ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

ისრაელის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარია – იერუსალიმი ცეცხლის ბლოკადაშია მოქცეული (ვიდეო)

30 აპრილს ისრაელში საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა იერუსალიმის გარშემო გაჩენილი მასშტაბური ხანძრის გამო. ცეცხლი ქალაქს რამდენიმე მიმართულებიდან უახლოვდება. სხვადასხვა დასახლებაში მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

მაშველების ცნობით, ხანძრის ექვსი კერაა. ხანძარი კონტროლს არ ექვემდებარება და ძლიერი ქარის გამო ძალიან სწრაფად ვრცელდება. ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათისთვის ქარის სიჩქარის კიდევ უფრო ზრდას ელოდებოდნენ – საშუალოდ 100 კმ/საათამდე. შესაძლოა ქარმა მიმართულებაც შეიცვალოს.

ამჟამად იერუსალიმი, ფაქტობრივად, ცეცხლის ბლოკადაშია მოქცეული. ხანძრის გამო დაიხურა მთავარი ავტომაგისტრალი და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ისრაელმა ხანძრის ჩასაქრობად საერთაშორისო დახმარება ითხოვა.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იტალია და ხორვატია ხანძრის ჩასაქრობად ისრაელში სამ სახანძრო თვითმფრინავს გაგზავნიან.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დახმარება საბერძნეთს, კვიპროსსა და ბულგარეთსაც სთხოვეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის შესაკავებლად 120 სახანძრო და სამაშველო სამსახურის ათეულობით ჯგუფი და ვერტმფრენია მობილიზებული.

სამაშველო ოპერაციებში ქვეყნის სამხედრო ძალებიც არიან ჩართულნი.

სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა შმულიკ ფრიდმანმა განაცხადა, რომ ეს ხანძარი შესაძლოა ისრაელის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყოს.

„ჩვენ ვიმყოფებით განსაკუთრებით მასშტაბური ხანძრის ეპიცენტრში, შესაძლოა ყველაზე დიდი ხანძრისა, რომელიც კი ამ ქვეყანას უნახავს“, – თქვა ფრიდმანმა.

მისივე ცნობით, სტიქიის გამომწვევი მიზეზი ჯერაც დაუდგენელია.

ხანძრის ეპიცენტრში, იერუსალიმის გარეუბნებში, ევაკუირებულია ექვსი დასახლება. 16 დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის ორი ორსული ქალი და ორი ჩვილი ბავშვია.

ხანძარი ისრაელის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის დღეს გაჩნდა, რის გამოც  მრავალი ღონისძიება, მათ შორის, ისრაელის დამოუკიდებლობის დღის ოფიციალური საზეიმო ცერემონიაც გაუქმდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close