ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების ვადა იწურება – შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

4 დღე დარჩა ქონებრივი დეკლარაციის შესავსებად მათთვის, ვისაც კანონი ამას ავალდებულებს. დეკლარაციის შევსების ვადა, წესით, პირველ ნოემბრამდე იყო, თუმცა რადგან პირველი ნოემბერი შაბათია, ვადა 3 ნოემბრამდე – ორშაბათამდე გახანგრძლივდა.
ვინ არის ვალდებული, რომ დეკლარაცია შეავსოს
ყველა, ვისმა შემოსავალმაც გასულ წელს (2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) 40 000 ლარს გადააჭარბა (დარიცხული გადასახადების ჩათვლით) და ქონებასაც ფლობს, ვალდებულია დეკლარაცია შეავსოს, შემდეგ კი გადასახადი გადაიხადოს.
თუ ოჯახთან ერთად ცხოვრობთ და მთლიანად თქვენი ოჯახის შემოსავალი 40 000 ლარზე მეტი იყო (დარიცხული გადასახადების ჩათვლით), დეკლარაციის შევსების ვალდებულება გეკისრებათ. ოჯახის წევრებად ითვლებიან ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობთ.
იგივე წესი ვრცელდება ინდმეწარმეებზეც.
სად და როგორ უნდა შეავსოთ დეკლარაცია?
თქვენი შემოსავალი ყველა გადასახადის ჩათვლით შეგიძლიათ ნახოთ rs.ge-ზე – შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე: მენიუდან გადადიხართ „ზოგად ინფორმაციაში“, შემდეგ კი – „პირადი შემოსავლის“ გვერდზე.
შეგიძლიათ მონაცემები სხვადასხვა პერიოდის მიხედვით მოიძიოთ, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ გჭირდებათ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის ინფორმაცია.
დეკლარაცია ივსება მხოლოდ ელექტრონულად, ამისათვის კი უნდა დარეგისტრირდეთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. რეგისტრაციის შემდეგ პირველივე გვერდზე გამოვა ველი – „ფიზიკური პირის ქონება“. ამ ველის არჩევის შემდეგ რამდენიმე წამში გამოჩნდება „ახალი დეკლარაცია“, რომელიც შეგიძლიათ შეავსოთ.
დეკლარაციაში მიუთითეთ, რამდენი იყო თქვენი შემოსავალი – 40-იდან 100 ათასამდე თუ უფრო მეტი. ამ შემოსავალზეა დამოკიდებული, რა თანხით დაიბეგრებით.
შემოსავლის მითითების შემდეგ ირჩევთ დეკლარაციის ფორმას – „ინდივიდუალურს“ ან „საოჯახოს“ და უთითებთ ქონებას (ოჯახის წევრებს შეუძლიათ ცალ-ცალკეც შეავსონ დეკლარაციები, თუმცა „საოჯახო დეკლარაციის“ შევსებისას დროს ზოგავთ).
ამის შემდეგ სისტემა ავტომატურად დაგითვლით ქონების გადასახადის სახით გადასახდელი თანხის ოდენობას.
ქონების გადასახადის გადახდის ვადა, ზოგადად, 15 ნოემბრამდეა, მაგრამ რადგან 15 ნოემბერი შაბათი და, შესაბამისად, არასამუშაო დღეა, წელს ვადა 17 ნოემბრამდე გადაიწევს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაცხადება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა.
„გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეტალურად განმარტავს იმ პირთა კატეგორიას, რომელთაც, პირველი ნოემბრის ჩათვლით, ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობათ.
დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის, მეწარმე ფიზიკურ პირს: თუ პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული (2024) წლის მიხედვით აღემატება 40 000 ლარს და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება (უძრავი ქონება, მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი, იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი და მსუბუქი ავტომობილ(ებ)ი (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა) და სხვა; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში კი – ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, მოწყობილობები და სხვა.
ამასთან, დამატებით განვმარტავთ, რომ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები (სისტემა ავტომატურად მოახდენს წინა წლის ინფორმაციის რეგისტრაციას).
ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით არანაირი ცვლილება დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა. შესაბამისად, მეწარმე სუბიექტები/ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, წარდგენილ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანონ გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს და ფინანსური/საბუღალტრო/საკონსულტაციო მომსახურების განმახორციელებელ კომპანიებს, ასევე ცალკეულ ექსპერტებს, თავი შეიკავონ ცრუ, გადასახადის გადამხდელებისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
დეტალური ინფორმაცია ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, მათ შორის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გამომთვლელი, ასევე, ვიდეოინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდსა და შესაბამის ბმულებზე, ასევე, გაეცნოთ ვიდეოინსტრუქციას, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალ გამომთვლელს. ინფორმაციის მისაღებად, ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით – „RS ჩათი“ და „RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299 299“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
 
					



კომენტარები