შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნა 56%-ით შემცირდა – ევროსტატი
2024 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში დაფიქსირდა საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის 5495 პირველადი განაცხადი, რაც 56%-ით არის შემცირებული 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე 12 500 პირველადი განაცხადი გააკეთეს. მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.
ევროსტატის 2024 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, გერმანიაში 1395-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით (5155) 72.9%-ით არის შემცირებული. მკვეთრად შემცირდა პირველადი განაცხადების რაოდენობა საფრანგეთში, სადაც გასული წლის პირველ 6 თვეში თავშესაფარი საქართველოს 3310-მა მოქალაქემ მოითხოვა, წელს, პირველ 6 თვეში კი – მხოლოდ 1125-მა (დაახლოებით 66%-იანი შემცირება); მცირედით შემცირდა იტალიაში (1705 განაცხადიდან 2023 წლის პირველ 6 თვეში, 1500 განაცხადამდე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში – 12%-იანი შემცირება).
ევროსტატის 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის პირველადი განაცხადების რაოდენობით ტოპ-5 ქვეყანაა:
იტალია (1500 განაცხადი);
გერმანია (1395 განაცხადი);
საფრანგეთი ( 1125 განაცხადი);
ბელგია (345 განაცხადი);
ირლანდია (315 განაცხადი).
ნანა ძნელაძე
კომენტარები