შეთანხმება მიღწეულია – რას გულისხმობს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი წესები

ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა (EP) მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესებზე შეთანხმებას მიაღწიეს. განახლებული მექანიზმი საშუალებას აძლევს ევროკავშირს შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე (ევროკავშირის არაწევრი) ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან ვიზაზე განაცხადის შეტანისგან შენგენის ზონაში მოგზაურობისას. ევროპული საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ განახლებული წესებით „ევროკავშირი უფრო უკეთ შეძლებს რეაგირებას ისეთ სიტუაციაზე, როდესაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ბოროტად არის გამოყენებული ან ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს“.
ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის შეთანხმების თანახმად, უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი საფუძვლები შემდეგნაირად განისაზღვრა:
- ქვეყნის უვიზო რეჟიმის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, იმ შემთხვევებში – როდესაც ამ ქვეყნის ევროკავშირთან გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე – ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვა მესამე ქვეყნების მოქალაქეების არასანქცირებული ჩამოსვლის ზრდა.
- ინვესტორთა მოქალაქეობის სქემის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციების სანაცვლოდ, მოქალაქეობა ენიჭებათ იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან.
- ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კანონმდებლობასა და პროცედურებში.
- ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს.
ხაზგასმულია, რომ აღნიშნული საფუძვლები ემატება უკვე არსებულს, როგორიცაა თავშესაფრის განაცხადების რაოდენობის ზრდა იმ ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომლისთვისაც თავშესაფრის აღიარების მაჩვენებელი დაბალია ან მესამე ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის ზრდა, რომლებსაც უარი ეთქვათ შესვლაზე ან დადგინდა, რომ ისინი აჭარბებდნენ დარჩენის ვადას.
განცხადებიდან ვიგებთ, საბჭო და ევროპარლამენტი ასევე შეთანხმდნენ მექანიზმის გაუმჯობესებაზე, რომელიც უვიზო მიმოსვლას შეუზღუდავს მხოლოდ თანამდებობის იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფუნდამენტური უფლებებისა და საგარეო ურთიერთობების ვალდებულებების დარღვევაზე, რადგანაც, როგორც განცხადებაში განმარტებულია, იმ შემთხვევებში, თუ მთავრობა აშკარად პასუხისმგებელია სიტუაციის გაუარესებაზე, მთლიანი მოსახლეობის მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არაპროპორციული იქნება.
ევროპის საბჭო და ევროპარლამენტი ითხოვენ უვიზოდ გადაადგილების სარგებლობის შეჩერების ხანგრძლივობის ზრდასაც არსებული 9 თვიდან 12 თვემდე. ეს პირველადი პერიოდი შესაძლებელია კიდევ 24 თვით გახანგრძლივდეს (ნაცვლად ამჟამად არსებული სისტემით გათვალისწინებული 18 თვისა).
დროებითი შეჩერების ეს ფაზა საშუალებას მისცემს ევროკომისიას, აწარმოოს დიალოგი მესამე ქვეყანასთან, რათა ამ ქვეყანამ შეძლოს შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორება.
ევროკავშირს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სამუდამოდ გაუქმებაზეც, თუ მესამე ქვეყანა არ გადახედავს დროებითი შეჩერების გამომწვევ მიზეზებს.
შემდგომი ნაბიჯები
ახლა ეს წინასწარი შეთანხმება ორივე ინსტიტუციამ – ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა – უნდა დაადასტუროს, სანამ მას ოფიციალურად დაამტკიცებენ.
წინასტორია
მესამე (ევროკავშირის არაწევრ) ქვეყნებთან 2013 წლიდან მოქმედი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენებისგან დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. მის საფუძველზე ევროკავშირს შეუძლია გარკვეული პირობების შემთხვევაში დროებით შეაჩეროს ვიზებისგან გათავისუფლება.
უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ბოროტად გამოყენება შეიძლება არალეგალური მიგრაციის მიზეზი გახდეს. მაგალითად, ეს ხდება მაშინ, როდესაც მოგზაურები უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ქვეყანაში ყოფნის ლეგალური ვადის გასვლის შემდეგაც კი რჩებიან. ბოლო წლებში ევროკავშირში ასევე შეინიშნება თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის განაცხადების დიდი რაოდენობა იმ ადამიანებისგან, რომლებიც უვიზოდ ჩავიდნენ შენგენის ზონაში. თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადების რაოდენობა ასევე შეიძლება გაიზარდოს მაშინ, როდესაც ადამიანები ევროკავშირში არალეგალურად ჩასვლისთვის „ტრამპლინად“ იყენებენ ევროკავშირთან ახლომდებარე ქვეყნებს, რომელთა სავიზო პოლიტიკა არ შეესაბამება ევროკავშირის პოლიტიკას, – ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ადრე ვწერდით, რომ ევროკავშირი გეგმავს, 61 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების მექანიზმი გაამარტივოს – როდის არის მოსალოდნელი გამკაცრებული კანონმდებლობის მიღება
კომენტარები