
როცა საუბარია ირანის ბირთვულ პროგრამაზე, ერთი ობიექტი გამუდმებით იწვევს განსაკუთრებულ ყურადღებას დასავლეთის სამხედრო ანალიტიკოსებსა და დაზვერვის სტრუქტურებში – ფორდო. ეს მიწისქვეშა ბირთვული კომპლექსი, რომელიც ქუმის მახლობლად მდებარე მთებშია ჩამალული, ირანის ტექნოლოგიური ამბიციისა და დასავლეთის იმ შესაძლო სამხედრო სცენარების შეზღუდვის სიმბოლოდ იქცა, რომელთა მიზანს თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის სამუდამოდ შეჩერება წარმოადგენს. და ახლა თითქმის ყველა ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა, ფორდოს კომპლექსი მწყობრიდან გამოიყვანოს და მისი ფუნქციონირება შეაჩეროს.
მიწისქვეშა ციხესიმაგრე
ფორდო ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის ჯაჭვში მხოლოდ ერთი რგოლი არ არის. მთის მასივის ქვეშ, დიდ სიღრმეში, სავარაუდოდ, 2002 წელს აგებული ეს ობიექტი ისეა გამაგრებული რკინაბეტონით, რომ პირდაპირ ავიადარტყმებს გაუძლოს. დასავლელი ექსპერტების შეფასებით, ობიექტი მიწის ქვეშ, მთის ქანებში, 90 მეტრის სიღრმეშია განთავსებული. ირანელმა ინჟინრებმა ცენტრიფუგები იმდენად ღრმად დამალეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ჩვეულებრივმა საჰაერო დარტყმებმა – თუნდაც უზუსტესმა – მათ კრიტიკული ზიანი მიყენოს.
ფორდო ნათანზის შემდეგ მეორე ბირთვული ობიექტია ირანში, რომელიც ურანის გამდიდრებაზე მუშაობს. ის შიიტებისთვის წმინდა ქალაქ ქუმიდან დაახლ. 30 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, თეირანის სამხრეთით და ისრაელისთვის სტრატეგიული სამიზნეა. Libération-ის ცნობით, რომელსაც გამოცემა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე (ააეს, International Atomic Energy Agency – IAEA) დაყრდნობით ავრცელებს, ფორდოში მდებარეობს 2264 ცერნტრიფუგა იმ 18 000-იდან, რომელსაც ირანი ამ ეტაპზე ფლობს. Financial Times-ის ცნობით, მართალია, ნათანზში 16 000-მდე ცენტრიფუგაა, მაგრამ ამ ბირთვული ობიექტის დანიშნულებაა ურანის გამდიდრება უფრო დაბალ დონეზე.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მტკიცებით, ფორდოში ირანი აპირებდა ნაკლებად განვითარებული ცენტრიფუგების – IR-1-ის უფრო მაღალგანვითარებულით, IR-6-ით ჩანაცვლებას . 2023 წელს სააგენტომ ფორდოში დააფიქსირა 83,7%-მდე გამდიდრებული ნაწილაკები, რაც ახლოსაა ბირთვული იარაღის შექმნისთვის საჭირო 90%-თან. ამიტომაცაა ამ ბირთვული ობიექტის ლიკვიდაცია ისრაელისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
ევროპის უუნარობა და რეგიონული დამოკიდებულება
როგორც აღვნიშნეთ, არც ისრაელი და არც მისი ევროპელი მოკავშირეები არ ფლობენ საკმარის სამხედრო შესაძლებლობებს ფორდოს ტიპის ობიექტის გასანადგურებლად. ისრაელის ავიაგამანადგურებლების თანამედროვე არსენალიც კი, უახლესი საბრძოლო მასალებითა და დრონებით, ვერ უზრუნველყოფს ამ გამაგრებული ობიექტის კრიტიკულ დაზიანებას. გარდა იარაღისა, მსგავსი ოპერაციის განსახორციელებლად საჭიროა მასშტაბური ლოგისტიკა (რომელიც მოიცავს ჰაერში საწვავის შევსებას, დაზვერვას და სპარსეთის ყურის ქვეყნების საჰაერო სივრცის კონტროლს), რასაც ისრაელი საბოლოო ჯამში აშშ-ის გარეშე ვერ შეძლებს.
არსებული მონაცემებით, მიწისქვეშ დაახლოებით 90 მეტრ სიღრმეში განლაგებული ობიექტი გარშემორტყმულია ბეტონით, არმატურითა და გვირაბების სისტემით. ეს ფორდოს, პრაქტიკულად, სრულად დაცულს ხდის უმეტესი იარაღისგან, სპეციალიზებულის გარდა – ასეთი იარაღი კი მხოლოდ აშშ-ს აქვს: GBU-57 ზემძიმე ბომბები (13 607 კგ), რომლებიც ცნობილია, როგორც „ბუნკერის ამფეთქებლები“ (Bunker Buster), თუმცა ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ფორდოს შემთხვევაში დიდი ალბათობით ეს ბომბებიც არ იმუშავებს, რადგან მათი შეღწევის სიღრმე დაახლოებით 61 მეტრია.
ევროპა, თავის მხრივ, ისევ დიპლომატიურ არხებს და სტრატეგიული შეკავების პოლიტიკას ანიჭებს უპირატესობას. პარიზი, ბერლინი და ლონდონი სამხედრო მოქმედებას ბოლო ვარიანტად განიხილავენ – ისიც მხოლოდ აშშ-ის ჩართულობის პირობებში.
ვაშინგტონი – უკანასკნელი ბერკეტი
ამ კონტექსტში მხოლოდ პენტაგონი რჩება რეალურ ძალად, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მოვლენების განვითარება, თუ აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამას საჭიროდ ჩათვლის. ძლიერი შეღწევადობის შესაძლებლობებითა და გლობალური სადაზვერვო ქსელის მხარდაჭერით შეიარაღებულ შეერთებულ შტატებს შეუძლია ფორდოს წინააღმდეგ ოპერაციის დამოუკიდებლად განხორციელება, თუმცა ვაშინგტონი დილემის წინაშეც დგას: მისი მხრიდან ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ შეიძლება ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვიოს, რაც გლობალურ ეკონომიკასა და რეგიონის სტაბილურობაზე უარყოფითად აისახება.
ფორდო, როგორც ჩიხის სიმბოლო
ამრიგად, ფორდო არა მხოლოდ ობიექტია, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული მეტაფორა. ის განასახიერებს წერტილს, სადაც დიპლომატია ფიზიკურ ზღვარს ეჯახება, ხოლო საერთაშორისო საზოგადოება შეზღუდული გავლენის რეალობის წინაშე დგება. სანამ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ფიქრობს (იმის მიუხედავად, რომ როგორც ზოგიერთი მედიასაშუალება ამტკიცებს, გეგმა უკვე მზად არის და საჭიროა მხოლოდ მის აღსრულების გადაწყვეტილების მიღება), ირანი ისევ დიდ გულზეა, თუმცა თეირანშიც ესმით, რომ თუ აშშ გადაწყვეტილებას მიიღებს, მხოლოდ მას ერთადერთს შეუძლია ფორდოს მიწისქვეშა „ციხესიმაგრის“ ნანგრევებად ქცევა.
თუმცა ამ ქმედებას შესაძლოა მოჰყვეს მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია, ნავთობის ბაზრების რყევა და პირდაპირი ომი ირანთან, ამიტომაც არის, რომ თეთრი სახლი ჯერჯერობით თავს იკავებს და ირანის კაპიტულაციას ელოდება.
ოთხშაბათს, 18 ივნისს „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ციფრულ გამოცემაში გამოქვეყნდა ინფორმაცია სამ „საქმის კურსში მყოფ“ წყაროზე დაყრდნობით, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ირანზე თავდასხმის გეგმები უკვე დაამტკიცა, მაგრამ „საბოლოო ბრძანება“ ჯერ არ გაუცია, რადგან ელოდება, მოახდენს თუ არა ირანი კაპიტულაციას და იტყვის თუ არა ის უარს ბირთვულ პროგრამაზე, რასაც თეირანი კატეგორიულად გამორიცხავს. მანამდე, 2 თვით ადრე, ტრამპმა 60-დღიანი ვადა მისცა თეირანს, რომელიც გუშინ ამოიწურა.
თუმცა არსებობს ალტერნატიული მიდგომებიც, როგორ შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს ფორდოს ბირთვული ობიექტი.
„ციხე შიგნიდან ტყდება“ – ფორდოს მოწყვლადი მხარეები
რამდენადაც ხელშეუხებელი არ უნდა ჩანდეს ფორდო, სპეციალისტების თქმით, ობიექტს აქვს კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუსტი წერტილები. კერძოდ:
-
ვენტილაციის გვირაბები, რომლებიც სიღრმეში ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს;
-
ენერგომომარაგების ქსელი, რის მეშვეობით ურანის გამამდიდრებელი სისტემები იკვებება;
-
ტექნიკური და სატრანსპორტო გვირაბები, რომლებიც ფორდოს სხვა სამხედრო ობიექტებთან აკავშირებს.
ექსპერტების აზრით, ფორდოს ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ელემენტი ენერგომომარაგების სისტემებია. კომპლექსს არ შეუძლია ავტონომიურად ფუნქციონირება: ცენტრიფუგებს სჭირდება სტაბილური ენერგომომარაგება, ხოლო ვენტილაციის მილები უზრუნველყოფს გაგრილებას და უსაფრთხოებას. ამ სისტემებზე მიზანმიმართულმა შეტევამ – მაგალითად, ზუსტი ბომბებით ან კიბერჩარევით – შესაძლოა ფიზიკურად არ გაანადგუროს ობიექტი, თუმცა მისი ფუნქციონირების სრულ პარალიზებას შეძლებს.
სწორედ ასე იმოქმედა აშშ-მა წარსულში სტაქსნეტის (Stuxnet) კიბერშეტევით, რომელმაც ბუშერის რეაქტორის პარალიზება მოახდინა. ამ პრეცედენტმა აჩვენა, რომ ფიზიკური ბომბის გარეშე შეიძლება მიაღწიო მიზანს – ობიექტის გათიშვას.
გარდა ამისა, დაზვერვა მიუთითებს გვირაბების გრძელი სისტემის არსებობაზე, რომელიც ფორდოს სხვა სამხედრო ობიექტებთან აკავშირებს. ეს გასასვლელები პოტენციური მარშრუტია როგორც ევაკუაციისთვის, ისე აღჭურვილობის მისაწოდებლად, თუმცა ომის შემთხვევაში ისინი შეიძლება კრიტიკულად მოწყვლადი გახდნენ, განსაკუთრებით თუ მათი კოორდინატები ცნობილია ამერიკული სადაზვერვო სამსახურებისთვის.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ფორდო აუღებელ „ციხესიმაგრედ“ ჩანს, აშშ-ის არსენალში ზეწოლის სხვა, უფრო ზუსტი და დახვეწილი ინსტრუმენტებიც არსებობს. სწორედ მათი გამოყენება შეიძლება გახდეს შემდეგი თავი უხილავი ომისა, სადაც ბეტონი კოდთან მარცხდება, ხოლო მიწისქვეშა ციხესიმაგრის „აქილევსის ქუსლი“ – საკუთარი ინფრასტრუქტურის სისუსტეები ხდება.
სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ და მისი შედეგები დღეისათვის (13-19 ივნისი, 2025)
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით Rising Lion („ამომავალი ლომი“) 13 ივნისის გამთენიისას დაიწყო – ისრაელის ძალებმა ბირთვულ ობიექტებზე, სამხედრო ბაზებსა და ირანის არმიის პერსონალზე თავდასხმა განახორციელა. ისრაელის ხელისუფლებამ სამხედრო ოპერაციის დაწყების მიზეზად თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნისადმი სახიფათო მიდგომა დაასახელა. თავის მხრივ, ირანმა კიდევ ერთხელ უარყო ატომური ბომბის შექმნის ბრალდებები და ისრაელის დარტყმებს ასობით ბალისტიკური რაკეტის გაშვებით უპასუხა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების („ცახალი“) დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამა წლებით უკან დახია, თუმცა აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის მაღალგამდიდრებული ურანის (90%-მდე) წარმოებისთვის კიდევ მინიმუმ სამი წელი დასჭირდებოდა. ამავდროულად, აშშ-ის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ისრაელის სარაკეტო დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ რამდენიმე თვით დახია უკან.
ირანის მოსახლეობაში შიში და უმწეობა სუფევს. თეირანიდან მანქანის კოლონები გადის, მოსახლეობა ცდილობს, ევაკუაციით გადაარჩინოს საკუთარი და თავისი ოჯახის წევრების სიცოცხლე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტრამპი გამოვიდა მოწოდებით, ყველამ დატოვოს თეირანი, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, „ყველაში“ იგულისხმა თუ არა 12,5-მილიონიანი ქალაქის მთელი მოსახლეობა და რა გახდა ამ მოწოდების მიზეზი.
„ჩვენ ვეუბნებით თეირანის მოსახლეობას: „ევაკუაცია!“ და ჩვენ ვმოქმედებთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 16 ივნისს. თუმცა მოქალაქეებმა არ იციან, სად უნდა გაიქცნენ და სად იქნებიან ისინი რეალურად უსაფრთხოდ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანის მიერ ისრაელზე ღამით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ირანის დედაქალაქზე საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. „თეირანის მოსახლეობა მალე გადაიხდის საფასურს“, – დაწერა მან. თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ თავისი სიტყვები შეარბილა და განმარტა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ გაუკეთებია განცხადება. „მინდა განვმარტო აშკარა რამ: ჩვენ არ გვაქვს განზრახვა, ზიანი მივაყენოთ თეირანის მოსახლეობას – როგორც მკვლელი დიქტატორი ექცევა ისრაელის ხალხს“.
„ეს არ არის ომი ირანელ და ისრაელელ ხალხებს შორის და ის რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, – წერს მეჰრდად დარვიშპური, შვედეთის მელარდალენის უნივერსიტეტის პროფესორი. – ამ კონფლიქტში შემდგომი უკონტროლო ნგრევის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის ის, რომ მშვიდობისა და დემოკრატიის ყველა მხარდამჭერმა ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რათა შეწყვიტოს თავდასხმები და დაარწმუნოს ირანი მოლაპარაკებების წარმოებაზე“, – ამბობს იგი, თუმცა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოლაპარაკებების ნაცვლად დიდ გულზეა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანის „უპირობო კაპიტულაციის“ მოწოდების შემდეგ ხამენეი დაიმუქრა: „ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ჩარევა, უდავოდ, მათ [აშშ-ს] გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს“, – გაავრცელა მისი განცხადება ოთხშაბათს, 18 ივნისს, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ.
ხამენეიმ ტრამპის მოთხოვნა უარყო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანელ ხალხთან „მუქარის ენაზე საუბარი არ შეიძლება“, მაშინ როცა ირანელებს „მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, წინააღმდეგობა გაუწიონ თავს მოხვეულ ომს ისევე, როგორც თავს მოხვეულ მშვიდობას“. DPA აღნიშნავს, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზიებმა ხამენეის განცხადება ისე გადასცეს, რომ მათი ლიდერი არც ეკრანზე ჩანდა და არც მისი ხმა ისმოდა. ეს განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომა გასაკვირი არ არის მას შემდეგ, რაც ჯერ ნეთანიაჰუმ ახსენა მისი ლიკვიდაციის შესაძლებლობა, შემდეგ კი – ტრამპმა.
18 ივნისს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების შეკითხვაზე ირანის რეჟიმის დამხობის შესაძლებლობის შესახებ, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა უპასუხა: „ეს შეიძლება მოხდეს… ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ასე არ არის?“
როგორც ტრამპმა განმარტა: შეერთებული შტატები ირანში „ცეცხლის შეწყვეტას“ კი არა, არამედ „სრულ და აბსოლუტურ გამარჯვებას“ აპირებს.
„იცით თქვენ, რა არის გამარჯვება? არანაირი ბირთვული იარაღი“, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
მანამდე ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ თეირანისგან „უპირობო დანებებას“ ელოდება; რომ აშშ ირანის საჰაერო სივრცეს სრულად აკონტროლებს და ხამენეის ღიად დაემუქრა. ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე. წ. „უზენაესი ლიდერი“, – დაწერა ტრამპმა და აიათოლა „იოლ სამიზნედ“ მოიხსენია, თუმცა დასძინა, რომ ირანის ლიდერს არ მოკლავენ, „ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით“.
ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ აიათოლა ალი ხამენეის „საბოლოო დანიშნულების პუნქტი“, სხვა დიქტატორების მსგავსად, რუსეთი იქნება.
ორმხრივი საჰაერო იერიშები გრძელდება
კონფლიქტი კი გრძელდება: დღეს, დილაადრიან ირანის სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელში 65 ადამიანი დაშავდა. სერიოზულად დაზიანდა „სოროკას“ საავადმყოფო ქალაქ ბეერ-შევაში, დანგრეულია საცხოვრებელი შენობები რამათ-განსა და ხოლონში (ხულონი). ბეერ-შევას საავადმყოფოზე დარტყმის შედეგად, სულ ცოტა, 32 ადამიანი დაშავდა, 3 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ისრაელმა ოთხშაბათიდან ხუთშაბათს ღამით დაარტყა სამიზნეებს თეირანში, აგრეთვე, არაქში, სადაც განლაგებულია მძიმეწყლოვანი რეაქტორი. აესს-ის ცნობით, რადიაციული ფონი მომატებული არ არის.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის განცხადებით, რეაქტორი მაღალი შემცველობის პლუტონიუმის წარმოებისთვის შეიქმნა, რომელიც ბირთვული იარაღის დასამზადებლად გამოიყენება.
„დარტყმის სამიზნე პლუტონიუმის წარმოებისთვის განკუთვნილი კომპონენტი იყო, რათა ხელი შეეშალათ რეაქტორის აღდგენისა და მისი ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოყენებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ცახალის“ ინფორმაციით, ირანზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმაში 40 გამანადგურებელი მონაწილეობდა, რომელთა სამიზნეც ათობით სამხედრო პუნქტი იყო, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტების და ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების ასაწყობი ობიექტები.

აშშ-ს ირანზე შეტევის გეგმა მზად აქვს?
აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავს შესაძლებლობას, რომ შტატები შეუერთდება ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს. ტრამპის ადმინისტრაციიდან პრესაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა უკვე დაამტკიცა ირანზე შეტევის გეგმა, თუმცა მისი აღსრულების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ელოდება, რომ ირანიმაინც იტყვის უარს თავის ბირთვულ პროგრამაზე. ტრამპის თქმით, 20 წლის წინათაც ამბობდა, რომ არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, რადგან იგი მას აუცილებლად გამოიყენებს.
19 ივნისს თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლინ ლევიტმა თეთრი სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირან-ისრაელის კონფლიქტში აშშ-ის ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ კვირაში მიიღებს „იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს მომავალში ირანთან მოლაპარაკებების დიდი ალბათობა არსებობს“,
აიათოლა ხამენეი – „თანამედროვე ჰიტლერი“
Times of Israel-ის ცნობით, დღეს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ხოლონში სარაკეტო დარტყმის ადგილის მონახულებისას ირანის სულიერი ლიდერი ჰიტლერს შეადარა და თქვა, რომ ირანთან ომის ერთ-ერთი მიზანი აიათოლა ხამანეის ფიზიკური მოშორებაა.
„ჰოლოკოსტის დროს ისრაელის სახელმწიფო რომ არსებულიყო და გვცოდნოდა, რომ შეგვეძლო „ცახალის“ ბუნკერში გაგზავნა, რათა შეგვეპყრო ჰიტლერი და ხელი შეგვეშალა მისთვის ებრაელების განადგურებაში, ჩვენ ამას გავაკეთებდით. ხამენეი – თანამედროვე ჰიტლერია“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
კითხვაზე, შედის თუ არა ისრაელის საომარ მიზნებში ხამენეის მოშორება, ისრაელ კაცმა უპასუხა: „ომის მიზნებია – ბირთვული საფრთხის თავიდან აცილება, ნგრევის წყაროების ლიკვიდაცია და საჰაერო საფრთხეების ნეიტრალიზება. აღნიშნული მიზნების ფარგლებში ცახალმა მიიღო ინსტრუქციები და იცის, რომ ყველა ამ მიზნის მისაღწევად ამ ადამიანმა აღარ უნდა იარსებოს“.
ისრაელის ელჩმა აშშ-ში იეჩიელ ლეიტერმა განაცხადა, რომ ირანს აღარც ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში ევროპელ კოლეგებს შეხვდება
19 ივნისს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი პარასკევს ჟენევაში ბრიტანელ, ფრანგ და გერმანელ კოლეგებს შეხვდება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელ კაია კალასთან ერთად.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ინფორმაციით, აბას არაღჩი ამ ინფორმაციას თავად ადასტურებს. მედიის ცნობით, შეხვედრაზე იგი ირანის ბირთვულ პროგრამაზე იმსჯელებს.
როგორც მედია წერს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და ევროკავშირს შორის ხვალ შვეიცარიაში დაგეგმილი მოლაპარაკებები ტრამპის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით წარიმართება.
ამავე დროს, „როიტერის“ ცნობით, ირანსა და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირების დაწყების შემდეგ აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რამდენჯერმე ტელეფონით ესაუბრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის, რომელმაც ყოველ ჯერზე დაადასტურა, რომ თეირანი არ დაუბრუნდება ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებას, თუ ისრაელი თავდასხმებს არ შეწყვეტს.
ომი ადამიანებს იწირავს
ამასობაში კი ადამიანები იღუპებიან, მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვები, ქალები, მოხუცები.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, 13 ივნისიდან დღემდე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად ირანში დაღუპულია, სულ ცოტა, 639 ადამიანი, მათ შორის, დაახლოებით 263 სამოქალაქო პირია. დაშავებულია 1300-ზე მეტი ადამიანი. 2 დღის წინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მოკლულია 14 ბირთვული მეცნიერი, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამაში იყვნენ ჩართულები.
მსხვერპლი არის ისრაელის მხარესაც – უფრო მეტი, ვიდრე მოელოდნენ. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ისრაელზე ირანის საპასუხო შეტევების შედეგად დაიღუპა 24-იდან 40-მდე ადამიანი, 500-ზე მეტი კი დაიჭრა.
ნიკო აბაშიშვილი
ამავე თემაზე: ეს არის დიდი რეგიონული ომის დასაწყისი – რა შეიძლება მოჰყბვეს ისრაელი-ირანის დაპირისპირებას.
ისრაელის ფართომასშტაბიანი იერიში ირანზე და ირანის პასუხი – ორივე მხარეს არიან დაღუპულები (ვიდეო)
კომენტარები