ისტორიამედიცინა

NON NOCERE – ვინ არის „ჰიპოკრატეს ფიცის“ ავტორი?

გასაოცარია, რაოდენ დიდხანს ცოცხლობენ მითები ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტების შესახებ. მაგალითად, ვინ არის „ჰიპოკრატეს ფიცის“ ავტორი? „რა თქმა უნდა, ჰიპოკრატე!“ – მიპასუხებთ თქვენ, არადა, ასე სულაც არ არის!

ეგრეთ წოდებული „ჰიპოკრატეს ფიცი“ სინამდვილეში მას არ ეკუთვნის. როცა ჰიპოკრატე გარდაიცვალა ძველი წელთაღრიცხვით 370 წელს (სხვა მონაცემებით – 356 წელს), ეს ფიცი ჯერ არ არსებობდა. როგორც ბევრი სხვა რამ, ექიმების ფიცის ავტორობა მას გაცილებით გვიან, მისი ნაშრომების რედაქტირებისას მიაწერეს.

სინამდვილეში,„ჰიპოკრატეს წერილობითი შრომები“ წარმოადგენს სხვადასხვა ავტორთა ნაშრომების „კრებულს“, რომელთანაგაც ნამდვილად ჰიპოკრატეს მიერ შექმნილი ნაშრომების გამოყოფა ძალიან ძნელია. სხვადასხვა ინფორმაციით, იმ 72 ნაშრომიდან, რომელთა შექმნასაც ჰიპოკრატეს მიაწერდნენ, გალენუსი (Aelius Galenus ან Claudius Galenus, II ს., რომის იმპერიის ფიზიკოსი, ქირურგი და ფილოსოფოსი) ნამდვილად მის მიერ შექმნილად აღიარებდა 11-ს, ჰალერი – 18-ს (Albrecht von Haller, მე-18 ს-ის შვეიცარიელი სწავლული მედიკოსი, ანატომი, ფიზიოლოგი და მწერალი), ხოლო კოვნერი (საველი კოვნერი, მე-19 საუკუნის რუსი მედიცინის ისტორიკოსი) – მხოლოდ 8 ნაშრომს, ხოლო დანარჩენი შრომები, როგორც ჩანს, მიეკუთვნებოდა მისი საქმის გამგრძელებლებს – ვაჟებსა და სიძეს, როგორც ზოგი ისტორიკოსი მიიჩნევს.

ექიმის ფიცი, დღეისათვის ჰიპოკრატეს ფიცის ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსია, ჟენევაში 1848 წელს გამოქვეყნდა. საექიმო ეთიკის უმთავრეს პრინციპად ჰიპოკრატე ყოველთვის მიიჩნევდა პრინციპს non nocere – არ ავნო.

***

ჰიპოკრატე (ლათინურად. Hippocrates; დაიბადა ჩვენს ერამდე დაახლოებით 460 წელს და გარდაიცვალა ჩვენს ერამდე 370 და 356 წლებს შორის პერიოდში) – ყველასთვის ცნობილი ძველბერძენი ექიმი, ანტიკური მედიცინის რეფორმატორი, მატერიალისტი. მის შრომებში, რომლებიც კლინიკური მედიცინის შემდგომი განვითარების საფუძვლად იქცა, ასახულია წარმოდგენა ადამიანის ორგანიზმის მთლიანობაზე, ინდივიდუალური მიდგომა ავადმყოფისა და მისი მკურნალობის მიმართ; ანამნეზის ცნება; სწავლება ეტიოლოგიის, პროგნოზის, ტემპერამენტების შესახებ და ა. შ. ჰიპოკრატეს სახელს უკავშირდება წარმოდგენა ექიმის მაღალ მორალურ რეპუტაციასა და ეთიკურ ქცევაზე.

ჰიპოკრატეს ცნობილი გამონათქვამები

*ექიმი მკურნალობს, ბუნება კურნავს.

*ექიმს, რომელიც შეძლებულად ცხოვრობს, შეუძლია ზოგჯერ უფასოდაც უმკურნალოს ავადმყოფს, მადლიერებაც ხომ საზღაურია, რომელიც ანაზღაურებაზე მაღლა დგას.

*ექიმს შეუძლია ოსტატობას მიაღწიოს მხოლოდ იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც ძალუძს ბუნებაში არსებულ საშუალებებს დაეუფლოს.

*ბუნებრივი ძალები ჩვენში – სნეულებათა ჭეშმარიტი მკურნალია.

*როცა ავადმყოფს რამდენიმე ექიმი სინჯავს, მათ დაავადების მიმდინარეობის შესახებ საკუთარი მოსაზრებები მისი თანდასწრებით არ უნდა გამოთქვან, მით უმეტეს, არ უნდა იკამათონ, ერთმანეთის მოსაზრებებს არ უნდა დაუპირისპირდნენ და კოლეგებს არ უნდა დასცინონ.

„ჰიპოკრატეს ფიცი“ მოიცავს 9 ეთიკურ პრინციპს ანუ ვალდებულებას:

  1. ვალდებულებები მასწავლებლების, კოლეგებისა და მოწაფეთა წინაშე;

2. ზიანის არმიყენების პრინციპი;

3. ავადმყოფისთვის დახმარების აღმოჩენის ვალდებულებები (გულმოწყალების პრინციპი);

4. ავადმყოფობის სასიკეთოდ ზრუნვის პრინციპი და ავადმყოფის ინტერესთა უპირატესობა;

5. სიცოცხლის პატივისცემისა და ევთანაზიისადმი უარყოფითი დამოკიდებულების პრინციპი;

6. სიცოცხლის პატივისცემისა და აბორტებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების პრინციპი;

7. პაციენტებთან ინტიმურ ურთიერთობებზე უარის თქმის ვალდებულება;

8. პირადი სრულყოფის ვალდებულება;

9. საექიმო საიდუმლოება (კონფიდენციალურობის პრინციპი).

ნინო ბაჯელიძე

ჰიპოკრატეს ფიცი:

„ვფიცავ აპოლონ-მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიასა და პანაკეას* და ყველა ღმერთსა და ქალღმერთს, მოწმეებად ვრაცხ რა მათ, რომ კეთილსინდისიერად, ჩემი ძალ-ღონისა და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად აღვასრულო ქვემორე აღთქმა და წერილობითი ვალდებულება: ვინც შემასწავლა მკურნალობის ხელოვნება, ჩემი მშობლების თანასწორად მივიჩნიო იგი, გავუნაწილო მას ჩემი მონაგარი და საჭიროებისას შევეწიო გასაჭირში, მისი შთამომავალნი ჩემს ძმებად მივიღო და ხელოვნება, თუკი ისინი მის დაუფლებას მოისურვებენ, შევასწავლო უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე. რჩევა-დარიგებანი, ზეპირი გაკვეთილები და ყოველივე დანარჩენი მოძღვრებისა ვამცნო ჩემსა ძეთ, ძეთ ჩემი მასწავლებლისა და მოწაფეებსაც, რომელნიც შეკრულნი არიან ვალდებულებითა და ფიცითა საექიმო კანონისდა კვალობაზე და არავის ვამცნო სხვას.

ვფიცავ, ჩემი ძალ-ღონისა და მიხვედრილობის შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო განწესება დავუდგინო ავადმყოფს და ავერიდო ყოველგვარი ვნების მიყენებას და უსამართლობას; არ მივცე არცერთ მთხოვნელს მომაკვდინებელი საშუალება და არცა გზა ვასწავლო ასეთი ზრახვის შესრულებისა; ასევე არ მივცე არცერთ ქალს მუცლის მოსაშლელი პესარიუმი; სპეტაკად და უმწიკვლოდ მოვიხმარო ჩემი ცხოვრება და ჩემი ხელოვნება; რომელ სახლშიც შევიდე, მხოლოდ ავადმყოფის სასიკეთოდ შევაღო ამ სახლის კარი და არ იყოს გულსა ჩემსა წინაგანზრახვა, უმართებულობა და ავი სურვილი, მით უმეტეს, ზრახვანი სამიჯნურონი ქალთა მიმართ, არცა აზატთა და არცა მონათა მიმართ; ოდეს მკურნალობის ჟამს, ან თუ სხვა დროს, ყური მოვკრა ანდა ვიხილო რაიმე კაცთა ცხოვრებიდან, რაიცა არ უნდა იქნეს გამჟღავნებული, საიდუმლოდ მივიჩნიო და არვის გავუმხილო იგი.

და მე, განუხრელად შემსრულებელსა ფიცისა, ბედნიერება მხვდეს ცხოვრებაში და ჩემს ხელოვნებაშიც, და მადიდონ კაცთა უკუნითი უკუნისამდე, ხოლო უკეთუ დავარღვიო ფიცი ანდა ცრუ აღთქმა დავდო, პირუკუ მომეგოს მე!“

*შენიშვნა: პანაცეა – ბერძ. Πανάκεια, გამოითქმის, როგორც „პანაკეა“ და „ყოვლის მკურნალს“ ნიშნავს. პანაკეა ითვლებოდა მკურნალ ღვთაებად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close