მსოფლიოპოლიტიკასაქართველო

ევროპარლამენტმა ახალი რეზოლუციით მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ, უპირობო გათავისუფლება მოითხოვა

ევროპარლამენტმა 19 ივნისს მიიღო რეზოლუცია „ბათუმელების“ დამფუძნებელზე მზია ამაღლობელზე და ჟურნალისტის დაუყოვნებლივ უპირობოდ გათავისუფლება და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნა მოითხოვა.

პლენარულ სესიას 436 ევროპარლამენტარი ესწრებოდა. რეზოლუციას, სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“, მხარი დაუჭირა 324-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა 25, ხოლო 87-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციაში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ საქართველოში „დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს ყველა რეპრესიული კანონმდებლობა“.

„საქართველოს შესახებ წინა რეზოლუციების გათვალისწინებით, რეგლამენტის 150(5) და 136(4) წესების გათვალისწინებით,

ვინაიდან  მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი,  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი, პროევროპული საპროტესტო აქციების დროს 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს და პოლიციელთან დაკავშირებული პროვოცირებული ინციდენტისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება;

ვინაიდან დრაკონული კანონმდებლობის მიღება, როგორიცაა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) და ცვლილებები მაუწყებლობის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და გრანტების შესახებ კანონებში წარმოადგენს დემოკრატიული უკუსვლის სახიფათო დაჩქარებას და მიზანმიმართულ ავტორიტარულ სტრატეგიას „ქართული ოცნების“ მიერ კრიტიკული ოპოზიციისა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ხმების ჩასახშობად;

იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გაანადგურა ქვეყანაში დარჩენილი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები;

იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი საინფორმაციის სივრცე სრულად არის დაპყრობილი პროსამთავრობო მედიის მიერ, რომელიც ავრცელებს რუსული სტილის პროპაგანდას და ანტიევროპულ დეზინფორმაციას;

იმის გათვალისწინებით, რომ მზია ამაღლობელის საქმეში ხელისუფლებამ უგულებელყო პროცედურული დაცვის მექანიზმები, მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკისრა წინასწარი პატიმრობა, რაც გაპროტესტებულია სახალხო დამცველის მიერ და დანიშნა მოსამართლე, რომელსაც არ გააჩნია სისხლის სამართლის კვალიფიკაცია;

იმის გათვალისწინებით, რომ იგი ისჯება კორუფციის გამოვლენისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის;

ვინაიდან, გავრცელებული ინფორმაციით, მან განიცადა არაადამიანური მოპყრობა და 38-დღიანი შიმშილობას მიმართა;

ვინაიდან ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს პერსონალური სანქციები ქართველ მოსამართლეებსა და პოლიციელებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან მზია ამაღლობელის საქმესთან.

[რეზოლუციით ევროპარლამენტი]

მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას;

მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე;

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავებების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო, მათ შორის, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი დევნის, ძალადობისა და გენდერული ძალადობის გამო;

მოუწოდებს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება;

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები: ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გმობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მუქარების შესახებ შეტყობინებებს;

მოუწოდებს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ, დემოკრატიის აღდგენისა და მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრული დაცვისკენ;

მოუწოდებს ევროკავშირს, გააძლიეროს მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის FARA-ს ძალაში შესვლის შემდეგ და აკონტროლოს მიმდინარე სასამართლო პროცესები;

სინანულს გამოთქვამს ევროკავშირის საბჭოს, წევრი ქვეყნებისა და ევროკომისიის მუდმივი უმოქმედობის გამო და იმეორებს წევრი ქვეყნებისადმი თავის მრავალგზის მოწოდებას, დააწესონ ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე;

გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმის ბოლოდროინდელი ტალღის გამო, რომელიც გამოწვეულია ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულების მოთხოვნით, ისეთის, როგორიცაა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ითხოვს ბოლო წელიწად-ნახევრის დეტალური ფინანსური, სამართლებრივი და ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებას სამ სამუშაო დღეში;

ხაზს უსვამს, რომ ეს მოთხოვნა თავისი განზრახვით შეუსრულებელია და, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის სამიზნე ორგანიზაციების მუშაობას და მათი საქმიანობის შეჩერებას;

ავალებს თავის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთოს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

„ქართული ოცნების“ გუნდში, ისევე როგორც მანამდე მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციებთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სამართლიან ინფორმაციაზე დაფუძნებული არ არის და გარემოებებს რეალურად არ აფასებენ. „…ინფორმაციას მათივე შექმნილი წყაროდან იღებენ – არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიიდან, რომლებიც ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის გეგმაში“, –  განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ კი ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად კი განაცხადა, რომ „ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ისინი დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა.“

მედიაგამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 151-ე დღეა, პატიმრობაშია. იგი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით. მას დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, სააპელაციო სასამართლომ კი სააპელაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

მზია ამაღლობელი 12 იანვრიდან შიმშილობდა, მან შიმშილობა ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესების გამო 38-ე დღეს შეწყვიტა.

ამავე თემაზე: ევროკავშირის ელჩი: „მზია ამაღლობელის საქმე აღმაშფოთებელია, გაოგნებული ვარ მისი შიმშილობით, უკვე 16 დღეა, წინასწარ პატიმრობაშია სისხლის სამართლის ბრალდებით, თითქოსდა პოლიციელს სცემა“

მზია ამაღლობელმა 38-ე დღეს შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close