თბილისელ ქუჩის მუსიკოსს, რომლის ბედმაც ქართული ემიგრაციაც აატირა, დღეს ჭიათურაში დაკრძალავენ
ამბავი, რომელმაც მთელ თბილისს გული დასწყვიტა, ჯერ საქართველოს მოედო, შემდეგ კი ქართულ ემიგრაციასაც გადასწვდა. გარდაიცვალა ქუჩის მუსიკოსი სამირ სავჩუკი.
უფრო ხშირად მას ზაზას ეძახდნენ. უკრავდა და მღეროდა თბილისის მეტროსადგურებსა და მიწისქვეშა გასასვლელებში. მღეროდა ტკბილად, გულწრფელად, გულშიჩამწვდომად, ქართულად. იგი ნახევრად ბოშა იყო და ბოშები, როგორც ცნობილია, სიმღერაში სრულიად განსაკუთრებულ გრძნობებს აქსოვენ. სიმღერა მისი პროფესია იყო და ამით ირჩენდა თავს. ზაზას ყველა იცნობდა და ყველას უყვარდა, ვისაც თბილისის ქუჩებში ფეხით გავლა უწევდა. ბევრმა ისიც იცოდა, რომ მარტოხელა ქუჩის მუსიკოსს მძიმე ბავშვობა ჰქონდა და მისი გულშემატკივარი ხშირად მხოლოდ უცნობი მსმენელი იყო.
სამირ სავჩუკის ისტორია ტრაგიკულია: 4 წლის ბიჭუნა დედამ მიატოვა – კიევში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, მერვე სართულზე დატოვა და წავიდა. პატარა ბიჭი ბავშვთა სახლში აღმოჩნდა, საიდანაც საქართველოში ჭიათურელმა ცოლ-ქმარმა წამოიყვანა. მისი დედობილი რუსი, მამობილი კი უკრაინელი იყო, თუმცა არც მათთან ჰქონია ბედნიერი ცხოვრება – როგორც თავად ჰყვებოდა გია ჯაჯანიძის „სხვა რაკურსში“, ის მათთვის არა შვილი, არამედ „მონა იყო“.
15 წლის სამირი თბილისში გადავიდა დედობილთან ერთად საცხოვრებლად, მამობილმა კი ოჯახი მიატოვა. მოგვიანებით ბიჭმა მარტო დაიწყო ცხოვრება და თბილისის სხვადასხვა უბანში ქირაობდა ბინას. რამდენიმე წლის წინ სამირი ერთ-ერთ მეტროსადგურში გამვლელებმა სასტიკად სცემეს. იგი რამდენიმე ხანს საავადმყოფოში იწვა, მძიმე დაზიანებების შედეგად ქუჩის მუსიკოსს სუნთქვის პრობლემა შეექმნა. ამ შემთხვევიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 27 ნოემბერს დილით სამირი მეზობელმა ნახა გარდაცვლილი საწოლში. ექიმების დასკვნით, იგი გულის შეტევამ იმსხვერპლა.
სამირ სავჩუკის გარდაცვალების შესახებ ემიგრანტებმა პირველად ფეისბუქგვერდის – „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ მეშვეობით შეიტყვეს. ბევრმა გულთან ახლოს მიიტანა ახალგაზრდა მუსიკოსის ტრაგედია და გადაწყვიტეს, ღირსეულად გაეცილებინათ ბოლო გზაზე ადამიანი, რომელიც მარტოობაში გარდაიცვალა და ჭირისუფალიც არავინ ჰყავდა.
„შოთო, ჩვენ დავკრძალოთ ქუჩის მუსიკოსი. დედი, მთელი ღამე ვტიროდი, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, არც ჭირისუფალი ყოლია და არც დამმარხავი საცოდავს, ემიგრანტი დედები საბერძნეთიდან გთხოვთ, რომ შენ უხელმძღვანელო და მიაბარო მიწას ეს სათნო და კეთილი ადამიანი და თან პირდაპირ ეთერში გვაჩვენო და დავიტიროთ ალალი ცრემლით. ალბათ სხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტი დედებიც შემოგვიერთდებიან. რატომ აქამდე არ გაგვაგებინე ეს ამბავი, თუ ასე ცუდად იყო“, – წერდა ერთ-ერთი მიგრანტი საბერძნეთიდან.
სულისშემძვრელი იყო ამერიკიდან მოწერილი ნინო წკიპაშვილის წერილი: „მიცვალებულს მე ვიშვილებ, შოთო, ჩემი ემიგრანტი გარდაცვლილი შვილის, ბექა ზარდიაშვილის გვერდით დავკრძალავ და დედინაცვალი არა, დედა ვიქნები. ახლა ჩემი ჩამოსვლა მაქ არ შეიძლება. რომ ჩამოვალ, ორივეს მოვუვლი, ზეცაში ერთად იქნებიან, გთხოვ, შვილო, დამეხმარე. 21 წლის გახდა 16 ივნისს და 19 ივნისს მომიკლეს 2012 წელს ამერიკაში“.
შოთო სიხარულიძის ორგანიზებით, ემიგრანტებმა თანხაც შეაგროვეს და მზად იყვნენ, საორგანიზაციო საკითხებიც მოეგვარებინათ, რათა ქუჩის მუსიკოსი, ანდერძის თანახმად, თბილისში ღირსეულად დაეკრძალათ. თბილისის მერიაც მზად იყო, საჭირო ხარჯები გაეღო, მაგრამ ამის მიუხედავად გადაწყვეტილება მაინც სამირის ნათესავებმა მიიღეს და ცხედარი ჭიათურაში გადაასვენეს. ამ ფაქტს შოთო სიხარულიძე ასე გამოეხმაურა:
„როგორც ირკვევა, მამინაცვალი არის ინვალიდი (ფეხი არ აქვს) და ყველაფერს გარშემო ნათესავები აგვარებენ. ამბობენ, რომ მათი ნათესავია სამირი და მაგათი მოვალეობა არის, თვითონ დაკრძალონ. ასევე ამბობენ, რომ ყველას შეუძლია ღიად მისვლა გასვენებაზე. მათი ნება არის, რომ თვითონ დაკრძალონ სამირი და, სამწუხაროდ, სამართლებლივად სხვანაირად ვერაფერი მოხერხდება გადმოსვენების ამბავში. როგორც არ უნდა გვინდოდეს, რომ მისი ბოლო თხოვნა ავასრულოთ, თუკი არ არის მათი „ოჯახის“ ნება, ჩვენ სხვანაირად ვერ ჩავერთვებით, გარდა იმისა, რომ პატივი მივაგოთ. მე გადაწყვეტილი მაქვს, ნათესავები გავაგზავნო გასვენებაში ხვალ და მაინც პატივი მივაგო ამ კეთილი ადამიანის ხსოვნას ყვავილებით. ამ ფორმით გამოვხატავ გულისტკივილს და ადამიანურად მორალურ ვალს მოვიხდი საკუთარ თავთან. ნათელში იყოს მისი კეთილი სული. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ცივილიზებულ ფორმაში მოვიხადოთ მორალური ვალი, იმის ფარგლებში, რასაც მძიმე რეალობა გვაძლევს“, – წერს შოთო სიხარულიძე.
სამირს დღეს ჭიათურაში დაკრძალავენ. ნატანჯი კეთილი ქუჩის მომღერალი ძალიან დააკლდა თბილისს…
ნინო ხოშტარია
კომენტარები