დასავლეთ ნილოსის ვირუსი საბერძნეთში: 452 შემთხვევა, 49 გარდაცვლილი – 14 პაციენტი რეანიმაციაშია
საბერძნეთში დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების მხრივ ოქტომბრის შუა რიცხვებშიც მძიმე სიტუაციაა. 2026 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების 452 ადგილობრივი შემთხვევაა დადასტურებული, 49 ადამიანი გარდაიცვალა, 14 პაციენტი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.
საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის (EODY) ბოლო ყოველკვირეული ანგარიშის თანახმად, მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტები განსაკუთრებულ სიფრთხილეს ურჩევენ ხანდაზმულებს, დაქვეითებული იმუნიტეტისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს.
EODY-ს 15 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის გადაცემის სეზონის დაწყებიდან საბერძნეთში ლაბორატორიულად დადასტურდა დასავლეთ ნილოსის ვირუსით ინფიცირების 452 შემთხვევა.
283 პაციენტს ვირუსით ინფიცირების ფონზე ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება განუვითარდა, მათ შორის, ენცეფალიტი, მენინგიტი ან დამბლის გამომწვევი ნევროლოგიური გართულებები. დანარჩენ 169 პაციენტს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა, მათ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება არ გამოუვლინდათ.
გარდაცვლილთა რაოდენობამ 49-ს მიაღწია. ყველა გარდაცვლილი 52 წელზე მეტის იყო, საშუალო მაჩვენებლით 82 წელი.
EODY-ს ანგარიშში ასევე აღნიშნულია ერთი პაციენტის გარდაცვალება, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა ექიმებმა სიკვდილის მიზეზად სხვა მდგომარეობა მიიჩნიეს. ეს შემთხვევა ვირუსით გარდაცვლილთა ოფიციალურ სტატისტიკაში არ არის შეტანილი.
მონაცემები აჩვენებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ზაფხულში განსაკუთრებით სწრაფად მძიმდებოდა. სეზონის პირველი შემთხვევა ივნისის ბოლოს ჩრდილოეთ ათენის გარეუბან აგია პარასკევაში გამოვლინდა. აგვისტოს დასაწყისისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 65-მდე, გარდაცვლილთა კი ექვსამდე გაიზარდა. 19 აგვისტოსთვის უკვე 157 შემთხვევა და 13 გარდაცვლილი იყო აღრიცხული, ერთი კვირის შემდეგ კი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 232-ს მიაღწია.
14 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს
15 ოქტომბრის მდგომარეობით, საავადმყოფოებში დასავლეთ ნილოსის ვირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი იმყოფებოდა. მათგან 14 ჩვეულებრივ განყოფილებებში მკურნალობდა, დანარჩენი 14 კი – ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.
სეზონის დაწყებიდან საავადმყოფოებიდან უკვე გაწერილი იყო 338 პაციენტი, ხოლო 36 ინფიცირებულს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია.
მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში ახალი შემთხვევების რაოდენობა შედარებით შემცირდა, მძიმე გართულებებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები აჩვენებს, რომ მდგომარეობა კვლავ სერიოზულია.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სეზონი ბოლო წლებში
2026 წლის მაჩვენებლები ბოლო წლების მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება. EODY-ს ბოლო 3 წლის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
- 2025 წელი: 96 შემთხვევა და 9 გარდაცვლილი;
- 2024 წელი: 220 შემთხვევა და 35 გარდაცვლილი;
- 2023 წელი: 162 შემთხვევა და 23 გარდაცვლილი.
2026 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე მიუახლოვდა 2018 წლის მაჩვენებელს, როდესაც საბერძნეთში დასავლეთ ნილოსის ვირუსით 51 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, ოფიციალური სტატისტიკა ინფიცირების რეალურ მასშტაბს სრულად ვერ ასახავს. EODY-ს განმარტებით, ინფიცირებულთა უმრავლესობას დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი ნიშნებით გადააქვს და ექიმს არ მიმართავს. ორგანიზაციის შეფასებით, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით გამოვლენილ ერთ შემთხვევაზე შეიძლება დაახლოებით 140 ინფიცირებული მოდიოდეს, რომლებსაც მსუბუქი სიმპტომები აქვთ ან დაავგადების ნიშნები საერთოდ არ უვლინდებათ.
როგორ ვრცელდება დასავლეთ ნილოსის ვირუსი
ვირუსი, ძირითადად, ინფიცირებული კოღოს ნაკბენით გადადის. მის გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ Culex-ის გვარის კოღოები, რომლებიც ვირუსით ინფიცირებული ფრინველების სისხლით კვებისას თავადაც ინფიცირდებიან. ფრინველები ვირუსის ბუნებრივ რეზერვუარს წარმოადგენენ.
ადამიანიდან ადამიანზე ვირუსი ყოველდღიური კონტაქტით არ გადადის. ინფიცირება შეუძლებელია ჩვეულებრივი შეხებით, კოცნით ან დაავადებულ ადამიანთან ყოფნით.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გადაცემის შემთხვევები ზაფხულში უფრო ხშირია, რისკი შემოდგომაზეც რჩება. საბერძნეთში დაავადების შემთხვევები, ტრადიციულად, ზაფხულსა და შემოდგომაზე ფიქსირდება.
რა სიმპტომები ახასიათებს დასავლეთ ნილოსის ვირუსს
ინფიცირებულთა დაახლოებით 80%-ს სიმპტომები საერთოდ არ უვლინდება. დაახლოებით 20%-ს კი დაავადება შედარებით მსუბუქად გადააქვს. შესაძლო სიმპტომებია:
- ცხელება;
- თავის ტკივილი;
- სისუსტე და დაღლილობა;
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
- გულისრევა, ღებინება ან დიარეა;
- კანზე გამონაყარი;
- ლიმფური კვანძების გადიდება.
ინფიცირებულთა 1%-ზე ნაკლებს შესაძლოა დაავადების მძიმე ფორმა განუვითარდეს, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს.
განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, თუ ცხელებასა და ძლიერ თავის ტკივილს თან ახლავს კისრის გაშეშება, ცნობიერების დაბინდვა, უჩვეულო ძილიანობა, ორიენტაციის დარღვევა, კანკალი, კრუნჩხვა, სიარულის გაძნელება ან კუნთების უეცარი სისუსტე. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება.
მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვთ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს, ასევე, დაქვეითებული იმუნიტეტისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს.
როგორ დავიცვათ თავი კოღოებისგან შემოდგომაზე
EODY-ს რეკომენდაციით, კოღოების აქტიურობის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის ზომები მნიშვნელოვანია მაშინაც, როდესაც ზაფხულის სიცხე უკვე დასრულებულია.
სპეციალისტები გვირჩევენ:
- გამოვიყენოთ კოღოს საწინააღმდეგო რეპელენტები ინსტრუქციის შესაბამისად;
- დავამონტაჟოთ ფანჯრებსა და კარებზე დამცავი ბადეები;
- ჩავიცვათ ტანსაცმელი, რომელიც სხეულის დიდ ნაწილს ფარავს;
- არ დავტოვოთ წყალი ყვავილების ქოთნების სადგამებში, ვედროებში, ღია ჭურჭელსა და სხვა ადგილებში, სადაც კოღოები მრავლდებიან;
- განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს.
საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ზაფხულის დასრულება ვირუსის გავრცელების რისკის სრულად გაქრობას არ ნიშნავს. სანამ კოღოები აქტიურობენ, პრევენციული ზომების დაცვა კვლავ საჭიროა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მეტი რისკი აქვთ.
ნინო ხოშტარია



