ამ დროის მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლაში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დიდი უპირატესობით უსწრებს თავის დემოკრატ მეტოქეს – კამალა ჰარისს 266 ხმით 219-ის წინააღმდეგ (ტრამპს 5 მლნ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა). დარჩენილია 7 ოლქის მონაცემების დათვლა, საიდანაც უკვე დათვლილი ხმების მიხედვით 5-ში ტრამპი ლიდერობს, ორში – კამალა ჰარისი. აღსანიშნავია, რომ მათ შორისაა ნევადის შტატიც, რომელმაც წინა არჩევნებში დემოკრატ ბაიდენს მიანიჭა უპირატესობა, თუმცა ABC news-ის პროგნოზით, ამჯერად ნევადის 6 ხმა ტრამპთან წავა, რაც 78 წლის ყოფილ და, ფაქტობრივად, უკვე მომავალ პრეზიდენტს სრულიად ჰყოფნის გამარჯვებისთვის (მას, როგორც ცნობილია, 270 ხმა სჭირდება). აღსანიშნავია, რომ ტრამპმა გაიმარჯვა 3 ე. წ. მერყევ შტატში, მათ შორის, ჩრდილოეთ კაროლინაში, რამაც მას საარჩევნო კოლეგიის 16 ხმა მოუტანა.
თავად ტრამპმა უკვე მიულოცა თავის მხარდამჭერებს „დიდებული გამარჯვება“ და განაცხადა, რომ მისი მეორე პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკა ისევ „დიადი ქვეყანა“ გახდება და „ოქროს ხანა“ დაუდგება. „მე არ დავივიწყებ ომებს, მე მათ შევაჩერებ!“ – პირობა დადო ტრამპმა. მან მხარდამჭერებს ფლორიდის შტატის ქალაქ უესტ-პალმ-ბიჩიდან მიმართა და თავისი გამარჯვების გარდა, სენატის არჩევნებში რესპუბლიკელთა გამარჯვების შესახებაც აცნობა. მოგეხსენებათ, 5 ნოემბერს აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრების და სენატის წევრთა მესამედის არჩევნებიც ჩატარდა. ამჟამად სენატში უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ, თუმცა 5 ნოემბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, ისინი უმრავლესობას კარგავენ და სენატის 100 წევრიდან 51 რესპუბლიკელი იქნება.
მულტიმილიარდერმა ილონ მასკმა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპს აქტიურად უჭერდა მხარს, საკუთარ X პლატფორმაზე რაკეტის ფოტო დადო და დაწერა: „მომავალი ფანტასტიკური იქნება“.
The future is gonna be fantastic pic.twitter.com/I46tFsHxs3
— Elon Musk (@elonmusk) November 6, 2024
დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა უკვე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ საქართველოსთვის ძლიერი აშშ-ის მხარდაჭერა ახლა მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც მიულოცა და აღნიშნა, რომ ტრამპის პრეზიდენტობა ხელს შეუწყობს საქართველოსთან ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვას.
„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას“.
არჩევნებში გამარჯვება ტრამპს მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
„ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას არჩევნებში“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი იყო აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი – 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. იგი 5 ნოემბრის არჩევნების შედეგებით, აშშ-ის ისტორიაში არჩევის პერიოდში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი, აგრეთვე, პირველი ნასამართლევი პრეზიდენტი იქნება.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები