25 ათასზე მეტი ფასდაკლება ევროპის 40 ქვეყანაში – რა არის ევროპული ახალგაზრდული ბარათი, რომელიც საქართველოშიც შემოდის

უახლოეს პერიოდში საქართველოში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი – ე. წ. შესაძლებლობების ქარდი, რომელიც მის მფლობელებს სთავაზობს 25 ათასზე მეტ ფასდაკლებას ევროპის 40 ქვეყანაში. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორი თბილისის მერიაა.
„ევროპული ახალგაზრდული ბარათი აერთიანებს 9 მლნ-მდე ახალგაზრდას. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა მობილობის, განთავსების, განათლების, სპორტის, კულტურის, გართობის სერვისებზე. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და თბილისის მერია საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიორია“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ პროგრამა არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, თბილისის მერიასა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებში 2025 წლის შემოდგომიდან უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება პროგრამაში.
მერიის ინფორმაციით, ევროპული ახალგაზრდული ბარათები ფართო მასშტაბით მიმდინარე წლის შემოდგომიდან გაიცემა.
ბარათს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი აქვს, მაგ.: ესპანეთში – Carnét Joven, შოტლანდიაში – Young Scot Card, იტალიაში – Carta Giovani. ანუ, თუ თქვენს ბარათზე European Youth Card-ის ლოგოა გამოსახული, შეგიძლიათ ათასობით შესაძლებლობით ისარგებლოთ ყველა წევრ ქვეყანაში.
კომენტარები