მსოფლიოპოლიტიკა

რას ნიშნავს კოდი „86 47“ და რატომ უკავშირებენ მას ტრამპის მკვლელობისკენ მოწოდებას

FBI-ს ყოფილი დირექტორის, ჯეიმზ კომის მიერ ზღვის ნიჟარებით ქვიშაზე გრაფიკულად გამოსახული  ციფრების კომბინაციის „86 47“ ფოტოს გამოქვეყნება სკანდალად იქცა, რომელსაც შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს. სკანდალის არსის უკეთ გასაგებად, აუცილებელია გავიგოთ, ვინ არის ეს ადამიანი და რას ნიშნავს ეს ციფრები.

13 მაისს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ექსდირექტორმა ჯეიმზ კომიმ ინსტაგრამზე დაპოსტა, რომ პლაჟზე სეირნობისას შემთხვევით ქვიშაში „მაგარი“ კომპოზიცია იპოვა და გამოაქვეყნა ფოტო გამოსახულებით „86 47“. ფოტოს ახლავს კომენტარი: „ლამაზი ნიჟარების ფორმაცია სანაპიროზე ჩემი გასეირნების დროს“.

პოსტმა პოლიტიკურ წრეებში პანიკა გამოიწვია.

ამერიკელი ლიდერის ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა, განაცხადა, რომ კომი მამამისს მოკვლით დაემუქრა. მალევე მსგავსი განცხადება გააკეთა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა. ჯეიმზ კომის წინააღმდეგ კი ოფიციალური გამოძიება დაიწყო, რათა დადგინდეს, შეიძლება თუ არა მისი გზავნილი ძალადობისკენ მოწოდებად ან კიდევ უფრო სერიოზულ ბრალდებად – მოქმედი პრეზიდენტის მკვლელობის მოწოდებად იყოს მიჩნეული.

რას ნიშნავს კოდი 86 47 და რატომ მიიპყრო მან აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ყურადღება 

ლოს-ანჯელესში გამართულ საპროტესტო აქციებზე კლასიკურ ლოზუნგებსა და საპროტესტო გზავნილებს შორის ერთმა დეტალმა სწრაფად მიიქცია დამკვირვებლების ყურადღება: პლაკატებზე, ბანერებსა და ონლაინ პუბლიკაციებში ხშირად მეორდებოდა ციფრების ამოუცნობი თანმიმდევრობა: 8 6 4 7.

NBC News წერს, რომ Merriam-Webster-ის ლექსიკონის თანახმად, „86“ ჟარგონული გამოთქმაა და „გადაგდებას“, „მოშორებას“ ან „მომსახურების უარყოფას“ ნიშნავს. რიცხვი „47“ შესაძლოა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მიუთითებდეს.

ციფრების ამ თანმიმდევრობის ყველაზე სარწმუნო ახსნა კოლუმბიის უნივერსიტეტის დოცენტმა და ამერიკული ჟარგონის სპეციალისტმა ჯესი შეიდლოვერმა წამოაყენა. „XX საუკუნის 30-40-იან წლებში რესტორნებში რიცხვითი კოდები გამოიყენებოდა. „81“ არის ერთი ჭიქა წყალი, „82“ – ორი ჭიქა წყალი, „89“ – ლამაზი გოგონა, 86 კი არის ზმნა, რომელიც რაღაცის გადაგდებას, მოშორებას და გაძევებას გამოხატავს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თანამედროვე ჟარგონში „86“ „მოშორებას“ გულისხმობს. „47“-თან ერთად, რომელიც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ნომერია, კოდირებული შეტყობინება შეიძლება ასე იკითხებოდეს: „მოიშორეთ 47-ე პრეზიდენტი“, – განმარტავს შეიდლოვერი.

ასეთი განმარტებისა და დაპირისპირების საფრთხის წინაშე დამდგარმა ჯეიმს კომიმ თავისი პუბლიკაცია სწრაფად წაშალა და დაწერა, რომ არ იცოდა მისი მნიშვნელობა. ტრამპმა კი Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბავშვისთვისაც კი ცნობილია“ ამ კოდის მნიშვნელობა და, მისი აზრით, კომიმ იცოდა, რას აკეთებდა.

ვინ არის ჯეიმზ კომი

ჯეიმზ კომი შეერთებულ შტატებში ცნობილი ფიგურაა. FBI-ის დირექტორის თანამდებობაზე (04.09.2013 – 09.05.2017) იგი იძიებდა ტრამპის პირველი საპრეზიდენტო კამპანიის დროს მის უკანონო კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. 2017 წელს ჯეიმზ კომი ტრამპმა გაათავისუფლა FBI-ის დირექტორის პოსტიდან. როგორც კომის გათავისუფლებიდან მეორე დღეს ტრამპმა განაცხადა, გათავისუფლების მიზეზი იყო ის, რომ კომიმ უარი თქვა, შეეწყვიტა მისი რუსეთის ფედერაციასთან კავშირების გამოძიება.

ანუ FBI-ს ყოფილი დირექტორი არის ადამიანი, რომლსაც ტრამპის მიმართ შესაძლოა შურისძიების მოტივი ამოძრავებდეს. იგი აქტიურად აკრიტიკებს აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს და მხარს უჭერს დემოკრატებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close