ზოდიაქოს ნიშნები, რომლებზეც გათვალვა და ჯადო არ მოქმედებს

ასტროლოგები გამოყოფენ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებსაც ჯადოს ვერავინ გაუკეთებს და რომელთა გათვალვაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. შესაბამისად, მათზე არც წყევლა მოქმედებს.
საქმე ისაა, რომ ვარსკვლავებმა ისინი თავიდანვე ძლიერი ენერგეტიკული ველით დააჯილდოვეს, რომელზეც არაკეთილმოსურნეთ ძალიან უჭირთ ზემოქმედება, რადგან ამ ერთგვარ დამცავ გარსს შეუძლია გარედან მათკენ მიმართული ნებისმიერი მაგიური ზემოქმედება აისხლიტოს. ესენი, ძირითადად, არიან ადამიანები, რომელთაც ცეცხლისა და მიწის სტიქიები მფარველობენ. წყლის სტიქიის უმეტესი წარმომადგენლისგან განსხვავებით, ისინი დაცულნი არიან არაკეთილმოსურნეთა მცდელობებისგან, მათზე ზემოქმედება მოახდინონ ან ზიანი მიაყენონ მათ.
ქალწული
ამ ზოდიაქოს ნიშნებს შორის უპირველესი არის ქალწული, რომელსაც გათვალვისა და ჯადოს მიმართ ძლიერი დაცვა აქვს. მტკიცე ხასიათის მქონე ქალწულს თავისი შინაგანი ენერგიისა და ბუნების ძალებთან განსაკუთრებული კავშირის წყალობით თავად შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება და გარშემო მყოფების მოქმედებებზე ზეგავლენის მოხდენა, ამიტომ ე. წ. „ავი თვალი“ მათთვის საშიში სრულებითაც არ არის… თუმცა ქალწულებსაც აქვთ „სუსტი წერტილი“ – ისინი მოწყვლადები არიან საგვარეულო წყევლის მიმართ. მხოლოდ ოჯახში ნდობაზე დამყარებულ და გულწრფელ ურთიერთობებს შეუძლია მათი საიმედოდ დაცვა.
ქალწულებს ხშირად ესიზმრებათ წინასწარმეტყველური სიზმრები, რომლებშიც ისინი თავიანთი პრობლემების გადაწყვეტას ნახულობენ.
მორიელი
მართალია მორიელები წყლის სტიქიას მიეკუთვნებიან, მაგრამ მათი მაგიური ძალა მკვეთრად გამოირჩევა ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძლიერი ენერგეტიკული პოტენციალი აქვთ და თავად შეუძლიათ მისტიკოსები, მედიუმები ან მაგები გახდნენ. მათ თავიანთი მძლავრი ინტუიცია ეხმარებათ „ავი თვალისგან“ დამალვაში. ამას გარდა, მორიელებს თავად შეუძლიათ სხვებზე ზეგავლენის მოხდენა და ნებისმიერი ადამიანისთვის ჯადოს გაკეთება, თუ მოისურვებენ. მორიელების სუსტი წერტილი მათი ემოციურობაა, რის გამოც შეიძლება საკუთარ თავს თვითონ ავნონ და ეს ხშირად ხელს უშლით ცხოვრებაში.
მშვილდოსანი
გარე ზემოქმედებისგან და არაკეთილმოსურნე სიტყვებისგან დაცვის უნარს ფლობენ, აგრეთვე, „ცეცხლოვანი“ მშვილდოსნები. ამასთან, მათ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ახლობლების დაცვაც შეუძლიათ, რომლებზეც ერთგვარი ამულეტივით მოქმედებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ უნარი, სწრაფად აღიდგინონ ძალები და თავიანთი ენერგეტიკული ველი. მშვილდოსნებს არ სჯერათ მაგიისა, თუმცა თავად შეუძლიათ საკუთარ ცხოვრებაში წარმატება და იღბალი მიიზიდონ, შეუძლიათ განკურნონ და შთაგონებით აღავსონ გარშემო მყოფები.
თხის რქა
თხის რქა – კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც გათვალვა და მსგავსი მისტიკური რამეები არ აშინებს. მათ თავიანთი ძლიერი ენერგეტიკული ველის წყალობით შეუძლიათ არაკეთილმოსურნეთა შეტევა „მოიგერიონ“ და თან ისე, რომ ავის მსურველნი ინანებენ, რომ მათ წინააღმდეგ „ომი“ წამოიწყეს.
თხის რქებს აქვთ თანდაყოლილი უნარი, ბუმერანგივით უკან დაუბრუნონ უარყოფითი ენერგია მტრულად განწყობილ ადამიანებს. უფრო მეტიც – თხის რქას აქვს ძლიერი ინტუიცია, რომელსაც ყოველთვის როდი ეყრდნობა, რადგან, ძირითადად, მხოლოდ ლოგიკა და ფაქტები მიაჩნია საიმედო დასაყრდენად.
თამთა გურული
კომენტარები