საბერძნეთში პენსიონერებს 400 ევროს ჩაურიცხავენ – ვინ მიიღებს დახმარებას და როდის?
საბერძნეთში პენსიონერებისთვის განკუთვნილი ყოველწლიური ფინანსური დახმარება 300-დან 400 ევრომდე იზრდება. თანხის ჩარიცხვა 2026 წლის 30 ნოემბრისთვის იგეგმება, თუმცა დახმარებას ყველა პენსიონერი ვერ მიიღებს. ვინ აკმაყოფილებს პირობებს და რა უნდა იცოდნენ საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა?
საბერძნეთში პენსიონერებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანდაზმული მოქალაქეების ნაწილისთვის განკუთვნილი ყოველწლიური დახმარების გაზრდა კანონპროექტში აისახა. ქვეყნის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის მიერ თესალონიკის საერთაშორისო გამოფენაზე გამოცხადებული ეკონომიკური ღონისძიებების ნაწილია.
კანონპროექტი 18 ოქტომბერს საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნდა, რომელიც 1-ელ ნოემბრამდე გაგრძელდება. მთავრობის გეგმის მიხედვით, ახალი წესები უახლოეს პერიოდში უნდა დამტკიცდეს, ხოლო გაზრდილი დახმარების გაცემა 2026 წლის ნოემბრიდან დაიწყება.
საბერძნეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, 400 ევროს ოდენობის დახმარების ჩარიცხვა 30 ნოემბერს იგეგმება. თანხა წმინდა ოდენობითაა განსაზღვრული, ანუ მიმღები 400 ევროს მიიღებს.
ვის ეკუთვნის 400 ევრო?
საბერძნეთის მთავრობის განმარტებით, ყოველწლიური დახმარება შემდეგ კატეგორიებზე გავრცელდება:
- 65 წლისა და უფროსი ასაკის პენსიონერები – დახმარების მისაღებად შემოსავლისა და ქონების დამატებითი კრიტერიუმები არ იქნება გათვალისწინებული.
- 60 წლისა და უფროსი ასაკის პირები, რომლებიც მხოლოდ გარდაცვლილი მეუღლის ან ოჯახის წევრის პენსიას იღებენ – მათთვის სპეციალური გამონაკლისი მოქმედებს.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ პენსიას ან შესაბამის სოციალურ დახმარებას იღებენ.
- დაზღვევის არმქონე ხანდაზმული მოქალაქეები, რომლებიც შესაბამის სოციალურ დახმარებას იღებენ.
მთავრობის გათვლით, ცვლილებების შედეგად დახმარების მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 270 ათასით გაიზრდება და ჯამში 2,2 მილიონ ადამიანს მიაღწევს. პროგრამის წლიური ღირებულება დაახლოებით 879 მილიონი ევრო იქნება.
დახმარება ყოველწლიური და მუდმივი ღონისძიების სახით არის დაგეგმილი და არა მხოლოდ 2026 წლის ერთჯერად გადახდად.
მიიღებენ თუ არა დახმარებას 65 წლამდე ასაკის პენსიონერები?
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
ჩვეულებრივი ასაკობრივი პენსიის მიმღები, რომელიც დადგენილ ასაკობრივ ზღვარს ვერ აკმაყოფილებს, მხოლოდ დაბალი შემოსავლის გამო 400 ევროს მიღების უფლებას ავტომატურად ვერ მოიპოვებს.
გამონაკლისები ეხება კანონით განსაზღვრულ სხვა კატეგორიებს, მათ შორის, ოჯახის გარდაცვლილი წევრის პენსიის მიმღებ გარკვეული ასაკის პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს.
საბერძნეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ERT-მა ასევე განმარტა, რომ 2026 წლის პირველი ჩარიცხვისთვის ასაკობრივი პირობის დაკმაყოფილება შესაძლოა 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეფასდეს. შესაბამისად, თუ პენსიონერს 65 წელი მხოლოდ 2026 წელს შეუსრულდა, არ უნდა ჩათვალოს, რომ დახმარების მიღების უფლება ავტომატურად აქვს, არამედ კონკრეტული შემთხვევა სათანადო ოფიციალურ წყაროებში უნდა გადაამოწმოს.
საჭიროა თუ არა განაცხადის შევსება?
ამ ეტაპზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დახმარების მისაღებად ყველა მოქალაქისთვის ახალი, ცალკე განაცხადის პროცედურა გამოცხადებული არ არის. ERT-ის ცნობით, დახმარების ჩარიცხვა ავტომატურად იგეგმება და განაცხადის წარდგენა საჭირო არ იქნება.
საბოლოო წესებისა და კონკრეტული შემთხვევის გადასამოწმებლად გამოიყენეთ საბერძნეთის სოციალური დაზღვევის ელექტრონული უწყების, e-ΕΦΚΑ-ს ოფიციალური პორტალი და საბერძნეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდი.
გაფრთხილება: ნუ ენდობით შუამავლებს, რომლებიც დახმარების მისაღებად თანხას ითხოვენ ან TAXISnet-ის პირადი მონაცემების გადაცემას გთხოვენ!
400 ევრო მე-13 და მე-14 პენსიების ნაცვლად?
საბერძნეთის მთავრობა ყოველწლიურ დახმარებას პენსიონერების მხარდაჭერის მუდმივ ღონისძიებად განიხილავს, თუმცა პენსიონერთა ორგანიზაციები კვლავ მოითხოვენ მე-13 და მე-14 პენსიების აღდგენას, რომლებიც საბერძნეთის ვალის კრიზისის პერიოდში გაუქმდა.
ამრიგად, 400 ევროს დახმარება დამატებითი ფინანსური მხარდაჭერაა, მაგრამ ის მე-13 და მე-14 პენსიების აღდგენას არ ნიშნავს.
ნინო ბაჯელიძე
დაკავშირებულ თემაზე: მიცოტაკისის დიდი გეგმა 2031 წლამდე: რა შეიცვლება საბერძნეთში და რას ნიშნავს ეს ემიგრანტებისთვის



