ტრაგედია საბერძნეთში: აფეთქებას საკონდიტრო ფაბრიკაში ხუთი ქალი ემსხვერპლა – რა მოხდა ტრიკალაში (ვიდეო)

საბერძნეთის ქალაქ ტრიკალაში მდებარე ნამცხვრების (ბისკვიტების) საწარმო „Βιολάντα“ („ვიოლანტა“) მძიმე ტრაგედიის ეპიცენტრად იქცა: 26 იანვარს, გამთენიისას მომხდარ ძლიერ აფეთქებას ხუთი ქალი ემსხვერპლა, ექვსი თანამშრომელი დაშავდა, თუმცა, საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა დაღუპული ღამის ცვლაში მუშაობდა – ისინი მცირეწლოვანი ბავშვების დედები იყვნენ და ოჯახური პასუხისმგებლობების გამო არჩევდნენ ღამის სამუშაოს.
აფეთქება დილის 3:55 საათზე მოხდა და ხმა რამდენიმე კილომეტრის რადიუსშიც კი გაიგონეს. სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე 4:15 სთზე მივიდნენ. თვითმხილველები საუბრობენ ყრუ ხმაზე და ცეცხლის მაღალ ალზე, რომელიც საწარმოს ნაგებობების ზემოთ ავარდა. იმ მომენტში ქარხნის ტერიტორიაზე მაქსიმუმ 13 თანამშრომელი იმყოფებოდა. გამომძიებლების თქმით, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი თანამშრომელი შესვენებაზე გარეთ იყო გასული ან გამოსასვლელებთან ახლოს მუშაობდა და დროულად მოახერხა შენობის დატოვება.
ნანგრევების გაწმენდისას ხუთი ქალის ცხედარი იპოვეს ჩამონგრეული სახურავის ქვეშ, საწარმოო ფრთაში – 4 მათგანი იმავე დილით, 12 საათამდე, მეხუთე კი – მეორე დღეს, 27 იანვარს.
ტრაგედიას განსაკუთრებულად მძიმე ემოციური კონტექსტი ახლავს: აფეთქებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე ქარხანაში გაიმართა ტრადიციული საახალწლო კორპორაციული ღონისძიება – ვასილოპიტას გაჭრის ცერემონია. ბერძნულ მედიაში გავრცელდა დაღუპულთა ბოლო ფოტოები, სადაც ისინი იღიმებიან და სადღესასწაულო განწყობა აქვთ – რა იცოდნენ, რომ რამდენიმე საათში უბედურება ელოდათ!

ტრაგედიის მიზეზი: პროპანის მასშტაბური გაჟონვა
გამოძიების საწყის ეტაპზევე ძირითად ვერსიად დასახელდა პროპანის გაჟონვა სამრეწველო ღუმელების სისტემიდან. ქარხნის გარეთ განთავსებული იყო პროპანის ორი დიდი ავზი, საიდანაც გაზი მილებით მიეწოდებოდა საწარმოო სივრცეს. მეხანძრეთა საგამოძიებო დეპარტამენტის (DAEE) თანამშრომლებმა და ექსპერტებმა გათხრები ჩაატარეს იმ მონაკვეთზე, სადაც გაზი რეზერვუარებიდან საწარმოო ხაზამდე მილებით მიეწოდებოდა. ამ სამუშაოს მიზანი იყო მილების მდგომარეობის დადგენა. არსებული წინასწარი მონაცემებით, სპეციალისტებმა მილების გახსნის შედეგად დაადგინეს, რომ ისინი სერიოზულად იყო დაზიანებული.
მათი შეფასებით, სწორედ ამის შედეგად დაგროვდა დიდი მოცულობით პროპანი დახურულ სივრცეში, სადაც აალება, სავარაუდოდ, ნაპერწკალმა გამოიწვია და ძლიერი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი თანამშრომლის ჩვენების მიხედვით, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ღუმელების ზონაში გაზის მძაფრი სუნი იგრძნობოდა – სავარაუდოდ, სწორედ იქ მოხდა პირველადი აალება. აფეთქების შედეგად საწარმო მთლიანად განადგურდა.
28 იანვარს გავრცელებულ სახანძრო სამსახურის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ეჭვს არ იწვევს. გამოძიების წინასწარი შეფასებით, პროპანის გაჟონვა შესაძლოა მრავალი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ხოლო დამონტაჟებულმა საზომმა მოწყობილობებმა უკიდურესად მაღალი კონცენტრაციები დააფიქსირა. სპეციალისტების ცნობით, მნიშვნელოვანი მოცულობის პროპანი მიწის ქვეშ დაახლოებით 25 მეტრის რადიუსში გავრცელდა და დახურულ სივრცეში (სარდაფში, რომელსაც საწყობად იყენებდნენ – რედ.) დაგროვდა, სადაც ობიექტზე არსებული ელექტრომექანიკური აღჭურვილობის მიერ წარმოქმნილმა ნაპერწკალმა აფეთქება გამოიწვია. პრესრელიზის თანახმად, ექსპერტული დასკვნის დასასრულებლად და საბოლოო დასკვნის შესადგენად ყველა გათვალისწინებული საგამოძიებო პროცედურა ჩატარებულია. ექსპერტები საბოლოო დასკვნას უახლოეს დღეებში წარადგენენ. საგამოძიებო პროცესის გაჭიანურება იმით აიხსნა, რომ მეხანძრეებმა საწარმოში უსაფრთხოდ შესვლა მხოლოდ მეორე დღეს, სამშაბათს შუადღისთვის შეძლეს – მანამდე ნანგრევებში მეხუთე დაღუპულის ძებნა მიმდინარეობდა.
დაკავებები და ბრალდებები
27 იანვრის საღამოსთვის საგამოძიებო ორგანოების განკარგულებაში უკვე სამი პირი აღმოჩნდა: კომპანიის მფლობელი, მორიგე ტექნიკოსი და ტექნიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი. „ვიოლანტას“ მფლობელს წარედგინა ბრალდება გაუფრთხილებლობით სიკვდილის გამოწვევის, გაუფრთხილებლობით აფეთქებისა და სხეულის დაზიანებების ფაქტებზე. სამივე დაკავებული ტრიკალის პროკურორის წინაშე წარდგება.
ეკონომიკური ზრდა უსაფრთხოების ხარჯზე?
2003 წელს დაფუძნებული „Βιολάντα“ ბოლო წლებში ადგილობრივი საწარმოდან ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიად ჩამოყალიბდა და გაყიდვების სტაბილურ ზრდას აჩვენებდა. თუმცა ტრიკალაში მომხდარი ტრაგედია მტკივნეულად ახსენებს საზოგადოებას, რომ ეკონომიკური წარმატება ვერასოდეს იქნება უსაფრთხოების გარანტია, თუ კონტროლის მექანიზმები რეალურ ინდუსტრიულ რისკებს ჩამორჩება.
პროფკავშირების მწვავე რეაქცია
ტრიკალის შრომის ცენტრმა საპროტესტო აქცია და გაფიცვისთვის მზადება გამოაცხადა. პროფკავშირების განცხადებით, მათ არაერთხელ გააფრთხილეს საწარმოს ხელმძღვანელობა უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით და სამუშაო პირობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე.
მათი შეფასებით, მომხდარი „დამსაქმებლის დანაშაულია“ და სისტემური უგულებელყოფის შედეგს წარმოადგენს.
ნინო ბაჯელიძე



