ვიდეოისტორიაკულტურასაქართველო

4000 წლის, დღემდე ამოუკითხავი ფესტოსის დისკო კოლხური ოქროდამწერლობით იშიფრება – მეცნიერული ჰიპოთეზა (ვიდეო)

მსოფლიოში პირველი ბეჭდვითი რელიგიურ-ლიტერატურული დოკუმენტის – საყოველთაოდ ცნობილი და დღემდე ამოუკითხავი ფესტოსის დისკოს გაშიფვრა ათწლეულების განმავლობაში თითქმის ყველა ძველ ენაზე ცადეს, მაგრამ უშედეგოდ, მხოლოდ 1988 წელს ავსტრიელმა დოქტორმა ჰერბერტ ძებიშმა აირჩია კვლევის განსხვავებული მიმართულება – შექმნა კომპიუტერული პროგრამა (პც), რომელშიც ნებისმიერი ენის ჩასმა შეიძლება და შემდეგ ხდება დისკოს ნიშანთა განაწილებასთან მათი შედარება. პროგრამას ერთადერთმა, პროტოქართველურმა ენამ უპასუხა.

ფესტოსის დისკო 116 წლის წინათ, 1908 წელს იტალიელმა არქეოლოგმა ლუიჯი პერნიემ აღმოაჩინა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, არქეოლოგიურ ქალაქ ფესტოსში, მინოსის სასახლის ნანგრევებში გათხრებისას. 16 სმ-მდე დიამეტრის, 2 სმ-მდე სისქის 380-გრამიანი თიხის ფირფიტა პირობითად ძვ. წ. 1850-1600 წლებით თარიღდება. ეს უნიკალური არტეფაქტი კრეტის მთავარ პორტ-ქალაქ ჰერაკლიონის არქეოლოგიის მუზეუმში ინახება. დისკოს ორივე მხარეს სპირალისებურადაა ამოტვიფრული 61 სიტყვა-კომპოზიტი ანუ 244 ნახატ-ნიშანი, ცეცხლში გამომწვარი ოქროს ყალიბით. ეს არის დღეისთვის ცნობილი ჩვენამდე მოღწეული პირველი დოკუმენტი, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების ნიშან-ყალიბებით შეიქმნა.

დისკოს წარწერის გაშიფვრის მცდელობები ჩატარდა არაერთ ძველ ენაზე, მათ შორის, ძვ. ბერძნულზე, ლუვიურზე, ხეთურზე, სემიტურზე, მაგრამ უშედეგოდ. ჰერბერტ ძებიში ისე გარდაიცვალა, რომ თავისი მოსაზრების დადასტურება და ფირფიტის წარწერის გაშიფვრა ვერ შეძლო, მაგრამ მის ჰიპოთეზას ფესტოსის დისკოს წარწერის ქართველური წარმომავლობის შესახებ ამყარებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება: ბერძნების მოსვლამდე დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის – პელასგების ნათესაობა კოლხებთან, რაც ლინგვისტების თუ ისტორიკოსების არაერთი ნაშრომით მტკიცდება.

კუნძულ კრეტაზე კოლხური კულტურის ერთ-ერთ ყველაზე არგუმენტირებულ საბუთად მეცნიერები მიიჩნევენ კოლხური ოქროდამწერლობის და ხაზოვანი დამწერლობის ნიმუშების არსებობას. კოლხური ოქროდამწერლობის შესახებ ცნობებს გვაწვდის ბერძენი ავტორი ხარაქს პერგამონელი და ამ დამწერლობას „ხრისოგრაფიას“ (ძვ. ბერძ.: χρυσός – ოქრო, γράφω – ვწერ) უწოდებს.

ხსენებული დამწერლობა სრულდებოდა თიხის გამომწვარ ფირფიტაზე და მასზე თითოეული იეროგლიფის აღბეჭდვისათვის ოქროსაგან დამზადებულ ყალიბს ასხამდნენ. ოქროსგან იმიტომ, რომ თბილი თიხის ფირფიტაში მხოლოდ ოქროსაგან ჩამოსხმული ყალიბი ძლებდა.

ფესტოსის დისკოზე საკმაოდ მაღალი ალბათობით კოლხური ოქროდამწერლობით ამოტვიფრული წარწერების გაშიფვრა მათემატიკოსმა გია კვაშილავამ მრავალწლიანი დაუღალავი მუშაობის შედეგად შეძლო, მაგრამ ამ სენსაციურ აღმოჩენას მსოფლიო აღიარებამდე კიდევ გარკვეული გზა აქვს გასავლელი.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ: ესქილეს უცნაური სიკვდილი, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის

ჰიპოკრატეს რჩევა – როგორ დავიცვათ თავი უარყოფითი ენერგიებისგან

NON NOCERE – ვინ არის „ჰიპოკრატეს ფიცის“ ავტორი?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close