პოლიტიკასაბერძნეთი

მიცოტაკისის დიდი გეგმა 2031 წლამდე: რა შეიცვლება საბერძნეთში და რას ნიშნავს ეს ემიგრანტებისთვის

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა თესალონიკის 90-ე საერთაშორისო გამოფენაზე 30-მდე ახალი ღონისძიება დააანონსა – ხელფასების ზრდა, გადასახადების შემცირება, პენსიონერებისა და ოჯახების მხარდაჭერა, იაფი საცხოვრებლის პროგრამა და მცირე ბიზნესისთვის ახალი შეღავათები.

თუ ერთი შეხედვით ეს მხოლოდ მორიგი „ΔΕΘ-ს პაკეტია“, მიცოტაკისის გზავნილი გაცილებით ფართოა: მთავრობის გეგმები უკვე 2031 წლამდეა გაწერილი და ფაქტობრივად იმ პროგრამის მონახაზს ჰგავს, რომლითაც „ნეა დიმოკრატია“ 2027 წლის არჩევნებზე ამომრჩევლის წინაშე წარდგება.

ბერძნული საზოგადოებრივი მაუწყებელი ERT მიცოტაკისის მიერ წარმოდგენილ პაკეტს ოთხწლიან გეგმად აღწერს, რომლის ძირითადი ღონისძიებების ღირებულება 2027 წლისთვის დაახლოებით 2.2 მილიარდ ევროს შეადგენს.

ხელფასი €1000-მდე, პენსიონერებისთვის €400 დახმარება

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება დასაქმებულებს ეხება.

მთავრობა გეგმავს, რომ მინიმალური ხელფასი 2027 წლის 1-ელი აპრილიდან კიდევ გაიზარდოს, ხოლო 2028 წლის იანვარში €1000-ს მიაღწიოს.

მიცოტაკისმა თქვა, რომ მიზანია სრულ განაკვეთზე დასაქმებული ადამიანის ხელფასი უკვე 2028 წლიდან სამნიშნა აღარ იყოს.

ამასთან, 2027 წლის 1-ელი აპრილიდან კერძო სექტორში დასაქმებულთა სოციალური შენატანები კიდევ 0.5 პროცენტული პუნქტით უნდა შემცირდეს.

პენსიონერებისთვის კი ცვლილება უფრო მალე დაიწყება: 2026 წლის 30 ნოემბერს 65 წელს გადაცილებული პენსიონერები €400-იან ყოველწლიურ დახმარებას მიიღებენ. აქამდე ეს თანხა €300 იყო.

მთავრობის გათვლით, ახალი დახმარება დაახლოებით 2.2 მილიონ ადამიანს შეეხება.

საჯარო სექტორში დასაქმებულებს – €500-იანი საშობაო დახმარება

საბერძნეთის დაახლოებით 720 ათასი საჯარო მოხელისთვის 2027 წლის დეკემბრიდან ახალი მუდმივი საშობაო დახმარება ამოქმედდება – €500-ს ოდენობით.

ეს სრულფასოვანი მე-13 ხელფასის დაბრუნება არ არის, თუმცა მიცოტაკისის გეგმით, საჯარო სექტორის თანამშრომლები დაახლოებით 15 წლის შემდეგ პირველად მიიღებენ მუდმივ დამატებით საშობაო ანაზღაურებას.

სამშვილიანი ოჯახებისთვის – ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მრავალშვილიან ოჯახებს ეხება.

სამშვილიანი ოჯახებისთვის წლიურ €20 000-მდე შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადი ნულოვანი გახდება.

მთავრობის განმარტებით, თუ სამშვილიან დასაქმებულ ადამიანს წლიურად €20 000-მდე აქვს შემოსავალი, რომელიც დღეს €620-ის გადასახადს ექვემდებარება, ცვლილების შემდეგ ამ თანხას აღარ გადაიხდის.

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის იზრდება ბავშვის დაბადების დახმარებაც: მეოთხე ბავშვის შემთხვევაში ის €3500-დან €4500-მდე, მეხუთე ბავშვის შემთხვევაში კი €5500-მდე გაიზრდება.

ახალი წესი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან დაბადებულ ბავშვებზეც უნდა გავრცელდეს.

ბავშვისთვის სახელმწიფო ფულსაც დააგროვებს

მიცოტაკისის მიერ წარმოდგენილ ყველაზე საინტერესო სიახლეებს შორისაა ე. წ. „ახალი თაობის ყულაბა“ – სპეციალური დანაზოგის ანგარიში ბავშვებისთვის.

მშობლებს ბავშვის დაბადებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში შეეძლებათ სპეციალური ანგარიშის გახსნა.

მექანიზმი მარტივია: რამდენსაც მშობელი შეიტანს, იმდენივეს დაამატებს სახელმწიფო, თუმცა სახელმწიფოს თანამონაწილეობა წელიწადში მაქსიმუმ €1200 იქნება.

მაგალითად, თუ ოჯახი თვეში €100-ს გადადებს, სახელმწიფო კიდევ €100-ს დაამატებს.

ფული ბავშვის სრულწლოვანებამდე დაიბლოკება. მთავრობის გათვლით, თვეში €100-ის დაგროვების შემთხვევაში, სახელმწიფო თანამონაწილეობისა და საინვესტიციო შემოსავლის გათვალისწინებით, 18 წლისთვის ანგარიშზე დაგროვილმა თანხამ შესაძლოა €60 000-საც გადააჭარბოს.

პროგრამის დაწყება 2027 წლის იანვრიდან იგეგმება.

ფერმერებისთვის – 0%-იანი გადასახადი €20 000-მდე შემოსავალზე

მნიშვნელოვანი შეღავათები იგეგმება ფერმერებისთვისაც.

წლიურ €20 000-მდე შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადი ნულოვანი გახდება.

გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი ნოემბრიდან იცვლება ფერმერებისთვის საწვავის აქციზის დაბრუნების სისტემა – აქციზის თანხა მათ პირდაპირ ბენზინგასამართ სადგურზე დაუბრუნდებათ.

თვითდასაქმებულებსა და მცირე ბიზნესს გადასახადები უმსუბუქდებათ

მთავრობა თვითდასაქმებულებისთვის მინიმალური სავარაუდო შემოსავლის გამოთვლის წესებს ცვლის.

კეთილსინდისიერ გადამხდელებს აღარ დაემატებათ გარკვეული დამატებითი კოეფიციენტები, რომლებიც ბიზნესის ბრუნვასა და თანამშრომლების სახელფასო ფონდს უკავშირდება.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მცირე ბიზნესისთვის.

გარდა ამისა, ეტაპობრივად უქმდება ბიზნესსაქმიანობის წლიური გადასახადი – τέλος επιτηδεύματος. ატიკის ფარგლებს გარეთ მოქმედი კომპანიებისთვის სრული გაუქმება 2027 წლიდან იგეგმება, ატიკაში კი ცვლილება ეტაპობრივად განხორციელდება.

მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაახლოებით €5 მილიარდამდე საკრედიტო შესაძლებლობის შექმნასაც გეგმავს.

„ჩემი სახლი III“ – ვის შეეძლება საცხოვრებლის შეძენა

საცხოვრებლის პრობლემა მიცოტაკისის ახალი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

იწყება „ჩემი სახლი III“ – „Σπίτι μου III“, რომლისთვის გათვალისწინებული თანხის მოცულობა დაახლოებით €2 მილიარდია.

მთავრობის მიზანია, საცხოვრებლის შეღავათიანი პირობებით შეძენის პროგრამებში დაახლოებით 40 000 ადამიანი და ოჯახი ჩართოს.

ამასთან, ფართოვდება პოტენციური ბენეფიციარების ასაკობრივი ზღვარიც – პროგრამით სარგებლობა დაახლოებით 50 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის უნდა გახდეს შესაძლებელი.

2031 წლამდე სახელმწიფო ასევე გეგმავს დაახლოებით:

  • 20 000 ახალი ან გარემონტებული ბინის შექმნას;
  • სტუდენტურ საცხოვრებლებში 8500 ახალი ადგილის დამატებას;
  • კიდევ 10 000 ადამიანის დახმარებას პირველი საცხოვრებლის შეძენაში;
  • სამხედროებისთვის 2000 ახალი ბინის შექმნას.

ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესო: რა ხდება, როდესაც უძრავ ქონებას უცხოელი იძენს?

აქ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელსაც საქართველოში ბევრი მკითხველი აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას.

მთავრობა გეგმავს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გადაცემის გადასახადის 3%-იდან 15%-მდე გაზრდას.

მიცოტაკისმა პირდაპირ ახსენა ჩინეთი, თურქეთი და ისრაელი იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც საბერძნეთის უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალია.

მთავრობის არგუმენტია, რომ უცხოური ინვესტიციები ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგიერთ რეგიონში უცხოელების მიერ უძრავი ქონების აქტიურმა შესყიდვამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახლების ხელმისაწვდომობა შეამცირა.

თუმცა ეს ცვლილება ქართველ ემიგრანტებს ავტომატურად არ ეხება. გადამწყვეტი იქნება კონკრეტული ადამიანის მოქალაქეობა, საგადასახადო სტატუსი და ის, თუ როგორ ჩამოყალიბდება საბოლოო კანონი.

პატარა დასახლებებში ENFIA გაუქმდება

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე უძრავი ქონების გადასახადს – ENFIA-ს ეხება.

2027 წლიდან ENFIA სრულად უნდა გაუქმდეს იმ დასახლებებში მდებარე უძრავ ქონებაზე, სადაც მოსახლეობა 2000 ადამიანს არ აღემატება.

დასავლეთ მაკედონიაში ზღვარი 2200 მოსახლემდე გაიზრდება.

ცვლილება უკვე 2027 წლის მარტში დარიცხულ ENFIA-ში უნდა აისახოს.

გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალზე ახალი 25%-იანი განაკვეთი

უძრავი ქონების მფლობელებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მზადდება.

ქირით მიღებულ შემოსავალზე ახალი 25%-იანი შუალედური საგადასახადო განაკვეთი დაწესდება, რაც მესაკუთრეებისთვის მოქმედი დაბეგვრის პირობების შემსუბუქებას ნიშნავს. მთავრობის შეფასებით, ეს ცვლილება ბიუჯეტს დაახლოებით €90 მილიონი დაუჯდება.

ელექტროენერგიის გადასახადიც მცირდება

2027 წლის 1-ელი იანვრიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გადასახადში საზოგადოებრივი მომსახურების საფასური – ΥΚΩ განახევრდება.

ტარიფი €6.90-დან €3.45/MWh-მდე უნდა შემცირდეს.

მთავრობის გრძელვადიანი მიზანია 2029 წლისთვის ელექტროენერგიის საბითუმო ფასის დაახლოებით 30%-ით შემცირება.

როდის შევა ცვლილებები ძალაში?

მიცოტაკისის პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეტაპობრივად ამოქმედდება.

2026 წლის 25 სექტემბერი – ექიმებს, ექთნებსა და მასწავლებლებს, რომლებიც საკუთარი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით მუშაობენ და ბინას ქირაობენ, 2024 წლის საგადასახადო წლისთვის ორი თვის ქირის კომპენსაცია მიეცემათ.

2026 წლის 1-ელი ნოემბერი – ფერმერებისთვის საწვავის აქციზის თანხის დაბრუნება უკვე პირდაპირ ბენზინგასამართ სადგურებზე მოხდება.

2026 წლის 30 ნოემბერი – შესაბამის მოიჯარეებს ერთი თვის ქირის თანხა დაუბრუნდებათ; რეგიონებში სამსახურის გამო ქირით მცხოვრები ექიმები, ექთნები და მასწავლებლები კი კიდევ ორი თვის ქირის კომპენსაციას მიიღებენ, ამჯერად 2025 წლის საგადასახადო წლისთვის. ამავე დღეს 65 წელს გადაცილებული პენსიონერები და სხვა განსაზღვრული კატეგორიები €400-იან წლიურ დახმარებას მიიღებენ.

2027 წლის 1-ელი იანვრიდან – სამშვილიანი ოჯახებისთვის €20 000-მდე შემოსავალზე ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი, „ახალი თაობის ყულაბა“, „ჩემი სახლი III“ და ელექტროენერგიის ΥΚΩ-ს განახევრება.

2027 წლის მარტიდან – ENFIA-ს გაუქმება მცირე დასახლებებში.

2027 წლის 1-ელი აპრილიდან – მინიმალური ხელფასის მორიგი ზრდა, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა და კერძო სექტორში სოციალური შენატანების კიდევ 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირება.

2027 წლის 30 ნოემბერი – რეგიონებში მომუშავე ექიმებისთვის, ექთნებისა და მასწავლებლებისთვის ორი თვის ქირის კომპენსაციის გაგრძელება, ამჯერად 2026 წლის საგადასახადო წლისთვის.

2027 წლის დეკემბრიდან – საჯარო მოხელეებისთვის €500-იანი მუდმივი საშობაო დახმარება.

2028 წლის იანვრიდან – მინიმალური ხელფასის €1000-მდე გაზრდა.

ეს უკვე საარჩევნო პროგრამაა?

ფაქტია, რომ კირიაკოს მიცოტაკისის გამოსვლა მხოლოდ ეკონომიკურ ღონისძიებებს არ ეხებოდა.

მან თავისი გეგმა 2031 წლამდე გაწერა და პირდაპირ ისაუბრა ქვეყნის განვითარების უფრო ფართო ხედვაზე. ამავე დროს, ΔΕΘ-ს პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ საპარლამენტო არჩევნები 2027 წელს გაიმართება და „ნეა დიმოკრატიის“ (Νέα Δημοκρατία – „ახალი დემოკრატია“) მიზანი ერთპარტიული მთავრობის შექმნაა.

ბერძნული Kathimerini ჯერ კიდევ ΔΕΘ-მდე წერდა, რომ მიცოტაკისი თესალონიკში ოთხწლიანი პროგრამით მიდიოდა, რათა საზოგადოებისთვის აეხსნა, რატომ ითხოვს პრემიერ-მინისტრის მესამე ვადას.

მთავრობა ერთდროულად ცდილობს მოქალაქეებს შესთავაზოს ხელფასების ზრდა, გადასახადების შემცირება, ოჯახების მხარდაჭერა და საცხოვრებლის პროგრამები – და, ამავე დროს, აჩვენოს, როგორი უნდა იყოს მიცოტაკისის საბერძნეთი 2031 წლამდე.

პოლიტიკურად კი ეს უკვე აშკარად 2027 წლის არჩევნებისთვის მზადების ნაწილია.

მმართველი პარტია რეიტინგით კვლავ ლიდერობს, მაგრამ ახლა პოლიტიკური გარემო ბევრად უფრო რთულია, ახალი კონკურენტები გამოჩნდნენ და მიცოტაკისი, როგორც ჩანს, უკვე მესამე ვადისთვის ამზადებს ნიადაგს. მაგალითად, MRB-ის ივლისის კვლევაში ΝΔ-ს მხარდაჭერა 23.8% იყო, მეორე ადგილზე კი ახალი პოლიტიკური ძალა – ELAS-ი გავიდა 14.4%-ით.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვადების რაოდენობრივი შეზღუდვა არ არსებობს. შესაბამისად, მიცოტაკისს მესამე ვადისთვის კენჭისყრა შეუძლია და სწორედ ამ მიზნისთვის აწყობს ახლა თავის პოლიტიკურ გზავნილს.

ქართველი ემიგრანტებისთვის რა არის ყველაზე საინტერესო?

საბოლოო კანონების გამოქვეყნებამდე ბევრი დეტალი კიდევ დაზუსტდება, თუმცა ამ ეტაპზე ქართველებისთვის ყველაზე საინტერესოა ოთხი მიმართულება:

ხელფასი და დასაქმება – მინიმალური ხელფასის ზრდა და სოციალური შენატანების შემცირება პირდაპირ აისახება იმ ადამიანებზე, რომლებიც საბერძნეთში ოფიციალურად არიან დასაქმებული.

ოჯახები და ბავშვები – სამი და მეტი შვილის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათები და ახალი დანაზოგის პროგრამა შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს იმ ოჯახებისთვის, რომლებიც საბერძნეთში ცხოვრობენ და იქ აქვთ საგადასახადო ვალდებულებები.

საცხოვრებელი – „ჩემი სახლი III“ საინტერესო იქნება მათთვის, ვინც საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრობს და პროგრამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბოლოო პირობების გამოქვეყნება – მოქალაქეობა, ბინადრობის სტატუსი, შემოსავალი და სხვა მოთხოვნები.

უძრავი ქონების შეძენა – ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გადასახადის 3%-დან 15%-მდე შესაძლო ზრდა პირდაპირი ინტერესის საგანია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, თუმცა საბოლოო კანონის გამოქვეყნებამდე ჯერ გაურკვეველია, კონკრეტულად ვის და რა პირობებში შეეხება ეს ცვლილება.

ამიტომ მიცოტაკისის მიერ ΔΕΘ-ზე გაკეთებული განცხადებები ქართველებისთვის მხოლოდ საბერძნეთის შიდა პოლიტიკის ამბავი არ არის. ბევრი ცვლილება პირდაპირ ეხება იმ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, რომლებიც საბერძნეთში მუშაობენ, ცხოვრობენ, ბინას ქირაობენ ან უძრავი ქონების შეძენას გეგმავენ.

ნინო ბაჯელიძე

წყარო: ERT, Kathimerini

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close