საბერძნეთს 3 ივნისიდან პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომერი შემოაქვს: როგორ გაიცემა და რა შეიცვლება ახალ პირადობის მოწმობებში?

პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ორშაბათს, 26 მაისს გამოაცხადა სიახლის შესახებ, რომელიც გულისხმობს პირადი საიდენტიფიკაციო ნომრის შემოღებას და ახალ პირადობის მოწმობებში მის ინტეგრაციას.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განმარტა, ახალი ნომერი იქნება „გასაღები“ სახელმწიფო ორგანოებთან ნებისმიერი ოპერაციისთვის და შეავსებს ამ დროისთვის უკვე არსებულ საიდენტიფიკაციო ნომრებს. „მოქალაქეებს მხოლოდ ერთი საიდენტიფიკაციო ნომრის დამახსოვრება დასჭირდებათ“, – დასძინა მან.
პერსონალური ნომრის გამოყენება საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, გამოიყენონ ერთიანი იდენტიფიკატორი სახელმწიფო სექტორთან ყველა სახის ურთიერთობებისთვის. ის შეცვლის არსებულ დარგობრივ იდენტიფიკატორებს, როგორიცაა: საგადასახადო ნომერი (ΑΦΜ, Αριθμός Φορολογικού Μητρώου, საგადასახადო რეესტრის ნომერი), სოციალური დაზღვევის ნომერი (AMKA, Αριθμός Μητρώου Κοινωνικής Ασφάλισης) და პირადობის დამადასტურებელი ნომერი.
მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ თავიანთი პერსონალური ნომერი პლატფორმა myInfo-ს მეშვეობით პორტალზე gov.gr, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ივნისის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი. მათ საშუალება ექნებათ, ნაწილობრივ მოახდინონ პირადი ნომრის პერსონალიზება, აგრეთვე, შეძლებენ დაადასტურონ პირადი მონაცემები და თუ შეუსაბამობებს აღმოაჩენენ, მოითხოვონ შესწორება.
პერსონალური ნომერი – ეს არის 12-ნიშნა კოდი, რომელიც საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომრის და სოციალური დაზღვევის ნომრის ეკვივალენტურია. ის შეიცავს 9 ციფრს ΑΦΜ-იდან და ანბანის 3 მთავრულ ასოს, რომელთაგან 2-ს თავად მოქალაქე ირჩევს.
ახალი ნომერი იქნება უნიკალური, ის მოქალაქეს ერთხელ ენიჭება და მთელი სიცოცხლის მანძილზე უცვლელი რჩება. ამ ნომრის მეშვეობით გასწორდება შეცდომები ძირითად სახელმწიფო რეესტრებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეთა რეესტრის, საგადასახადო რეესტრის, ეროვნული რეესტრის AMKA – EMAES (Εθνικό Μητρώο Ασφαλισμένων, დაზღვეულ პირთა ეროვნული რეესტრი) IDIKA-დან (Ηλεκτρονική Διακυβέρνηση Κοινωνικής Ασφάλισης, სოციალური დაზღვევის ელექტრონული მართვა), პირადობის მოწმობების რეესტრის და კომუნიკაციების ეროვნული რეესტრის ჩათვლით.
პერსონალური ნომერი ავტომატურად იქნება მითითებული ახალი პირადობის მოწმობის უკანა მხარეს და გახდება ციფრულ სამყაროში ადამიანის ვინაობის დამადასტურებელი იდენტიფიკატორი, პირადობის მოწმობის ნომერთან შესაბამისად, რომელიც ფოტოსურათთან ერთად ახდენს პირის იდენტიფიცირებას რეალურ სამყაროში.
პლატფორმა myInfo 3 ივნისიდან ამუშავდება. MyInfo ხელმისაწვდომი იქნება 24 ივნისიდან მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებისა (КЕП, Κέντρα Εξυπηρέτησης Πολιτών) და საკონსულოების მეშვეობით. პირადობის მოწმობებზე ნომრების ავტომატური დატანა 4 სექტემბრიდან დაიწყება. ის მოქალაქეები, რომლებმაც უკვე მიიღეს ახალი პირადობის მოწმობები (ასეთი 1.7 მილიონი ადამიანია), თავიანთი პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომრის დამატებას მხოლოდ მიმდინარე დოკუმენტების ვადის გასვლის შემდეგ შეძლებენ.
უახლოეს მომავალში, ევროპული დირექტივის შესაბამისად, ძველი ლურჯი პირადობის მოწმობები წარსულს ჩაბარდება, რადგან უნიკალური პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომრის ინტეგრაცია ახალ პირადობის მოწმობაში ნიშნავს, რომ გადაიჭრება მარადიული პრობლემა: მოქალაქეებისთვის აღარ იქნება საჭირო სახელმწიფოსთან ტრანზაქციებისთვის ბევრი სხვადასხვა ნომრის დამახსოვრების აუცილებლობა. ახალი ნომერს მოქალაქე ელექტრონულად მიიღებს gov.gr-ს პლატფორმა myInfo-ის მეშვეობით, ახალი პირადობის მოწმობის გაცემის წინ.
კომენტარები