ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

თეა გაგუა: „ერთი წლით წამოვედი, თუმცა დღემდე ემიგრაციაში ვარ და ცხოვრებაში დაკარგული ადამიანივით ვცხოვრობ“

ჟურნალისტი თეა გაგუა უკვე მე-14 წელია ემიგრანტია – საბერძნეთში, ათენში ცხოვრობს და ოჯახში მუშაობს ბავშვების აღმზრდელად. „ერთი წლით ჩამოვედი, ისევე როგორც თითქმის ყოველი მეორე; არცერთი წუთი ფიქრადაც არ გამივლია, რომ აქ დიდხანს მომიწევდა ცხოვრება… დღემდე მაინც აქ ვარ და თითქოს ცხოვრებაში დაკარგული ადამიანივით ვცხოვრობ, თუმცა კიდევ კარგი, რომ ცხოვრებადაკარგული – არა.

სრულიად მარტომ გავიარე ემიგრაციის ურთულესი წლები, დასაწყისიდან დღემდე“, – ამბობს თეა. იგი ემიგრაციაშიც არ ღალატობს პროფესიას და წერს წიგნს „ცხოვრებაში დაკარგულ“ და „ცხოვრებადაკარგულ“ ადამიანებზე, თუმცა ამაზე ქვემოთ…

თეა, ჟურნალისტობა ალბათ თქვენი ბავშვობის ოცნება იყო, სად სწავლობდით?

რომ გითხრათ, ჟურნალისტობა ჩემი მოწოდება იყო-მეთქი, მოგატყუებთ. შეკითხვების დასმა და ცნობისმოყვარეობა ბავშვობიდან მახასიათებდა, მაგრამ მაინც უფრო ჩემი დედამთილის სურვილი იყო, რომ ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა. თვითონ პირველ არხზე მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება ჰქონდა და მეც მირჩია იმის იმედად, რომ სამსახურიც გარანტირებული მექნებოდა. და აი, ასე მოვხვდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე… მყავდა არაჩვეულებრივი დეკანი, ბატონი ნოდარ ტაბიძე, რომლის წყალობითაც შევიცანი და დავეუფლე ამ პროფესიას. იმ მძიმე დროს, სამოქალაქო ომგამოვლილ ქალაქში, სიცივესა და უარაფრობაში ბატონი ნოდარი უთბილეს ლექციებს გვიტარებდა.

როგორც ჩანს, ძალიან ადრე გათხოვდით…

15 წლის ვიყავი, როდესაც თოჯინის საყიდლად წავყევი ჩემს მომავალ მეუღლეს და „ტაქსი“ სინამდვილეში მომტაცებლის მანქანა აღმოჩნდა: ფუმფულა თოჯინის ნაცვლად მივიღე ღვთის საჩუქარი „თოჯინა“, სახელად ნინი.

ანუ არ იცნობდით, ისე მოგიტაცათ?

ჩემი უბნელი იყო, სულ რამდენიმეჯერ მყავდა ნანახი. ახლა გაცილებულები ვართ, მაგრამ სანამ საბერძნეთში წამოვიდოდი, ჩემს დედამთილთან ერთად ვცხოვრობდი, იმდენად თბილი ურთიერთობა გვქონდა…

 ნინი რამდენი წლისაა და რას აკეთებს ახლა?

25 წლისაა, წელს დაამთავრა დრამის ფაკულტეტი, მსახიობია.

 თქვენ რა სფერო გაინტერესებდათ?

ბავშვობიდან მასწავლებლობაზე ვფიქრობდი, მე-7 სამუსიკო გიმნაზიაც ამიტომ დავამთავრე. ამიტომაცაა ალბათ, რომ დღემდე ბავშვებთან ვმუშაობ, ვასწავლი და თავადაც თავიდან ვსწავლობ ცხოვრებას.

როგორც მივხვდი, ახლა ბავშვების აღმზრდელად მუშაობთ…

დიახ, ბავშვების აღმზრდელად ვმუშაობ ოჯახში, ათენში. ბავშვებს ნორმალური ცხოვრება დავაწყებინე, ტყუპები, გოგო და ბიჭი, 4 წლის ხდებოდნენ, პამპერს რომ გადავაჩვიე… რძეს ბოთლიდან სვამდნენ და ჭიქით შევუცვალე. ისეთი განებივრებულები იყვნენ, ხან უნიტაზზე ჭამდნენ საჭმელს და ხან სად და ხან სად… ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის სიამოვნებაა, მათგან სისუფთავის აურა მოდის, ესოდენ საჭირო – მით უმეტეს, აქ, ათენში.

გარდა ამისა, „ქართულ სიტყვაში“ ვწერდი – ჯანსუღ ჩარკვიანის გაზეთში, აქაურ ცნობილ ქართველ მოღვაწეებს ვაცნობდი ქართველებს. ეს ის დრო იყო, როდესაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მომინდებოდა ხოლმე წერა, ან მელანქოლია შემომაწვებოდა.

საერთოდ, როგორ მოხვდით საბერძნეთში?

თავიდან ლონდონში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ბრიტანეთის საკონსულომ ვიზაზე უარი მითხრა და ამის შემდეგ გადავწყვიტე საბერძნეთში წავსულიყავი. ბანალურად გამომივა, იმდენი თქმულა და დაწერილა ემიგრანტთათვის ენის ბარიერის პრობლემაზე, თუმცა მე ეს პრობლემა არც მქონია, რადგან თავიდან ქართულ-ბერძნულ ტურისტულ კომპანიაში ვმუშაობდი და ბერძნულის ცოდნა დიდად არც მჭირდებოდა. შემდგომ, როდესაც ბავშვებთან დავიწყე მუშაობა, ადვილად ავითვისე ბერძნული. ზოგადად, ადამიანზეა დამოკიდებული, თუ რა კუთხით და როგორი მონდომებით მიუდგება ენის სწავლას.

ერთი წლით ჩამოვედი, ისევე როგორც თითქმის ყოველი მეორე; არცერთი წუთი ფიქრადაც არ გამივლია, რომ აქ დიდხანს მომიწევდა ცხოვრება და მინდა ვთქვა, რომ ეს შეცდომა გამოდგა, რადგან დღემდე მაინც აქ ვარ და თითქოს ცხოვრებაში დაკარგული ადამიანივით ვცხოვრობ, თუმცა კიდევ კარგი, რომ ცხოვრებადაკარგული – არა.

სრულიად მარტომ გავიარე ემიგრაციის ურთულესი წლები, დასაწყისიდან დღემდე.

როგორ გაიხსენებდით საბერძნეთში ყოფნის პირველ პერიოდს, რა სირთულეებთან მოგიხდათ გამკლავება?

ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდია არა მარტო იმიტომ, რომ ემიგრაციის პირველი ხანა, ზოგადად, ყველასთვის რთულია, არამედ იმიტომაც, რომ აქ ჩამოსვლიდან სამ თვეში მამა გარდამეცვალა და როცა თბილისში მამაჩემის პანაშვიდები იყო, მე აქ 2 ბავშვთან ერთად ვთამაშობდი, ვართობდი მათ… მაგრამ ჩემი შინაგანი მდგომარეობა მბოჭავდა და სულს მიხუთავდა, სულით და გულით ჩემს თბილისში, ჩემს სახლში ვიყავი.

მამის გარდაცვალებას დაემთხვა ისიც, რომ უსაბუთობის გამო ორჯერ დამაკავეს და ციხეში გატარებული დღეებიც კი უკვე აღარაფრის განცდას მოიცავდა. მთავარი ისაა, რომ დღემდე სრულიად დამოუკიდებლად ვაგრძელებ ჩემი ცხოვრების ჯვრის ზიდვას.

რა თქმა უნდა, დადებითი მხარეებიც აქვს უცხოეთში ცხოვრებას – უკეთ იცნობ საკუთარ თავს, აფასებ დროს, სწავლობ სამშობლოს სიყვარულს და აცნობიერებ, როგორი ღირებულებებით და რა დოზით უნდა გქონდეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა.

 თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

თავისუფალი დრო ნაკლებად გვაქვს აქ მყოფებს. მე პირადად ვცდილობ ან დავიძინო, ან თეატრში წავიდე, მით უმეტეს, თუ ჩემი უსაყვარლესი მეგობარი – დავით მაღალდაძე-მალტეზე თამაშობს.

ალბათ სასიამოვნოდ გამახსენდება, როდესაც საბერძნეთს დავტოვებ, ჯილდო – ოლიმპიური რტო და დაფნის გვირგვინი, რომელიც 2012 წელს მოვიპოვე.

 რა ჯილდოზე ლაპარაკობთ?

მოგეხსენებათ, ოლიმპიური თამაშები საბერძნეთიდან, კონკრეტულად დაბა ნემეიდან იღებს სათავეს. ბერძნებმა 1996 წელს ამერიკელების დახმარებით აღადგინეს ის სტადიონი, სადაც ეს თამაშები ტარდებოდა. 2012 წელს 134 ქვეყანა მონაწილეობდა ამ სტადიონზე გამართულ შეჯიბრებებში. მეც გავწევრიანდი ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიის“ მიერ ორგანიზებულ ჯგუფში, როგორც კოლხი, და პირველი ადგილი მოვიპოვე სირბილში. არა მარტო მე, კიდევ რამდენიმე ქართველმა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში; თუ არ ვცდები, სულ 4 პირველი ადგილი ავიღეთ.

თქვენს ჰობიზე და დაფარულ ნიჭზე რას გვეტყვით, როგორ თეას არ იცნობენ თქვენი ახლობლები?

ჩემი ჰობი, ზოგადად, ხელოვნების სფეროა, თავისუფალ დროს როგორც საქართველოში, ისე აქ, მხოლოდ თეატრში ვპოვებ სიმშვიდეს, აგრეთვე, ქსოვასა და ხატვაში; წერით კი, როდესაც თავს შინაგანად მარტოსულად ვგრძნობ, მაშინ ვწერ. ჩემმა მეგობრებმა არაფერი იციან ჩემი ჩანაწერების შესახებ – „ცხოვრებაში დაკარგულები და ცხოვრებადაკარგულები“. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვმუშაობდი ერთ-ერთ ოფისში, რომელიც ათენის ცენტრში მდებარეობდა – ამ ადგილს მე უფრო ქართველების მინიქალაქის სადგურს დავარქმევდი. რაც 8 წლის განმავლობაში საკუთარი თვალით მინახავს თავისი ავ-კარგით (თუმცა კარგის რა მოგახსენოთ), იმაზე იქნება ეს წიგნი. აქ ქართველი ქალების 99% ცხოვრებადაკარგულები არიან, ხოლო 1% – ცხოვრებაში დაკარგულები.

დაფარული ნიჭი, შეიძლება ითქვას, რომ ორი წლის წინ აღმომაჩნდა – მინანქრის კეთება დავიწყე; ან შეიძლება ამ საქმის კარგი ამხსნელის დამსახურებაცაა. თუმცა, როგორც ჩემი ყოფილი ქმარი ამბობს, ნიჭი უმთავრესია ამ საქმეში და ის კი უდავოდ დიდი შემოქმედია – ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას, ვთქვა, ნიჭი აღმომაჩნდა-მეთქი.

თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

სამომავლოდ ვაპირებ ჩემი ახალაღმოჩენილი ნიჭის განვითარებას, რადგან ხელოვნებასთანაა დაკავშირებული.

ემიგრანტებს რას ეტყოდით?

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ როგორც არ უნდა უჭირდეს, შვილი დედამ უნდა გაზარდოს. დედაშვილობის ხიდჩატეხილობას ვხედავ ირგვლივ, ყველგან. მე პირადად ძალიან დიდი თანხა გადავიხადე, რომ ნინი ზამთარ-ზაფხულ ჩემთან მყოლოდა და დედაშვილობის ხიდი შემენარჩუნებინა, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ არის…

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close