მსოფლიოტექნოლოგიები

მეგამიწისძვრა და მეგაცუნამი აშშ-ის სანაპიროებს ემუქრება – მეცნიერების გაფრთხილება: „ეს გარდაუვალია!“

აშშ-ის დასავლეთ სანაპირო დიდი სეისმური კატასტროფის ზღვარზეა. წამყვანი გეოფიზიკოსების შეფასებით, მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში რეგიონს ემუქრება მეგამიწისძვრა, რომლის შედეგადაც ათეულობით მეტრის სიმაღლის მეგაცუნამი წარმოიქმნება და მთელი ქალაქები მიწასთან გასწორდება. Telegraph-ის ცნობით, საქმე ეხება კასკადიის სუბდუქციის ზონას – ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და საშიშ გეოლოგიურ უბანს დედამიწაზე.

კასკადიის სუბდუქციის ზონა – ვულკანების რკალზე გაჭიმული საფრთხე

მიწისქვეშა რღვევის ხაზი, რომელიც 966 კმ-ს სიგრძეზე ვრცელდება, ჩრდილოეთ ვანკუვერის კუნძულიდან მენდოსინოს კონცხამდე აღწევს და აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს უახლოვდება. აქ ერთმანეთს ტექტონიკური ფენები ეჯახება, რაც გრძელვადიან სეისმურ დაძაბულობას ქმნის. გეოლოგების გათვლით, მომდევნო 50 წლის განმავლობაში არსებობს 15%-იანი ალბათობა, რომ ამ ზონაში მოხდეს 8.0 ან მეტი მაგნიტუდის მიწისძვრა, რასაც მოჰყვება ცუნამის წარმოქმნა და მასობრივი ნგრევა.

რით არის ასეთი მიწისძვრა განსაკუთრებული?

ვირჯინიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამ მასშტაბის მიწისძვრას რამდენიმე წუთში შეუძლია სანაპირო ზოლების 1,5-2 მეტრით დაწევა. შედეგად, მეგაცუნამი გადაუვლის ისეთ დიდ ქალაქებს, როგორიცაა სიეტლი და პორტლენდი. სტიქიის ეპიცენტრიდან გამომდინარე, შესაძლოა წყალმა დაფაროს ასეულობით კილომეტრი გზატკეცილები, აეროპორტები, სკოლები, საავადმყოფოები და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები – მათ შორის, ენერგოსადგურები და საკომუნიკაციო ქსელები.

განსაკუთრებით მაღალი რისკის ზონად ითვლება ჩრდილოეთ კალიფორნიის, სამხრეთ ვაშინგტონისა და ჩრდილოეთ ორეგონის მჭიდროდ დასახლებული რაიონები. სპეციალისტების თქმით, სწორედ აქ იქნება ზემოქმედება ყველაზე მასშტაბური.

პარალელი კამჩატკის მეგამიწისძვრასთან – რაზე მიანიშნებს ბოლო სეისმური აქტივობა?

რამდენიმე დღის წინ, 30 ივლისს, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკაზე მომხდარი 8.8 მაგნიტუდის მეგამიწისძვრა მეცნიერებისთვის ერთგვარი გაფრთხილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას შედარებით მცირე ზიანი მოჰყვა, სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ კასკადიის გეოლოგიური ზონა ანალოგიური ტიპის რღვევაა, რომელიც იმავე სეისმურ რკალზე მდებარეობს – წყნარი ოკეანის ე. წ. ცეცხლოვან რგოლზე.

„ცეცხლოვანი რგოლი“ 40 000-კილომეტრიან რკალს წარმოადგენს და 452 მოქმედ ვულკანს აერთიანებს. ის ვრცელდება სამხრეთ ამერიკიდან ჩრდილოეთ ამერიკის სანაპირომდე, ბერინგის სრუტის გავლით იაპონიასა და ახალ ზელანდიამდე. ეს გეოლოგიური რგოლი სეისმური ენერგიის დაგროვებისა და მოულოდნელი გამოთავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონაა პლანეტაზე.

მზად არის თუ არა აშშ ასეთი საფრთხისთვის?

მიუხედავად მრავალწლიანი გაფრთხილებებისა, აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს ინფრასტრუქტურა კვლავ სუსტი რგოლია. სპეციალისტების განცხადებით, რეგიონს არ გააჩნია საკმარისი რესურსი და გამართული საგანგებო გეგმა იმისთვის, რომ მეგამიწისძვრასა და მეგაცუნამის ერთდროულ დარტყმას გაუმკლავდეს.

განსაკუთრებით პრობლემურია კრიტიკული ობიექტების მდგრადობა – ელექტროენერგიის შეწყვეტა, ლოგისტიკური ქსელის პარალიზება და მოსახლეობის ევაკუაციის სირთულე სერიოზულ რისკს შექმნის. ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით კი, მოსალოდნელია, რომ ქალაქების დიდი ნაწილი, მაგ., როგორიცაა სიეტლი და პორტლენდი, სტიქიის შემდეგ დროებით მიუწვდომელი ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდეს.

ეს მხოლოდ დროის საკითხია

მეცნიერები ერთხმად აღნიშნავენ: კითხვა აღარ დგას ასე – მოხდება თუ არა ეს მიწისძვრა? კითხვა ასეთია – როდის? რაც უფრო დიდხანს გრძელდება სიწყნარე კასკადიის სუბდუქციის ზონაში, მით მეტი ენერგია გროვდება და მით უფრო დამანგრეველი იქნება მომავალი სეისმური აქტივობა.

„ჩვენ უკვე საკმარისად კარგად ვიცით, რომ სიჩუმე მატყუარაა. რაც უფრო წყნარადაა სუბდუქციური ზონა, მით მეტი ძალა იმალება მის მიღმა. და როდესაც მიწისძვრა მოხდება – შედეგები იქნება უპრეცედენტო!“ – ამბობს ცნობილი ამერიკელი გეოფიზიკოსი კრის გოლდფინგერი (Chris Goldfinger) ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელიც კასკადიის სუბდუქციის ზონაზე წლების განმავლობაში ატარებდა კვლევებს.

კასკადიის სუბდუქციის ზონა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გეოლოგიურ ზონად ითვლება თანამედროვე მსოფლიოში. თუ მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვერ მოემზადება სათანადოდ, შედეგი შეიძლება იყოს არა მხოლოდ მატერიალური ზარალი, არამედ ათიათასობით ადამიანის სიკვდილი. მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დროული რეაგირებისა და სათანადო მომზადების გარეშე შედეგები შეიძლება ტრაგიკული და შეუქცევადი აღმოჩნდეს.

დედამიწაზე დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა

დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა ჩილეში 1960 წლის 22 მაისს. მისი მაგნიტუდა 9.5 იყო. დაიღუპა 6 000-მდე ადამიანი (უმეტესად მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ცუნამის გამო, რომლის ტალღები 10 მეტრს აღწევდა). მიწისძვრის ეპიცენტრი წყნარი ოკეანის ტექტონიკური ფენის იმ წერტილში მდებარეობდა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ქერქის ქვეშაა.

ეს გეოლოგიური გარემოება ბევრი ელემენტით წააგავს კასკადიის სუბდუქციის ზონას, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს შეშფოთებას იმაზე, რომ აშშ-ის წყნარი ოკეანის სანაპირო შესაძლოა ანალოგიური მასშტაბის მიწისძვრის ეპიცენტრი გახდეს.

ნანა ძნელაძე

დაკავშირებულ თემაზე: სასწაულებრივი გადარჩენა – სირიაში მიწისძვრიდან 3 თვის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხალი მამაკაცი ამოიყვანეს

ამაღელვებელი კადრები – 40 საათის შემდეგ პატარა გოგონა ცოცხალი ამოიყვანეს ნანგრევებიდან (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close