2025 წლის 25 ნოემბერს იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ ერთხმად დაამტკიცა კანონი, რომელიც ითვალისწინებს ფემიციდის (გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობა) ცალკე დამოუკიდებელ დანაშაულად აღიარებას და მისთვის უვადო პატიმრობის განსაზღვრას. კანონი უკვე ძალაში შევიდა.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს პარლამენტის ორივე პალატაში განხილვისას მხარდაჭერა ჰქონდა როგორც მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის, ისე ოპოზიციური მემარცხენე-ცეტრისტული პარტიების მხრიდან. საბოლოოდ, კანონპროექტი პარლამენტის ქვედა, დეპუტატთა პალატამ (იტ.: Camera dei deputati) 237 ხმით დაამტკიცა 0-ის წინააღმდეგ.
კანონი, რომელსაც მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის კონსერვატიული მთავრობა, იტალიაში ქალების წინააღმდეგ ჩადენილი მკვლელობებისა და სხვა ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ შეიქმნა. ის გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულებების, მათ შორის, დევნისა და შურისძიების მიზნით პორნოგრაფიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ უფრო მკაცრ ზომებს მოიცავს.
რა წერია ახალ კანონში – რა ჩაითვლება „ფემიციდად“ და როგორ დაისჯება
ახალი კანონის მიხედვით:
- „ფემიციდად“ ჩაითვლება ქალის მკვლელობა, რომელიც განხორციელდა დისკრიმინაციის, სიძულვილის, ქალად აღქმასთან დაკავშირებული ძალადობის, დომინაციის, კონტროლის ან ძალმომრეობის მოტივით. ასევე, თუ მკვლელობა მოხდა იმის გამო, რომ ქალი ცდილობდა დამოუკიდებლობას, თავისუფლების, პერსონალური უფლებებისა და პიროვნული თავისუფლების რეალიზაციას.
- კანონი ასევე ითვალისწინებს ზომებს, რომლებიც ვრცელდება არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე – აგრეთვე, გაძლიერდა სახელმწიფო ვალდებულებები: განათლებისა და ცნობიერების ამაღლების პროგრამები, დახმარების ცენტრებისა და თავშესაფრების დაფინანსების გაზრდა, ცხელი ხაზის ამოქმედება და მსხვერპლთა მხარდაჭერის დამატებითი მექანიზმები.
- კანონი ფემიციდისთვის ბრალდებული პირისთვის უვადო სასჯელს განსაზღვრავს. ასევე, მკაცრდება ნებისმიერი შემამსუბუქებელი მექანიზმი – მათ შორის, ვადაზე ადრე გათავისუფლების, პირობითი გათავისუფლების (libertà condizionale) ან სხვა შეღავათების მიღების შესაძლებლობა. პრაქტიკულად, ფემიციდისთვის მსჯავრდებული ვერ შეძლებს ვერც ვადაზე ადრე პირობითი გათავისუფლების შესაძლებლობის და ვერც იმ შეღავათების გამოყენებას, რომლებიც ჩვეულებრივ დანაშაულებზე ვრცელდება.
სამართლებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა
ახალი კანონის მიღებით იტალია შეუერთდა იმ ქვეყნების მცირე ჯგუფს ევროპაში, სადაც „ფემიციდი“ ცალკე, გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულად არის აღიარებული და არა, როგორც ჩვეულებრივი მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა.
გარდა საკანონმდებლო აღსრულებისა, ამ ნაბიჯით სახელმწიფო ოფიციალურად ცნობს, რომ ქალთა მიმართ ოჯახური და გენდერული ძალადობა არის სოციალური პრობლემა, რომელიც საჭიროებს როგორც ფრთხილ სამართლებრივ ჩარევას, ისე ორგანიზებულ მხარდაჭერას: თავშესაფრებს, დახმარების მექანიზმებს, საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მუშაობას.
„ჩვენ გავაორმაგეთ ძალადობის მსხვერპლთა ცენტრებისა და თავშესაფრების დაფინანსება, შევქმენით საგანგებო ცხელი ხაზი და განვახორციელეთ ინოვაციური საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები, ეს წინგადადგმული კონკრეტული ნაბიჯებია, მაგრამ ჩვენ აქ არ გავჩერდებით. ჩვენ ყოველდღიურად ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ.
მეორე მხრივ, კრიტიკოსთა ნაწილი აღნიშნავს, რომ მხოლოდ მკვლელობებზე კონცენტრირება ვერ მოახდენს პრევენციას ქალებზე ძალადობის არანაკლებ რთული და საშიში ფორმებისა, როგორიცაა: ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობა – რომლებიც შესაძლოა პირდაპირ არ იწვევდეს სიცოცხლის მოსპობას, მაგრამ მნიშვნელოვნად ზღუდავს ქალთა უფლებებს და უსაფრთხოებას.
გახმაურებულმა საქმეებმა, როგორიცაა, მაგ, 2023 წელს უნივერსიტეტის სტუდენტ ჯულია ჩეკეტინის/Giulia Cecchettin მკვლელობა, ფართო საზოგადოების აღშფოთება და დებატები გამოიწვია იტალიის პატრიარქალურ კულტურაში ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე.
ცნობისათვის: იტალიის სტატისტიკის ეროვნული სააგენტო Istat-ის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში ქალების მკვლელობის 106 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 62 – პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მიერ იყო ჩადენილი.
ნინო ხოშტარია
დაკავშირებულ თემაზე: ქალი ბადანტეს ვაკანსიის განცხადებას გამოეხმაურა და გატაცებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა – ქალებზე ძალადობის ორი მძიმე შემთხვევა იტალიაში




კომენტარები