ბრიტანულ დაზვერვას მესამე თაობის ქართველი ემიგრანტი ბლეიზ მეტრეველი უხელმძღვანელებს

47 წლის ბლეიზ მეტრეველი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც MI6-ის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს, კოდური სახელწოდებით C. კარიერულ მზვერავს უწყებაში მუშაობის 26-წლიანი გამოცდილება აქვს.
როგორც საერთაშორისო მედია წერს, აქამდე MI6-ს ქალი (ჯუდი დენჩი) მხოლოდ ჯეიმზ ბონდის შესახებ ფილმებში ხელმძღვანელობდა.
დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურში MI5 ბლეიზ მეტრეველი წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობას, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნამდე კი MI6-ის ტექნოლოგიების და ინოვაციების განყოფილებას ედგა სათავეში. სადაზვერვო კარიერის ადრეულ ეტაპზე იგი ბირთვული უსაფრთხოების ტექნიკურ და სტრატეგიულ მიმართულებებზე მუშაობდა.
მედიის ინფორმაციით, მეტრეველს განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბუკის კოლეჯში აქვს მიღებული, სადაც იგი ანთროპოლოგიას სწავლობდა.
როგორც Financial Times-ი წერს, 47 წლის ბლეიზ მეტრეველის გვარი ქართულია. მისი კოლეგები აღნიშნავენ, რომ იგი შესანიშნავად ფლობას არაბულ ენას და სიღრმისეული გამოცდილება აქვს მიღებული ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის, კონფლიქტის ზონებშიც.
ბლეიზ მეტრეველი მესამე თაობის ემიგრანტია, საქართველოდან ევროპაში საცხოვრებლად მისი პაპა წავიდა.
ისტორიკოსისა და გერმანისტის, ლაშა ბაქრაძის ვერსიით, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს, ბლეიზ მეტრეველის გვარის დამწერლობაში „W“-ს არსებობა „V“-ის ნაცვლად (Blaise Florence Metreweli) შესაძლებელია მიუთითებდეს მისი წინაპრების კავშირზე გერმანიასთან.
ლაშა ბაქრაძე იხსენებს ქართული სტამბების დამაარსებელს ბერლინსა და მიუნხენში, მთარგმნელ არჩილ მეტრეველს. იგი ემიგრაციაში წასვლის შემდეგ გერმანელების მხარეზე მებრძოლი ქართველებისთვის ბეჭდავდა პროპაგანდისტულ გამოცემებს, გაზეთ „საქართველოს“ და ჟურნალს „ქართველი ერი“, ომის დასრულების შემდეგ კი ქართულს ასწავლიდა მიუნხენში. თუმცა ღია წყაროებში ხელშესახები კავშირი არჩილ მეტრეველსა და ბრიტანეთის დაზვერვის ახალ ხელმძღვანელ ბლეიზ მეტრეველს შორის არ იკვეთება.
X-ზე წერენ, რომ თავად ბლეიზი ჰონგ-კონგში გაიზარდა, სადაც მისი მამა, ასევე კემბრიჯის უნივერსიტეტში განათლებამიღებული პროფესორი კონსტანტინე მეტრეველი ჰონგ-კონგის ჩინური უნივერსიტეტის (CUHK) რადიოლოგიის განყოფილების გამგე იყო 1986-2001 წლებში.
ჰოსპიტლის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ პროფესორი მეტრეველი თავისა და კისრის ულტრაბგერითი გამოკვლევების პიონერია.
ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას „ისტორიული“ უწოდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა. მან აღნიშნა, რომ დაზვერვის სამსახურების მუშაობა არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს, უპრეცედენტო მასშტაბების საფრთხეების ფონზე.
ბლეიზ მეტრეველი ახალ პოზიციაზე თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას ოფიციალურად ოქტომბერში შეუდგება, როცა სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელი რიჩარდ მური ხუთწლიანი ვადის შემდეგ თანამდებობას დატოვებს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები