4 ივნისიდან პირადობის მოწმობები იცვლება – სავალდებულოა თუ არა ძველი მოწმობის ახლით ჩანაცვლება

2025 წლის 4 ივნისიდან პირადობის მოწმობების დიზაინი იცვლება. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, რომელიც პირადობის მოწმობის აღებას 4 ივნისის შემდეგ გადაწყვეტს, განახლებული დიზაინის მოწმობას მიიღებს.
იმ ადამიანებს კი, რომელთა პირადობის მოწმობასაც ვადა არ აქვს გასული, ახლით ჩანაცვლება არ მოუწევთ და სარგებლობას ჩვეულებრივ გააგრძელებენ ვადის ამოწურვამდე, შემდეგ კი ისინიც ახალი დიზაინის მოწმობებს აიღებენ.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1-ელი ივლისიდან პირადობის არაელექტრონული (ლამინირებული) მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული, გაუქმდა. შესაბამისად, თუ თქვენ ჯერ კიდევ ასეთი პირადობის მოწმობა გაქვთ, მის გამოყენებას ვეღარ შეძლებთ.
როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, თუ მოქალაქეს კვლავ 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობა აქვს და ელექტრონული მოწმობა არასდროს აუღია, შეუძლია აღნიშნული მოწმობა სრულიად უფასოდ გამოცვალოს. ამისთვის შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სტანდარტულად, 10 სამუშაო დღეში ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადება ფოტოსურათის ჩათვლით 65 ლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ თუ სტუდენტი ხართ, პირადობის მოწმობაზე შეგიძლიათ სტუდენტის სტატუსი დაიტანოთ და სხვადასხვა სახის ფასდაკლებითა და შეღავათებით ისარგებლოთ როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში. ასევე, პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შშმ პირის სტატუსის დატანაც შეიძლება.
ინფორმაციას სტატუსის დატანის ან სხვა პროცედურების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ სახელმწიფო სერვისების მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გაეცნოთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე 14 წლის ასაკს მიღწევიდან 6 თვის ვადაში ვალდებულია, აიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის გაცემა ასევე შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეზეც, მოთხოვნის შესაბამისად. ვალდებულება არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ.
პირადობის მოწმობის დიზაინი შეიცვალა – ახალი თაობის პირადობის მოწმობაზე QR კოდი იქნება დატანილი
კომენტარები