მსოფლიოპოლიტიკა

„არის თუ არა საფრანგეთის პირველი ლედი კაცი?“ – საფრანგეთის პრეზიდენტი და მისი მეუღლე ამერიკელ ბლოგერს უჩივიან

რა არის ცნობილი სკანდალური ვიდეოების შესახებ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და პირველმა ლედიმ ბრიჯიტ მაკრონმა სარჩელი შეიტანეს ამერიკელი ბლოგერის, კენდის ოუენსის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებს, რომ ბრიჯიტი სინამდვილეში მამაკაცია. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

დელავერის უზენაეს სასამართლოში შეტანილ სარჩელში მაკრონები ოუენსს ადანაშაულებენ საფრანგეთის პირველი ლედის „დამცირების გლობალურ კამპანიასა“ და „დაუნდობელ შევიწროებაში“. ისინი თვლიან, რომ ოუენსმა „გაავრცელა ყალბი ინფორმაცია“ ბრიჯიტის სქესის შესახებ „თავისი დამოუკიდებელი პლატფორმის რეკლამირებისათვის, პოპულარობის მოსაპოვებლად და ფულის საშოვნელად“.

როგორც მოსარჩელეები აღნიშნავენ, ამერიკელმა ბლოგერმა 72 წლის ბრიჯიტ მაკრონზე თქვა, რომ იგი მამაკაცია, რომელიც დაიბადა ჟან-მიშელ ტრონიეს სახელით (საფრანგეთის პირველი ლედის უფროსი ძმის ნამდვილი სახელი).

„ბევრმა ადამიანმა გაიგო და ბევრს სჯერა ამ ამაზრზენი ფაბრიკაციების. ეს ცილისწამება არაადამიანური და ღრმად უსამართლოა“, – ნათქვამია სარჩელში.

მაკრონების ადვოკატმა CNN-თან განმარტა, რომ ოუენსს მიმართეს თხოვნით, შეეწყვიტა ჭორის გავრცელება, თუმცა ბლოგერმა უარი თქვა, რის გამოც პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გადაწყვიტეს, ეჩივლათ.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სარჩელები მაღალი თანამდებობის პირებისთვის იშვიათია.

რა არის ცნობილი სკანდალური ვიდეოების შესახებ

მიმდინარე წლის მარტში ოუენსმა Youtube-ზე გაავრცელა რვაეპიზოდიანი ვიდეო სახელწოდებით: „არის თუ არა საფრანგეთის პირველი ლედი კაცი?“

მაგრამ ეს არ არის ერთადერთი შოკის მომგვრელი განცხადება, რომელიც ოუენსმა გააკეთა: ის, აგრეთვე, ამტკიცებს, რომ ემანუელი და ბრიჯიტი სისხლით ნათესავები არიან და თავად ემანუელ მაკრონი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ ადამიანებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგია.

ოუენსი სარჩელს არ შეუშინებია. იგი დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს და ამბობს, რომ მას დაიცავს „ამერიკელი ჟურნალისტის უფლებები, რომლებიც გარანტირებულია პირველი შესწორებით“.

როგორც  Financial Times-ი იტყობინება, 2024 წლის შემოდგომაზე სასამართლომ ჟურნალისტი ნატაშა რეი ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო მისი გამოძიების გამო, რომელშიც იგი, ასევე, ამტკიცებდა, რომ ბრიჯიტ მაკრონი სინამდვილეში მამაკაცად დაიბადა და ჟან-მიშელი დაარქვეს, ხოლო მოგვიანებით სქესი შეიცვალა. სასამართლომ რეი 500 ევროთი დააჯარიმა და 8000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა, თუმცა ივლისში სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტი გაამართლა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მაკრონების წყვილი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, როცა კამერამ დააფიქსირა, როგორ გაარტყა სახეში საფრანგეთის პირველმა ლედიმ ქმარს.

მანანა ბანძელაძე

დაკავშირებულ თემაზე: ემანუელ მაკრონს მეუღლემ სილა გააწნა, რაც ვიდეოკამერამ დააფიქსირა – მაკრონი უარყოფს „ოჯახურ სცენას“(ვიდეო)

ემანუელ მაკრონს მეუღლემ სილა გააწნა, რაც ვიდეოკამერამ დააფიქსირა – მაკრონი უარყოფს „ოჯახურ სცენას“(ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close