი წინააღმდეგია

იტალიის მმართველი პარტიები ვერ თანხმდებიან ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ელექტრომობილის შეძენისთვის ფინანსურ წახალისებას ისახავს მიზნად, იმავდროულად კი, ჩვეულებრივი ავტომობილების შეძენისთვის ახალი გადასახადის შემოტანას ითვალისწინებს, – ამის შესახებ იტალიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან.

„ლიგის“ ლიდერი, ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი, აგრეთვე, მისი პარტიის სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ კანონპროექტს იმ ნაწილში, სადაც მოცემულია ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადასვლის სტიმულირება, თუმცა სამართლიანად არ მიაჩნიათ ჩვეულებრივ ავტომობილებზე ახალი გადასახადის შემოტანა, – წერს სააგენტო Ansa.

„კანონპროექტის მიხედვით, საუბარია ზრდად გადასახადზე 150-იდან 3000 ევრომდე ისეთი ავტომობილის დარეგისტრირების შემთხვევაში, რომლის გამონაბოლქვი 110 გ/კმ-ზე მეტია. რატომ დავბეგროთ ამგვარი ავტომობილები, როდესაც ეს აქტივები უკვე იბეგრება ყველაზე მეტად?!“ – განაცხადა მატეო სალვინიმ „რადიო I“-თან საუბარში.

მისი თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა, განსაზღვრულია წამახალისებელი თანხა 6000-იდან 1500 ევრომდე ისეთი ავტომობილების რეგისტრაციისთვის, რომელთა მიერ გამოყოფილი CO2  0-იდან 90 გ/კმ-ია. სალვინი აცხადებს, რომ მზადაა სენატში განხილვისას კანონპროექტში ცვლილებები შეიტანოს.

თავის მხრივ, კანონპროექტის ინიციატორი და ავტორი, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერი, ვიცე-პრემიერი ლუიჯი დი მაიო აცხადებს, რომ სენატში კენჭისყრამდე გაიმართება კონსულტაციები როგორც ექსპერტებთან, ისე მომხმარებელთა ასოციაციასთან. ვიცე-პრემიერის თქმით, პარტიაში შეეცდებიან იპოვონ საშუალება, რათა  „ერთდროულად დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი შვილები გარემოს დაბინძურებისგან“ და „მოქალაქეებს დამატებითი ხარჯები არ ავკიდოთ “.

ექსპერტები და სპეციალისტები ინიციატივას, ზოგადად, უარყოფითად შეხვდნენ. „პანდას“ გადასახადიღა გვაკლდა (საუბარია Fiat Panda-ს მოდელზე  – რედ.)“, – ირონიულად შენიშნავს Il Giornale-ს მიმომხილველი. დი მაიო კი აცხადებს, რომ ახალი მოსაკრებელი არცერთ შემთხვევაში არ შეეხება არც მცირელიტრაჟიან ავტომობილებს და არც იმ ავტომობილებს, „რომლებიც უკვე მოძრაობენ ჩვენს გზებზე“.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close