მსოფლიო

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – ფაქტები და ციფრები

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა 2018 წლის 24 აგვისტოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გერმანიაში „საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის სამუშაო კვოტები შეიქმნება, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს“. კანცლერმა დააზუსტა, რომ კვოტები გარკვეული სპეციალობებისთვის შეიქმნება, რომელთა დეფიციტიც გერმანულ ბაზარზეა.

გერმანიის მიგრაციული პოლიტიკის შესახებ ცნობილია – კვლევების თანახმად, ამ ქვეყანას არცთუ შორეულ მომავალში სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი შეექმნება, თუ  მიგრაციას და მიგრანტების გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრაციას არ შეუწყო ხელი. მკითხველისთვის საინტერესო იქნება ქვემოთ მოყვანილი ინფორმაციის გაცნობა გერმანიაზე, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მხარდამჭერი და პარტნიორი ქვეყანაა, რასაც კანცლერის ცოტა ხნის წინანდელი ვიზიტიც ადასტურებს.

გერმანია მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1945 წელს 4 საოკუპაციო ზონად გაყვეს. 1949 წელს ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული ზონებისგან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა შეიქმნა, საბჭოთა ზონისაგან – გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1961 წელს აღიმართა ბერლინის კედელი, რომელიც, „მშვიდობიანი რევოლუციის“ სახელით ცნობილი გდრ-ის მოქალაქეთა მოძრაობის შედეგად, 1989 წელს დაინგრა და ეროვნული საზღვრები გაიხსნა, ოფიციალურად კი გერმანიის გაერთიანება 1990 წლის 3 ოქტომბერს გამოცხადდა. გაერთიანებული გერმანიის პირველ კანცლერად ჰელმუტ კოლი აირჩიეს.

გერმანია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად 16 თანაბარუფლებიან სუბიექტად – ფედერალურ მიწად (Bundesland) იყოფა, მათგან 5 აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე შეიქმნა, 11 – დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე.

გერმანიის ფედერალური მიწები (ფრჩხილებში მოცემულია დედაქალაქები):

ბადენ-ვიურტემბერგი (შტუტგარტი), ბავარია (მიუნხენი), ბერლინი (ბერლინი), ბრანდენბურგი (პოტსდამი), ბრემენი (ბრემენი), თიურინგია (ერფურტი), მეკლენბურგ-წინა პომერანია (შვერინი), რაინლანდ-პფალცი (მაინცი), ზაარლანდი (ზაარბრიუკენი), საქსონია (დრეზდენი), საქსონია-ანჰალტი (მაგდებურგი), შლეზვიგ-ჰოლშტაინი (კილი), ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია (დიუსელდორფი), ქვემო საქსონია (ჰანოვერი), ჰამბურგი (ჰამბურგი), ჰესენი (ვისბადენი).

ფედერალური მიწების უფლებამოსილებები 1949 წელს მიღებული კონსტიტუციით გამყარდა. გერმანიის გაერთიანების შემდეგ, 1990 წელს 5 ახალი მიწა შეიქმნა: ბრანდენბურგი, მაკლენბურგ-წინა პომერანია, საქსონია, საქსონია-ანჰალტი და თიურინგია. ყველაზე დასახლებული მიწაა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია 17,6 მლნ მცხოვრებით, 70 550 კვ. კმ-ზე განფენილი ბავარია კი ფართობით ყველაზე დიდია გერმანიაში. დედაქალაქ ბერლინში ყველაზე მაღალია მოსახლეობის სიმჭიდროვე: 3838 მცხოვრები ერთ კვ. კმ-ზე.

გერმანიის განსაკუთრებულობაა, რომ ამ ქვეყანაში სამი ქალაქი-სახელმწიფოა – ბერლინი, ბრემენი და ჰამბურგი. ყველაზე პატარა მიწის – ბრემენის ფართობი 419 კვ. კმ-ია და 657 000 მცხოვრებს მოითვლის. ბადენ-ვიურტემბერგი ევროპის რეგიონთა შორის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია. ზაარი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნახევრად სუვერენული სახელმწიფო იყო საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ და მხოლოდ 1957 წლის პირველ იანვარს შევიდა გერმანიის შემადგენლობაში, როგორც მე-10 ფედერალური მიწა.

გერმანიაში 82.67 მილიონი ადამიანი ცხოვრობს (2016 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემი). მოსახლეობის 79% გერმანელია, 11% – სხვა ევროპელები არიან, 3,5% – თურქები და სხვ. (2015 წლის მონაცემები).
ქვეყანაში 5 მილიონი უცხოელი მუშაა, მათგან 1,6 მილიონი თურქია, დანარჩენი – იუგოსლაველები, იტალიელები, ბერძნები.

მოსახლეობის რაოდენობით გერმანია პირველ ადგილზეა ევროკავშირში (მეორეზე – ევროპაში). ბუნებრივი ნამატი დაბალია, მნიშვნელოვანია გარე მიგრაციის როლი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აქ 7,2 მლნ-მდე უცხოელი ცხოვრობს. გერმანიაში სიმჭიდროვე და ურბანიზაციის დონე ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში, მოსახლეობის თითქმის 75% პროცენტამდე ქალაქების მკვიდრია. რურშტადტი (რურის რეგიონი) მაღალურბანიზებული რეგიონია 10-11 მლნ მცხოვრებით.

გერმანიის დიდი ქალაქები მაღალ პოზიციებს იკავებენ ცხოვრების ხარისხის შეფასების რეიტინგებში. სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უნდა ქალაქში ცხოვრება, რაც დასაქირავებელი საცხოვრებელი ფართის და უძრავი ქონების ფასზე ახდენს გავლენას. გერმანიის ქალაქთა უმეტესობაში კარგი სამუშაოს პოვნა ადვილია, არის სუფთა გარემო, დანაშაულის დაბალი დონე, დასვენების ადგილების სიმრავლე და თავისუფალი დროის კულტურულად გატარების მრავალფეროვანი შესაძლებლობები, დაბოლოს, განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

ამერიკული კონსალტინგური ფირმის – Mercer-ის კვლევის თანახმად, რომელშიც მოცემულია ცხოვრების ხარისხის შეფასება 230 დიდ ქალაქში, 7 გერმანული ქალაქი ტოპ-30-ში (2015 წლის მდგომარეობით) მოხვდა, მათგან 3 – ათეულშიც კი (მიუნხენი მე-4 იყო, დიუსელდორფი – მე-6, მაინის ფრანკფურტი – მე-7; შემდეგ მოდის ბერლინი – მე-14, ჰამბურგი – მე-16 და შტუტგარტი – 21-ე).

დიუსელდორფი

გერმანიაში 76-ზე მეტი დიდი ქალაქია (100 000-ზე მეტი მცხოვრებით) და 600 საშუალო სიდიდის ქალაქი (20 ათასიდან 99 999 მცხოვრებამდე).

სოციალური დაცვის სისტემა

გერმანიის სოციალური დაცვის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართომასშტაბიანია. სოციალური ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხა მთლიანი შიდა პროდუქტის 25-30%-ია.

გერმანიის სახელმწიფო სოციალური სისტემები საყოველთაო კეთილდღეობისთვის XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს სათავეს – რაიხსკანცლერ ოტო ფონ ბისმარკის მმართველობის დროიდან, როცა გერმანიაში ინდუსტრიალიზაცია მიმდინარეობდა. ბისმარკის პერიოდში, 1883 წელს თავდაპირველად მუშათა სამედიცინო დაზღვევა შემოიღეს, როგორც აუცილებელი პირობა. მომდევნო წლებში სოციალური კანონმდებლობა შეიქმნა და სოციალურ სახელმწიფოს ჩაეყარა საფუძველი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითად კანონში გაწერილია სოციალური სახელმწიფოს პრინციპი (მუხლი 20, პარაგრაფი 1 და მუხლი 28).

გერმანია მსოფლიოსთვის გახსნილი, სტაბილური დემოკრატიული ქვეყანაა არც თუ მარტივი ისტორიით.

გერმანიის მცხოვრებთა 20,3 პროცენტს (16,4 მლნ ადამიანი) მიგრაციული წარსული აქვს, აქედან 9,2 მლნ გერმანიის მოქალაქეა, 7,2 მლნ კი – უცხოელი. უდიდეს ეთნიკურ უმცირესობას გერმანიაში ქმნიან თურქები (3,5 მლნ, რომელთაგან 1,3 მლნ გერმანიის მოქალაქეა). გერმანიაში პირველი თაობის ბევრი თურქი იმიგრანტი 1961 წელს სამუშაო ძალის შესახებ თურქეთთან დადებული შეთანხმების საფუძველზე ჩავიდა. მეორე დიდ ჯგუფს შეადგენენ ყოფილი იუგოსლავიის მცხოვრებნი. მიგრაციული წარსულის მქონე ადამიანთა 56%-ს დღეს გერმანული პასპორტი აქვს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ემიგრირებული ეთნიკური გერმანელები მიგრანტთა ყველაზე დიდ ჯგუფს შეადგენენ (4,5 მლნ-მდე).

მიგრანტებს თავიანთი წვლილი შეაქვთ გერმანიის საზოგადოებრივ და ეკონომიკურ განვითარებაში. ფედერალური მთავრობა აპირებს შემდგომშიც ხელი შეუწყოს იმიგრაციას, მათ შორის, სპეციალისტთა უკმარისობის გამო, რომელიც დემოგრაფიული ცვლილებებიდან გამომდინარეობს. 1990 წლიდან შობადობა დაბალ მაჩვენებელზე შეჩერდა: საშუალოდ, 1,4 ბავშვი ერთ ქალზე; 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა, სავარაუდოდ, დაახლოებით 7 მლნ-ით შემცირდება. ხანდაზმული ადამიანების წილი მუდმივად იზრდება, რაც სოციალური დაზღვევის სისტემებს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ბერტელსმანის ფონდის კვლევის თანახმად, 2050 წლისთვის შრომისუნარიანი ასაკის გერმანელთა რაოდენობა ამჟამინდელი 45 მლნ-ის ნაცვლად 29 მლნ იქნება. თუ იმიგრაცია არ გაგრძელდა, გაიზრდება დაწოლა სოციალურ დაზღვევაზე, უპირველეს ყოვლისა კი, საპენსიო სისტემაზე, რომელიც „თაობათა შეთანხმებას“ ეფუძნება: ეს „შეთანხმება“ გულისხმობს, რომ ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეები თავიანთი შენატანებით ანაზღაურებენ მათ პენსიას, ვინც ასაკის გამო აღარ მუშაობს, იმ მოლოდინით, რომ მომავალი თაობა უკვე მათ საპენსიო ანაზღაურებას უზრუნველყოფს.

იმიგრანტთა შორის უმაღლესი განათლების მქონე ადამიანთა წილი აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს თავად გერმანელთა შორის. ევროკავშირის „ცისფერი ბარათის“ შემოღებამ არაევროპული ქვეყნების მკვიდრი კვალიფიცირებული სპეციალისტებისთვის გერმანიის შრომის ბაზარი უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გახადა. მიგრაციის მოსაწესრიგებლად კანონები მუშავდება.

ინტეგრაცია – მიგრაციული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანა

მოქალაქეობის შესახებ კანონის რეფორმის შედეგად, რომელიც 2014 წელს გატარდა, გერმანია ორმაგ მოქალაქეობას უშვებს. უცხოელი მშობლების შვილებისთვის, რომლებიც გერმანიაში 1990 წლის შემდეგ დაიბადნენ, გაუქმდა „არჩევანის აუცილებლობა“: ადრე ისინი ვალდებულნი იყვნენ მოქალაქეობის შესახებ გადაწყვეტილება 23 წლის ასაკის მიღწევამდე მიეღოთ.

მიგრანტები სულ უფრო უკეთ ინტეგრირდებიან გერმანულ საზოგადოებაში. 2007 წლიდან მიგრანტების დასაქმების კვოტა 5%-ით გაიზარდა, რაც OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ უცხოური წარმოშობის ახალგაზრდებმა გერმანული სათანადოდ არ იციან. 20-29 წლის ასაკის 30%-ზე მეტ უცხოელს არ აქვს პროფესიული განათლება. მათი განათლების დონის ამაღლება ფედერალური მთავრობის მნიშვნელოვან ამოცანად რჩება.

მიგრაციული და ინტეგრაციის პოლიტიკის კიდევ ერთი განსაკუთრებული ამოცანაა დევნილების დაცვა. ძირითადი კანონი პოლიტიკური მოტივით დევნილ პირებს თავშესაფრის მიღების უფლებით უზრუნველყოფს. გერმანია ამაში ხედავს თავის ისტორიულ და ჰუმანიტარულ პასუხისმგებლობას. თუ 2004 წელს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით სახელმწიფოს 50 ათასმა ადამიანმა მიმართა, 2014 წელს მათმა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა; სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან დევნილთა უწყვეტი ნაკადის გამო 2015 წელს 800 ათასიდან მილიონამდე თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადს ელოდნენ. მართალია, 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით არალეგალური მიგრანტების რაოდენობა 96%-ით შემცირდა (ევროსაბჭოს მონაცემებით), მაგრამ პრობლემა მაინც აქტუალურია.

გერმანია გამოწვევას იღებს და დევნილების საკითხის სოლიდარული ევროპული გადაწყვეტის მხარდამჭერად გამოდის. სწორედ გერმანიაა ის ქვეყანა, რომელიც ლობირებს ევროკავშირში მიგრანტების განაწილებას ქვეყნებს შორის, რომ მთავარი ტვირთი იტალიას და საბერძნეთს არ დააწვეს (სადაც ყველაზე მეტი დევნილი ხვდება ზღვით, აფრიკის ქვეყნებიდან) და ევროკავშირის დანარჩენმა სახელმწიფოებმაც მათთან ერთად გაინაწილონ დევნილების მიღების პასუხისმგებლობა. კანცლერ ანგელა მერკელის დიდი მცდელობით, ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელის სამიტზე (28-29 ივნისი, 2018) ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირის ქვეყნების მიერ მიგრანტების მიღებისა და განაწილების საკითხთან დაკავშირებით.

კომპრომისის ფარგლებში, მიგრანტების ახალი დაცული ცენტრები ევროკავშირის ქვეყნებში ნებაყოფლობით საფუძველზე უნდა შეიქმნას. მიგრანტებს, რომელთა განაცხადი უარყოფილი იქნება, ევროკავშირის ტერიტორიას დაატოვებინებენ. თუმცა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ აუცილებელია კიდევ უზარმაზარი სამუშაოს ჩატარება, რათა საბოლოოდ გადაილახოს ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოება ამ საკითხთან დაკავშირებით.

ცხოვრების ახალი ფორმები და ახალი რეალობა გერმანიის მცხოვრებთა ყოველდღიურ ყოფას ცვლის. იმიგრანტები ქვეყანას ახალი ხედვებით და გამოცდილებით ამდიდრებენ, საზოგადოება გახსნილია ცხოვრების ალტერნატიული მოდელებისა და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისთვის; ქალები მეტ უფლებებს იღებენ, როლების ტრადიციული განაწილება იცვლება; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები სულ უფრო აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მოამზადა ნიკო აბაშიშვილმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close