ზუგდიდში 34 წლის ქალმა 43 წლის ქალი მოკლა – მკვლელობის დეტალები

ზუგდიდში სასტიკი მკვლელობა მოხდა – 42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობისთვის ცხელ კვალზე 34 წლის ნათია ხაჩატურიანი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 42 წლის ქალს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
„პირველების“ ინფორმაციით, მოკლულ ქალს სამზარეულოს დანით 14 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის, გულის არეში.
როგორც ადგილობრივები მედიასთან ჰყვებიან, მოკლული ქალი მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის ნათესავი იყო. ქალები ერთმანეთთან მეგობრობდნენ კიდეც.
„მოკლული ქალი, ნათია აფხაზავა გერმანიაში ცხოვრობდა, ქმარიც იქაური ჰყავს. უნიჭიერესი გოგო იყო. ბევრ ადამიანს ეხმარებოდა, ბევრი დაასაქმა კიდეც.
ქალები ერთმანეთთან მეგობრობდნენ. აფხაზავამ ხაჩატურიანს საქართველოში ბინის შესაძენად და რემონტის გასაკეთებლად საჭირო თანხა გამოუგზავნა. ამბობენ, რომ ბინა იყიდეს, თუმცა რემონტი არ გააკეთეს. ესეც ყოფილა კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი. გარდა ამისა, ხაჩატურიანი აფხაზავაზე ეჭვიანობდა“, – ამბობენ ადგილობრივები.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები