
შედარებით ზომიერი ივლისის შემდეგ ესპანეთს ამ შაბათ-კვირას 2025 წლის ზაფხულის მეორე სიცხის ტალღა დაატყდება თავს, – მოსალოდნელია, რომ ჰაერის ტემპერატურა +45°C-ს მიაღწევს.
ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (AEMET) დაადასტურა, რომ კვირიდან, 3 აგვისტოდან, პირენეს ნახევარკუნძულზე მძლავრი ატმოსფერული ქედი განლაგდება, რაც ტემპერატურის განუხრელ მატებას გამოიწვევს. ექსტრემალური სიცხე შესაძლოა ოთხშაბათამდე გაგრძელდეს.
კვირა დღე ამ ცხელ პერიოდში გარდამტეხი მომენტი იქნება. ატმოსფეროს შუა ფენებში ძლიერი ქედი ზედაპირთან ინტენსიურ სიცხეს წარმოქმნის. ტემპერატურა, ზოგადად, მოიმატებს და ძირითადად ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთსა და ცენტრს შეეხება.
ყველაზე კრიტიკული დღეები ორშაბათი და სამშაბათი, 4-5 აგვისტო იქნება, ხოლო 5 აგვისტო შესაძლოა რეკორდულად ცხელიც კი აღმოჩნდეს. ანდალუსიისა და ესტრემადურის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ შესაძლოა ექსტრემალურ ნიშნულს, +45°C-ს მიაღწიოს, ხოლო ისეთ რეგიონებში, როგორიცაა: კასტილია-ლა-მანჩა, მადრიდი და მურსიის ზოგიერთი ნაწილი, მაქსიმალური ტემპერატურა +40°C-იდან +42°C-მდეა მოსალოდნელი.
ანდალუსიის, ესტრემადურის, სამხრეთ გალისიისა და კასტილია-ლა-მანჩის დიდ ნაწილში ტემპერატურა ამ დღეებში +40°C-ს გადააჭარბებს, რაც შესაძლოა ნორმას 10°C-ით აღემატებოდეს. განსაკუთრებით დაზარალდება მდინარეების – გვადიანის და გვადალკვივირის ხეობები, სადაც +42°C-ზე მეტი ტემპერტურის ალბათობა ძალიან მაღალია.
🌡⬆️ Calor intenso a partir del domingo en la mayor parte de España. Es probable que persista durante varios días.
— AEMET (@AEMET_Esp) July 30, 2025
→ Las masas de aire que sobrevolarán nuestro país serán hasta 10 °C más cálidas de lo normal.
→ 40 °C o más en amplias zona del centro y sur peninsular. pic.twitter.com/5H3rDhFfFQ
ტროპიკული ღამეები
სიცხე მხოლოდ დღისით არ იქნება, მნიშვნელოვნად გაიზრდება მინიმალური ტემპერატურაც და ნახევარკუნძულის უმეტეს ნაწილში ტროპიკული ღამეები (+20°C-ზე მეტი) დაბრუნდება, ხოლო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ეკვატორული ღამეებიც კია (+25°C-ზე მეტი) მოსალოდნელი.
ცენტრალური და სამხრეთ ესპანეთის დიდ რაიონებში ღამით ტემპერატურა +23°C-ზე, ზოგან +25°C-ზე დაბლაც არ დაიწევს, განსაკუთრებით ორშაბათს და სამშაბათს. დღისითაც და ღამითაც ასეთი სიცხე გააძლიერებს სითბური სტრესის შეგრძნებას და ღამით დასვენებას გაართულებს, განსაკუთრებით მეგაპოლისებში, ურბანული სითბური კუნძულების ეფექტის გამო.
ნინო ხოშტარია
კომენტარები