
გარდაიცვალა იტალიელი კინომსახიობი, იტალიური და მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარკვლავი, ფელინისა და ვისკონტის მუზა კლაუდია კარდინალე. ამის შესახებ მედია იუწყება. იგი 87 წლის იყო.
კინოვარსკვლავის გარდაცვალების შესახებ მისმა აგენტმა, ლორან სავრიმ სააგენტო „ფრანსპრესს“ აცნობა. კლაუდია კარდინალე სამშაბათს საღამოს გარდაიცვალა პარიზის სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქ ნემურში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. ბოლო წუთებში მის გვერდით მისი შვილები იმყოფებოდნენ.
მსახიობი, რომლის ნამდვილი სახელია კლოდ ჟოზეფინ როუზ კარდინალე, აფრიკაში, ტუნისის მახლობლად, ლა გულეტში დაიბადა 1938 წლის 15 აპრილს. 17 წლის ასაკში მან გაიმარჯვა სილამაზის კონკურსში „ყველაზე ლამაზი იტალიელი ქალი ტუნისში“ და ჯილდოდ ვენეციის კინოფესტივალზე გამგზავრება მიიღო, რამაც, პრაქტიკულად, მისი ცხოვრების გზა განსაზღვრა.
კლაუდია კარდინალემ კინოკარიერა 1956 წელს დაიწყო, 18 წლის ასაკში. იგი 175-მდე ფილმშია გადაღებული, მისი კინოროლები ვენეციისა და ბერლინის ფესტივალებზე უმაღლესი ჯილდოთი აღინიშნა. კლაუდია მუშაობდა ისეთ დიდებულ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: პიეტრო ჯერმი, ლუკინო ვისკონტი, ფედერიკო ფელინი, სერჯო ლეონე, მარკო ფერერი, მიხეილ კალატოზოვი, ბლეიკ ედვარდსი, კრისტიან-ჟაკი, კლოდ ლელუში, ლილიანა კავანი და სხვ. კლაუდია კარდინალემ ყველაზე დასამახსოვრებელი როლები შეასრულა კინოშედევრებში: „როკო და მისი ძმები“, „ლეოპარდი“, „ვარდისფერი პანტერა“, „ერთხელ დასავლეთში“ და სხვ.
1960-იანი წლების დასაწყისში ვისკონტიმ კარდინალეს როლები შესთავაზა ფილმებში „როკო და მისი ძმები“ (1960; ჯინეტა) და „ლეოპარდი“ (1963; ანჟელიკა სედარა). მსახიობი კინემატოგრაფიის ისტორიაში შევიდა სერჯო ლეონეს კლასიკურ ვესტერნში „ერთხელ დასავლეთში“ შესრულებული როლითაც. ამერიკელმა მაყურებელმა ის, ძირითადად, გაიცნო ბლეიკ ედვარდსის ფილმით „ვარდისფერი პანტერა“ (1964; პრინცეს დალა).
სერჯო ლეონეს საკულტო ვესტერნში „ერთხელ დასავლეთში“ (1968 წ.) კლაუდიამ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის დასამახსოვრებელი სახე (ჯილ მაკბეინი) შექმნა, რომელიც ნულიდან იწყებს ცხოვრებას და მამაკაცებს არ აძლევს უფლებას, რომ გამოიყენონ – ისევე, როგორც მის რეალურ ცხოვრებაში მოხდა. ეს ფილმი მსახიობის კინოკარიერის კულმინაციად იქცა.
კლაუდია კარდინალე მონაწილეობდა მიხეილ კალატოზიშვილის საბჭოთა-ბრიტანულ-იტალიურ მასშტაბურ კოპროდუქციაში „წითელი კარავი“ (1969; ექთანი ვალერია), რომელიც 1928 წლის ნობილეს არქტიკული ექსპედიციის ტრაგედიაზე მოგვითხრობს. ცნობილმა პროდიუსერმა ფრანკო კრისტალდიმ ფილმის 10 მლნ დოლარით დაფინანსება ითავა იმ პირობით, თუ მასში კლაუდია კარდინალეს როლს მისცემდნენ. კინოსურათში იმ დროის უდიდესი მსახიობები მონაწილეობდნენ, მათ შორის, შონ კონერი; აგრეთვე, ქართველი ვარსკვლავები – ოთარ კობერიძე და თენგიზ არჩვაძე; ლიტველი დონატას ბანიონისი და 24 წლის რუსი მსახიობი ნიკიტა მიხალკოვი. არსებობს გადმოცემა, რომ შონ კონერი და ნიკიტა მიხალკოვი აქტიურად ცდილობდნენ კლაუდიას გულის მოგებას, თუმცა ვარსკვლავი ოთარ კობერიძემ მოხიბლა, რომელიც მაშინ 45 წლის იყო.
საინტერესოა, რომ კინოკარიერის დაწყებისას კლაუდია კარდინალემ არ იცოდა იტალიური ენა, მხოლოდ სიცილიურ დიალექტზე, არაბულად და ფრანგულად საუბრობდა (ტუნისში ფრანგული ოფიციალური ენა იყო), ამიტომ იტალიურ ფილმებში მის როლებს პროფესიონალი გამხმოვანებლები ახმოვანებდნენ. კლაუდიას ნამდვილი, დაბალი ტემბრის, ოდნავ ჩახლეჩილი ხმა მაყურებელმა პირველად მოისმინა ფელინის ფილმში „8½“ (1963; კლაუდია).
აღსანიშნავია, რომ კლაუდია კარდინალე ბოლომდე არასდროს გაშიშვლებულა კამერების წინაშე.
მამაკაცები ფეხქვეშ ეგებოდნენ ულამაზეს ვარსკვლავს, მაგრამ მისი ცდუნება შეუძლებელი იყო. კლაუდიამ უარყო აღიარებული „ქალთა გულთამპყრობლების“ სიყვარული, ბერტ ლანკასტერიდან დაწყებული, ალენ დელონითა და ჰენრი ფონდათი დამთავრებული. „ლეოპარდის“ გადაღების დაწყებისას ვისკონტი და ალენ დელონი დანაძლევდნენ, რომ დელონი კლაუდიას გულს მოიგებდა და აცდუნებდა, მაგრამ კლაუდია შეუვალი აღმოჩნდა. მსახიობს მხოლოდ სასიყვარულო სცენებისას ალენ დელონის კოცნა დარჩა ყველაზე დასამახსოვრებლად იმ მომენტებს შორის, რომლებიც გადასაღებ მოედანზე განიცადა.
კლაუდია კარდინალე ვერც ცნობილმა „ქალთა გულთამპყრობელმა“ მარჩელო მასტრიანიმ აცდუნა. „კლაუდია ჰგავს დივანზე გაწოლილ კატას, რომელიც მოფერების ნებას გაძლევს, – ამბობდა საყვარელ მსახიობზე გენიალური ლუკინო ვისკონტი, – მაგრამ ფრთხილად უნდა იყო, იგი შეიძლება იქცეს ძუ ვეფხვად, რომელიც თავის მომთვინიერებელს გადაყლაპავს“.
კლაუდია კარდინალეს კინომსახიობობა არასდროს სურდა, მასწავლებლობას აპირებდა, მაგრამ მისი ცხოვრება სხვანაირად აეწყო. ტუნისში სილამაზის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ვენეციის კინოფესტივალზე ყოფნისას რეჟისორების ყურადღება მიიქცია. იგი კინოში გადაღებაზე უარს ამბობდა, მაგრამ მამამ დაარწმუნა, რომ ბედი ეცადა. ეს გზა კი, რომელიც ზღაპრულ კინოკარიერად ჩანდა, კოშმარულად დაიწყო – მცირე როლების თამაშისას, თინეიჯერობის ასაკში კინოპროდიუსერმა გააუპატიურა და დაორსულდა. იმ დროს დიდი არჩევანი არ ჰქონდა, ამიტომ რთული გადაწყვეტილება მიიღო: შვილი – პატრიკი გაეზარდა და კინოსგან „საარსებო წყაროს და დამოუკიდებლობის მოპოვება“ ეცადა. ოფიციალურად, საბუთებით პატრიკი მისი უმცროსი ძმა იყო, რადგან მენტორმა დაარწმუნა, ლონდონში ფარულად ემშობიარა და ბავშვი გასაზრდელად ოჯახისთვის მიენდო.
„იძულებული გავხდი, ამ ტყუილზე დავთანხმებულიყავი, რათა სკანდალი თავიდან ამეცილებინა და ჩემი კარიერა დამეცვა… ეს პატრიკისთვის გავაკეთე, ბავშვისთვის, რომლის შენარჩუნებაც მინდოდა გარემოებებისა და შესაძლო უზარმაზარი სკანდალის მიუხედავად“, – განუცხადა მან ფრანგულ გაზეთ Le Monde-ს 2017 წელს.
„მე ძალიან ახალგაზრდა, მორცხვი, სუფთა, თითქმის ველური ვიყავი და კინოს გადასაღებ მოედანზე თავის გამოჩენის ოდნავი სურვილიც კი არ მქონია“, – თქვა მან.
მსახიობმა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გაამხილა სიმართლე.
კლაუდიას ცხოვრების „ერთადერთი სიყვარული“ იყო ცისფერთვალება ნეაპოლელი რეჟისორი პასკუალე სკუიტიერი, მისი ქალიშვილის, კლაუდიას მამა, რომელთანაც ოთხი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა ფილმების სერიაზე. პასკუალე 2017 წელს გარდაიცვალა.
კლაუდია კარდინალეს არასდროს მიუმართავს ესთეტიკული ქირურგიისთვის, თუმცა სცენაზე თამაშს 80 წლამდე აგრძელებდა, მათ შორის, ნეაპოლის თეატრში.
„საუკეთესო კომპლიმენტი, რაც კი ოდესმე მიმიღია, მსახიობმა დევიდ ნივენმა მითხრა „ვარდისფერი პანტერას“ გადაღების დროს, – იხსენებდა კარდინალე, – მან თქვა: „კლაუდია, სპაგეტისთან ერთად, შენ იტალიის უდიდესი გამოგონება ხარ!“
ნინო ხოშტარია
დაათვალიერეთ ულამაზესი ვარსკვლავის ფოტოგალერეა ამ ბმულზე: ansa.it/sito/photogallery/spettacolo/2025/09/23/claudia-cardinale
კომენტარები