ვიდეოპოლიტიკახელოვნება

ისრაელს „ევროვიზიაზე“ „ჰამასის“ ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი გოგონა წარადგენს (ვიდეო)

2025 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე ისრაელის სახელით 25 წლის იუვალ რაფაელი იმღერებს. ამის შესახებ ონლაინგამოცემა timesofisrael-ი წერს.

რაფაელი 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ორგანიზებულ ტერაქტს გადაურჩა.

მომღერალი მუსიკალურ ფესტივალ Nova-ზე იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა  განხორციელდა.

თავდასხმის დროს მან 50 ადამიანთან ერთად ბომბსაფარს შეაფარა თავი. მედიის ინფორმაციით, ამ 50 ადამიანიდან სიკვდილს მხოლოდ 12 გადაურჩა, მათ შორის, იუვალიც.

გოგონა ჰყვება, რომ რვა სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხედ­რე­ბის ქვეშ გაუნძრევლად იწვა, რათა ტერორისტებს ისიც მკვდარი ჰგონებოდათ. ასე გადაურჩა იგი ადგილზე დახ­ვრე­ტას ან მძევლად აყვანას.

გასულ ოთხშა­ბათს იუვალ რაფაელმა გაიმარჯვა ის­რა­ე­ლის ტე­ლე­არხ Keshet 12-ის კონკურსში “Hakochav Haba” („ამომავალი ვარსკვლავი“). ფი­ნალ­ში მან შე­ას­რუ­ლა ორი სიმ­ღე­რა – ABBA-ს Dancing Queen (1974 წელს ამ სიმღერით თავად ABBA-მ მო­ი­გო ევ­რო­ვი­ზია) და სემ სმი­ტის Writing’s on the Wall. მან ჟიურისა და ტელემაყურებელთა ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა და კონკურსის სხვა მონაწილეებს გაუსწრო, მათ შორის, დანიელ ვაისს, მომღერალსა და სიმღერების ავტორს კიბუც Be’eri-დან, რომლის მამა ჰამასის თავდასხმისას მოკლეს 7 ოქტომბერს, დედა კი გაიტაცეს და ტყვეობაში დაიღუპა.

ფინალში ABBA-ს Dancing Queen-ის ბალადური ვერსიის შესრულების წინ იუ­ვალ რა­ფა­ე­ლმა თქვა, რომ სიმღერა ეძღვნება Nova-ს ფეს­ტი­ვალ­ზე მოკლულ „ყვე­ლა ანგელოზს“.

„მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემადგენელია ჩემი განკურნების პროცესში“, – აღნიშნა მომღერალმა, რომელმაც 2023 წლის 7 ოქტომბრის კოშმარი გადაიტანა.

წელს ევროვიზიის კონკურსი 10-17 მა­ი­სს გა­ი­მარ­თე­ბა შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ბა­ზელ­ში. იუვალის საკონკურსო სიმღერის პრემიერა მარტში შედგება.

ცნობისათვის: 19 იანვარს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც 3 ეტაპად უნდა შესრულდეს. პირველი ეტაპი 6 კვირაზეა გათვლილი და ამ დროის განმავლობაში უნდა გათავისუფლდეს 1900 პალესტინელი პატიმარი და 33 ისრაელელი მძევალი. ისრაელის ჯარებმა უნდა დაიხიონ ღაზის სექტორის საზღვრებთან.

ცეცხლის შეწყვეტამდე ღაზაში ბრძოლა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა (ერთი ხანმოკლე პაუზით), 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დაწყებული, როდესაც დაახლოებით 1200 ისრაელელი დაიღუპა. 250-ზე მეტი ადამიანი „ჰამასის“ ბოევიკებმა მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორში გადაიყვანეს.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციას 47 200-ზე მეტი პალესტინელი შეეწირა, უმეტესობა ქალი და ბავშვი.

დღეს, 25 იანვარს, შეთანხმების ფარგლებში, „ჰამასმა“ კიდევ 4 ებრაელი სამხედრო მოსამსახურე ქალი გაათავისუფლა (სამი მათგანი 20 წლისაა, ერთი – 19 წლის). ისინი „წითელ ჯვარს“ გადასცეს, მედიის ინფორმაციით, უკვე მშობლებსაც შეხვდნენ. მათ „ჰამასის“ ტყვეობაში 477 დღე დაყვეს. მანამდე, გასულ კვირაში „ჰამასმა“, შეთანხმების ფარგლებში, 3 მძევალი ქალი გაათავისუფლა – 24, 28 და 31 წლისები.

მომდევნო 5 კვირის განმავლობაში „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს კიდევ 26 მძევალი, მათ შორის, 2 და 5 წლის ბავშვები დედასთან ერთად.

სააგენტო  AFP პალესტინის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სანაცვლოდ დღესვე ისრაელმა 200 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა, რომელთაგან 70-ს, რომლებიც ისრაელის მოქალაქეების მკვლელობაში არიან მსჯავრდებულები, სამუდამოდ აუკრძალა ღაზაში და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე შესვლა.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close