
2025 წლის 13 ივნისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, სახელწოდებით Operation Rising Lion. იერიში მიზნად ისახავს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას და ქვეყნის სტრატეგიული სამხედრო ინფრასტრუქტურის დაზიანებას.
რომელ სამიზნეებს შეუტია ისრაელმა
IDF-ის ოფიციალური ინფორმაციით:
- იერიშის ფარგლებში დაზიანდა 100-ზე მეტი ობიექტი, მათ შორის:
- ნეთენზის ურანის გამდიდრების ობიექტი (რაც ირანის ატომ,ური ენერგიის სააგენტომ დაადასტურა);
- ბალისტიკური რაკეტების ქარხნები და საწყობები;
- ირანის რევოლუციური გვარდიის სამხედრო შტაბები;
- სამეცნიერო კვლევითი ცენტრები, რომლებიც, ისრაელის მტკიცებით, დაკავშირებულია ბირთვულ პროექტებთან.
ოპერაციაში ჩართული იყო 200-მდე საბრძოლო თვითმფრინავი, რომლებმაც 300-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს.
IDF-ის განცხადებით, ოპერაციის მთავარი მიზანი იყო:
- ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის დაზიანება;
- უახლოეს თვეებში ირანის ბირთვული იარაღის შექმნის ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობის შეჩერება;
- რეგიონის სტაბილურობის დაცვა.
ოფიციალური განცხადების თანახმად, ოპერაცია განხორციელდა, როგორც სტრატეგიული თავდაცვითი ზომა „ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“
6 ირანელი ბირთვული ფიზიკოსი დაიღუპა
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 6 ირანელი ბირთვული ფიზიკოსი დაიღუპა. დაღუპულ პირებში, ასევე, მოხსენებულია მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები – რევოლუციური გვარდიისა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები.
ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე სამხედრო მეთაურის და მეცნიერის დაღუპვა დაადასტურა.
ირანის საპასუხო შეტევა
საპასუხოდ ირანმა დაახლოებით 100 უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი) გაუშვა ისრაელის მიმართულებით. ისრაელის მხარის ცნობით, მათი უმეტესობა ანტისაჰაერო სისტემებმა გაანეიტრალა.
საერთაშორისო გამოხმაურება – აშშ და მოკავშირეები
ამ ეტაპზე აშშ-ში განაცხადეს, რომ ოპერაციაში პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ ისრაელის თავდაცვის უფლებას და აკვირდებიან რეგიონში განვითარებულ მოვლენებს.
„ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები საგანგაშოა, ევროპა მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ მოახდინონ დეესკალაცია და თავი შეიკავონ საპასუხო ქმედებებისგან“, – დაწერა სოციალურ ქსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურუსლა ფონ დერ ლაიენმა.
როგორია მიმდინარე ვითარება?
მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, ვითარება არასტაბილური რჩება. ექსპერტები შიშობენ, რომ შემდგომი სამხედრო ესკალაცია ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
IDF აცხადებს, რომ მზად არიან განახორციელონ შემდგომი ოპერაციები ირანის საპასუხო ქმედებების შესაბამისად.
მდგომარეობა ისრაელში – უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი
იერიშის ფონზე ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიხურა სკოლები, შეჩერდა ფრენები და გაძლიერდა საჰაერო განგაშის სისტემები. მოსახლეობას მოუწოდებენ, განგაშის დროს თავშესაფრებში ჩავიდნენ და ყურადღებით ადევნონ თვალი ოფიციალურ ინფორმაციებს.
ირანის ოფიციალური პოზიცია და მკაცრი გაფრთხილება
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის იერიში „საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად“ და „ომის აქტად“ შეაფასა. მათი თქმით, „ირანის ტერიტორიისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ განხორციელებულმა ქმედებამ შეიძლება უკიდურესად საშიში შედეგები გამოიწვიოს“.
ირანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ „თეირანი გამოიყენებს ყველა აუცილებელ ზომას, მათ შორის, სამხედრო შესაძლებლობებს, საკუთარი უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“.
„ისრაელს მწარე პასუხი ელის. ჩვენ თავად დავწერთ ამ ამბის დასასრულს, არა მოლაპარაკებებით, არამედ მოქმედებით“, – დაიმუქრა ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
ირანმა ოფიციალურად მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია, არ მისცეს გზა „აგრესიასა და ბირთვული ომის გაჩაღებას”.
ნანა ძნელაძე
განახლება (14.06.2025, 12:00)
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის ტერიტორიაზე იერიშები გრძელდება. დარტყმების სამიზნეა ირანის ბირთვული და სამხედრო ობიექტები, ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები, აგრეთვე, სამხედრო მაღალჩინოსნები და ბირთვული მეცნიერები.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა 13 ივნისის ღამის საათებიდან ამ დრომდე ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 200 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტების ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა, 70-მდე დაშავდა.
თეირანში კი, 14-სართულიან საცხოვრებელ შენობაზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20 ბავშვია. ინფორმაციას „სიენენი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ათამდე ადამიანი რჩებოდეს.
13 ივნისს გაეროში ირანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა. „სიენენის“ ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია, შედის თუ 14-სართულიან საცხოვრებელ შენობაზე იერიშისას დაღუპული 60 ადამიანი ამ რიცხვში.
კომენტარები