ვიდეოქართველები უცხოეთშიხელოვნება

„თავისუფალი თეატრი“ იტალიის ქალაქ ბარიში მუდმივმოქმედ თეატრს აარსებს (ვიდეო)

„თავისუფალი თეატრი“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი პოპულარულია და მაყურებლის სიყვარულით სარგებლობს, იტალიაში, ქალაქ ბარიში მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს. როგორც თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი და მსახიობები ვიდეომიმართვით გვამცნობენ, ამ მიზნის განსახორციელებლად გადაწყვეტილი აქვთ, მთელი წლის განმავლობაში, თვეში ერთხელ ქალაქ ბარიში მაყურებლის წინაშე საუკეთესო სპექტაკლებით წარდგნენ.

პირველი სპექტაკლი, რომელსაც „თავისუფალი თეატრი“ ბარიში ქართველი ემიგრანტებისთვის დღეს, 17 ოქტომბერს გამართავს, „თეთრი ვარდებია“ – კომედიური წარმოდგენა, რომელიც „სპექტაკლის შემდეგ დღესასწაულის შეგრძნებას დაგიტოვებთ“. ნოემბერში კი ქართველებს ბარიში და რომში ექნებათ საშუალება, ნახომ სპექტაკლი „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“.

„თავისუფალი თეატრის“ წარმომადგენელი ქ. ბარიში ქალბატონი ფიქრია კუჭუხიძეა.

„გვინდა, რომ ჩვენს ხალხს, ჩვენს სისხლსა და ხორცს ველაპარაკოთ, ვუჩვენოთ მათ ჩვენი სპექტაკლები, მოვეფეროთ და ვუთხრათ, რომ ისინი არავის დავიწყებია, ჩვენ მათთან ვართ და ყოველთვის მათთან ვიქნებით“, – აღნიშნა ავთო ვარსიმაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაში“ სტუმრობისას და ძირითად მიზანზეც ისაუბრა: „რეალურად ეს თეატრი გახდება კულტურის ცენტრი და მე ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მარტო ჩვენ არ ვივლით, იქ ჩავლენ სხვა კოლექტივებიც და უჩვენებენ თავიანთ სპექტაკლებს. კულტურის ცენტრის გაკეთება უფრო მინდა იქ, ვიდრე მარტო „თავისუფალი თეატრის“ ფილიალის. ეს გასაკეთებელია და უნდა გავაკეთოთ“.

წარმატებებს ვუსურვებთ!

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close