მაფიასთან კავშირში ეჭვმიტანილი „ინტერისა“ და „მილანის“ გულშემატკივრები დააკავეს, – იუწყება La Gazzetta dello Sport-ი. დაკავებულთა შორის არიან „მილანისა“ და „ინტერის“ გულშემატკივართა ჯგუფის ლიდერები.
იტალიელმა სამართალდამცველებმა გამოძალვასა და სხვა დანაშაულებში მონაწილეობის ბრალდებით 19 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, „ინტერისა“ და „მილანის“ ულტრასის (Ultras – არის იმ საფეხბურთო ფანების ასოციაციის ტიპი, რომლებიც საფეხბურთო კლუბებისადმი თავიანთი ფანატიკური მხარდაჭერით არიან ცნობილნი – რედ.) რამდენიმე წევრი. 16 პირი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, სამს კი შინაპატიმრობა შეეფარდა. სამართალდამცველთა ცნობით, ისინი საფეხბურთო ბიზნესთან დაკავშირებულ მაფიოზურ ჯგუფებს ქმნიდნენ.
კრიმინალური ქსელი კავშირში იყო იტალიურ მაფიოზურ ორგანიზაცია „ნდრანგეტასთან“.
ჯოვანი მელილომ, იტალიის ეროვნული ანტიმაფიის პროკურორმა, იტალიის საფეხბურთო სტადიონებზე არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა.
„ეს მნიშვნელოვანი გამოძიებაა. ის გვაიძულებს, თვალი გავახილოთ და დავინახოთ რეალობა სტადიონებსა და საფეხბურთო კლუბებში. კრიმინალურ ორგანიზაციებს, მათ შორის, მაფიას, უარყოფითი გავლენა აქვს სპორტის სფეროზე“, – განაცხადა მელილომ.
პროკურორების მტკიცებით, ეჭვმიტანილები მილანის „სან-სიროს“ სტადიონის მახლობლად ყველა მომგებიანი ბიზნესაქტივობის, მათ შორის, საკვების, ბილეთებისა და სუვენირების გაყიდვის, ასევე, პარკინგის გაკონტროლებას ცდილობდნენ.
ზოგიერთი ეჭვმიტანილი შესაძლოა ნარკოტიკებით ვაჭრობაშიც იყოს ჩართული.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები