„იუვენტუსს“ სურს, თავდამსხმელები დაიმატოს, მისი სამიზნე გიორგი მიქაუტაძეცაა

იტალიური კლუბი, ტურინის „იუვენტუსი“ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მთავარ კანდიდატად ვიქტორ ოსიმენს განიხილავს. ტურინელები საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძესაც აკვირდებიან – ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.
„ტურინის „იუვენტუსი“ დუშან ვლაჰოვიჩისა და რანდალ კოლო მუანის შესაძლო ტრანსფერისთვის ემზადება, რაც გუნდს ახალი შემტევების დამატების საჭიროებას უქმნის.
კლუბი „ნაპოლის“ ცენტრალური თავდამსხმელის, ოსიმენის შეძენით არის დაინტერესებული, რომელიც ამჟამად იჯარით თურქეთის ჩემპიონ „გალათასარაიში“ თამაშობს. იგი „ნაპოლის“ სეზონის ბოლოს დატოვებს.
ნიგერიელი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა, ამიტომ „იუვენტუსი“ სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, მათ შორის, არიან ვიქტორ ბონიფეისი (აგრეთვე, ნიგერიელი – რედ.), გიორგი მიქაუტაძე და არნო კალიმუენდო“, – წერს იტალიური გამოცემა.
მაღალი გამოსასყიდის გარდა პრობლემა ისიცაა, რომ ვიქტორ ოსიმენზე თვალი სხვა დიდ კლუბებსაც უჭირავთ, ამიტომ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ფრანგული „ლიონის“ 24 წლის ქართველი ცენტრფორვარდი, რომლის გამოსასყიდი თანხა 25 მლნ ევროა, ტურინის „იუვენტუსისათვის“ კარგი შენაძენი იქნება.
შეგახსენებთ, რომ „ლიონმა“ მიქაუტაძე გასული წლის ივლისში 18.5 მლნ ევროდ შეიძინა „მეცისგან“.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები