
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, 20 ივნისს შერეულ (ვაჟთა და ქალთა) გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მას შემდეგ, რაც ძიუდოს გუნდური ჩემპიონატი შერეული ნაკრებით ტარდება (სამი მამაკაცი, სამი ქალი), საქართველო მსოფლიო ჩემპიონი პირველად გახდა (ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოზე ორჯერ გახდნენ ბრინჯაოს პრიზიორები), მანამდე ზედიზედ შვიდჯერ იაპონიის ნაკრებმა იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა. წელს კი საქართველომ იაპონია ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში დაამარცხა 4:2.
წელსვე, აპრილში საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტებმა მერვედფინალში ჩინეთის ნაკრები დაამარცხეს 4:1, მეოთხედფინალში იტალიას მოუგეს მშრალი ანგარიშით – 4:0, ნახევარფინალში კი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, იაპონიას 4:2 სძლიეს.
ასე რომ, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის Papp Laszlo Arena-ზე 20 ივნისს მეორედ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.
ინდივიდუალურ შეჯიბრებების დასრულების შემდეგ კი საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი გახდა საქართველოდან, ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლუკა მაისურაძემ (90 კგ) კი – ბრინჯაოს მედალი.
ნუცა ყაველაშვილი
ვიდეო: ფინალური შეხვედრა სამხრეთ კორეის ნაკრებთან:
კომენტარები