ნოემბერში ორი მაგნიტური შტორმია მოსალოდნელი – რომელ დღეებში უნდა ველოდოთ გეომაგნიტურ გააქტიურებას

2026 წლის ნოემბერი გეომაგნიტური აქტივობის თვალსაზრისით ერთგვაროვანი არ იქნება. კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მზის ასტრონომიის ლაბორატორიის (XRAS) პროგნოზის თანახმად, თვის განმავლობაში ორი მაგნიტური შტორმია მოსალოდნელი, ცალკეულ დღეებში კი გეომაგნიტური ველის შედარებით ძლიერი აღგზნებაა ნავარაუდევი.
ნოემბრის მაგნიტური შტორმების კალენდარი
1-ელი ნოემბრის მდგომარეობით გამოქვეყნებული მონაცემებით, გეომაგნიტური აქტივობის ყველაზე საყურადღებო პერიოდებია:
- 1-ელი ნოემბერი – Kp 6, G2: საშუალო სიმძლავრის მაგნიტური შტორმი.
- 17–18 ნოემბერი – Kp 4.33: მოსალოდნელია გეომაგნიტური ველის მომატებული აღგზნება, თუმცა ეს მაჩვენებელი ოფიციალური შტორმის ზღვარს არ აღწევს.
- 27 ნოემბერი – Kp 5, G1: სუსტი მაგნიტური შტორმი.
- 28 ნოემბერი – Kp 4.33: გეომაგნიტური აქტივობის მომატება, თუმცა არა – შტორმი.
ამრიგად, ამჟამინდელი პროგნოზით, ნოემბერში ორი მაგნიტური შტორმის დღეა გამოყოფილი: 1 და 27 ნოემბერი.
სხვა დღეები, როდესაც გეომაგნიტური ფონი მოიმატებს
თვის დანარჩენ დღეებში ძლიერი მაგნიტური შტორმები პროგნოზირებული არ არის, თუმცა რამდენიმე მონაკვეთში გეომაგნიტური აქტივობა ჩვეულებრივზე მაღალი იქნება.
კერძოდ:
- 5 ნოემბერი: Kp 3.33;
- 9 ნოემბერი: Kp 3.67;
- 10-12 ნოემბერი: Kp 3.33;
- 16 ნოემბერი: Kp 3.33;
- 19 ნოემბერი: Kp 3.33.
ეს მაჩვენებლები მაგნიტური შტორმის ოფიციალურ ზღვარს არ აღწევს, თუმცა გეომაგნიტური გარემოს გარკვეულ გააქტიურებაზე მიუთითებს.
რას ნიშნავს Kp ინდექსი?
გეომაგნიტური აქტივობის შესაფასებლად მეცნიერები Kp ინდექსს იყენებენ. მისი მაჩვენებელი 0-დან 9-მდე მერყეობს: რაც უფრო მაღალია რიცხვი, მით უფრო ძლიერია დედამიწის მაგნიტური ველის აღგზნება.
NOAA-ს კლასიფიკაციის მიხედვით:
- Kp 5 – G1, სუსტი მაგნიტური შტორმი;
- Kp 6 – G2, საშუალო სიმძლავრის შტორმი;
- Kp 7 – G3, ძლიერი შტორმი;
- Kp 8 – G4, ძალიან ძლიერი შტორმი;
- Kp 9 – G5, უკიდურესად ძლიერი შტორმი.
გასათვალისწინებელია: თვის წინასწარი პროგნოზი არ არის საბოლოო და ზუსტი განრიგი. მაგნიტური აქტივობის შეფასება განსაკუთრებით ახლო დღეებისთვის უფრო სანდოა, ამიტომ მონაცემები პერიოდულად უნდა გადამოწმდეს.
როგორ ჩნდება მაგნიტური შტორმები?
მზე გაზისა და პლაზმისგან შემდგარი გიგანტური სფეროა, რომლის დაახლოებით 91 პროცენტი წყალბადია. ბირთვული სინთეზის დროს, მზის ძლიერი სიცხისა და გრავიტაციის ზემოქმედებით, წყალბადი ჰელიუმად გარდაიქმნება. როდესაც პლაზმა ზემაღალ ტემპერატურას აღწევს, მასში იმდენი ენერგია გროვდება, რომ მზეზე აფეთქებები და მისი მასის კორონალური გამოფრქვევები ხდება.
ამ დროს იონიზებული ნაწილაკები და პლაზმის ღრუბლები მზის გრავიტაციას თავს აღწევენ და კოსმოსში მიიჩქარიან, რაც ე. წ. მზის ქარს წარმოქმნის. დედამიწის ატმოსფეროში შემოღწევის შემთხვევაში მას შეუძლია გამოიწვიოს როგორც შთამბეჭდავი ჩრდილოეთის ნათება (მათ შორის – დაბალ განედებზე), ისე ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები.
იმის პროგნოზირება, რომ მზის აალებებს აუცილებლად მოჰყვება მაგნიტური ქარიშხალი, შეუძლებელია. ზოგჯერ აფეთქება ძალიან ძლიერია, მაგრამ დამუხტულ ნაწილაკთა გროვები გვერდით ჩაუვლიან ან სულაც ასცდებიან ჩვენს პლანეტას. რაც უფრო ძლიერია აფეთქება და რაც უფრო პირდაპირ მოხვდება დამუხტული ნაწილაკების ნაკადი დედამიწას, მით ძლიერია მაგნიტური შტორმიც.
ვინ უნდა იყოს ფრთხილად?
მაგნიტური შტორმების გავლენა ადამიანის თვითშეგრძნებაზე ერთმნიშვნელოვნად დადასტურებული არ არის, თუმცა კვლევების მიხედვით სპეციალისტები ვარაუდობენ კავშირს მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის. მაგნიტური ველები შეიძლება მოქმედებდეს ადამიანის ბიოელექტრულ სისტემებზე, ამიტომ ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ მაგნიტური ქარიშხლები ზრდის თრომბების, ინსულტის, ინფარქტისა და დეპრესიული აშლილობების რისკს.
განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფები:
- 60 წელს გადაცილებულები ჰიპერტონიის პრობლემით;
- მოციმციმე არითმიის მქონე ადამიანები;
- დეპრესიისკენ მიდრეკილი მამაკაცები.
ადამიანზე მაგნიტური ქარიშხლის ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- თავის ტკივილი
- სისუსტე
- თავბრუსხვევა
- გულისრევა
- სახსრების/კუნთების ტკივილი
- არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
- ძილის დარღვევა (უძილობა ან ძილიანობა)
- ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან
- აკონტროლეთ არტერიული წნევა;
- თან იქონიეთ აუცილებელი მედიკამენტები;
- თავიდან აიცილეთ სტრესი და უარყოფითი ემოციები;
- უარი თქვით არაჯანსაღ საკვებზე, ალკოჰოლსა და სიგარეტზე, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
- მიიღეთ მეტი წყალი (1,5-2 ლიტრი), აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ ან თაფლით დამტკბარი;
- რეგულარულად გაანიავეთ ოთახი;
- მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
რატომ სჭირდებათ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა მაგნიტური ქარიშხლების დროს
მეცნიერული დაკვირვებები აჩვენებს, რომ გეომაგნიტური დარღვევები განსაკუთრებით მოქმედებს ბავშვებზე. ხშირია:
- ძილის რეჟიმის დარღვევა;
- მოუსვენრობა და აგრესია;
- მადის დაკარგვა;
- სიცხე და კონცენტრაციის დაქვეითება.
ამ პერიოდში ბავშვს მეტი მხარდაჭერა სჭირდება როგორც ოჯახისგან, ისე პედაგოგებისგან!
თუკი მშობლები ან პედაგოგები ბავშვს სათანადოდ არ მოექცევიან და ვერ გაუგებენ მას, მოზარდის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც წარმოიშვას.
ამინდზე რეაქცია სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ივარჯიშოთ, გაკაჟდეთ, რადგან ძლიერ ორგანიზმს უარყოფით ფაქტორთა გავლენა ვერაფერს აკლებს!
თამთა გურული



