მიგრაციამსოფლიოპოლიტიკა

ტრამპი მასობრივი დეპორტაციისთვის სამხედროების გამოყენებას აპირებს – „თუ აქ უკანონოდ ხართ, გირჩევნიათ, ფრთხილად იყოთ“

 დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო დაპირების ერთგული რჩება და ქვეყნიდან მილიონობით არალეგალი მიგრანტის გაძევებას გეგმავს. 

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის გუნდი უკვე ამუშავებს ქვეყნის ისტორიაში უდიდესი დეპორტაციის სქემას. ისიც დადასტურდა, რომ მასობრივი დეპორტაციებისთვის სამხედროებს გამოიყენებენ.

კონსერვატიული ორგანიზაციის, Judicial Watch-ის პრეზიდენტმა ტომ ფიტონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრამპი მზადაა, ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და არალეგალების დეპორტაციისთვის სამხედროები გამოიყენოს. ტრამპმა ფიტონის პოსტი თავის პლატფორმაზე – Truth Social-ზე გააზიარა და დაწერა: „სიმართლეა!“

აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმიგრაციისა და სასაზღვრო კონტროლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 62 წლის ტომ ჰომანი დაასახელა, რომელსაც იგი „საზღვრის მეფედ“ (‘border czar’) მოიხსენიებს. ჰომანი მისი პირველი პრეზიდენტობის დროს აშშ-ის საიმიგრაციო და სასაზღვრო პოლიციის დირექტორის პოსტს იკავებდა.

ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა: ჰომანი „პასუხისმგებელი იქნება ჩვენი ქვეყნის საზღვრების დაცვაზე, მათ შორის, სამხრეთ საზღვრის (მექსიკასთან), ჩრდილოეთ საზღვრის (კანადასთან), ყველა საზღვაო საზღვარსა და ავიაუსაფრთხოებაზე“. მან დასძინა, რომ ჰომანი, აგრეთვე, პასუხისმგებელი იქნება არალეგალური მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაზე. „ეჭვიც არ მეპარება, რომ იგი ფანტასტიკურ სამუშაოს ჩაატარებს, იმ სამუშაოს, რომელსაც დიდი ხანია ველოდებით“.

თავად ტომ ჰომანმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განმარტა, რომ სამხედრო უწყება ქვეყანაში უკანონოდ მყოფ იმიგრანტებს არ დააკავებს, არამედ საიმიგრაციო სამსახური თავის სამუშაოს „ჰუმანური გზით“ განახორციელებს.

„ეს იქნება საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლების მიერ კარგად გააზრებული და დაგეგმილი ოპერაცია. ეს სამსახურის თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობაა. ისინი ამას კარგად აკეთებენ“, – აღნიშნა მან.

წლის დასაწყისში ვაშინგტონში გამართულ კონსერვატიულ კონფერენციაზე ჰომანმა განაცხადა, რომ დღის წესრიგიდან არავის საკითხი არ იხსნება. „თუ აქ უკანონოდ ხართ, გირჩევნიათ, ფრთხილად იყოთ“, – თქვა მან.

არალეგალური მიგრანტების დეპორტაცია დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. საუბარია რამდენიმე მილიონ ადამიანზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდა. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი უპირატესობით (312 ხმა) დაამარცხა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი კამალა ჰარისი (226 ხმა). ტრამპმა 76 მილიონ 562 ათასზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა, ჰარისმა – 73 მლნ 941 ათასზე მეტი. ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა არა მარტო საარჩევნო ხმებით, არამედ ამომრჩეველთა ხმებითაც გაიმარჯვა, თანაც თითქმის 3,4-მილიონიანი უპირატესობით.

ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close