მსოფლიოკულტურა

ნოტრ-დამის გახსნის ზუსტი თარიღი ცნობილია – როგორ გამოიყურება ტაძარი დამანგრეველი ხანძრიდან 5 წელის შემდეგ (ვიდეო)

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დამანგრეველი ხანძრიდან 5 წელი გავიდა.  2019 წლის 15 აპრილს საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო ცეცხლის ალში გაეხვია.  ადამიანები მთელ მსოფლიოში პირდაპირ ეთერში უყურებდნენ, როგორც მძვინვარებდა ხანძარი შუასაუკუნეების შენობაში.

ხანძრის შედეგად განადგურდა მე-19 საუკუნის გუმბათი, XII-XIII სს-ით დათარიღებული ხის სახურავი, დაიწვა შიდა სათავსოების ნაწილი, ცეცხლის ჩაქრობისას წყლისგან დაზიანდა 1402 წელს დადგმული ორგანი.

ტაძრის აღდგენისთვის თანხის შეგროვება ადგილობრივმა ბიზნესმენებმა და მეცენატებმა პირველივე დღეს დაიწყეს. თანხა გამოყო ასევე ილ-დე-ფრანსისა და პარიზის ადმინისტრაციამ. ერთ დღეში შეგროვებულმა თანხამ 600 მილიონი ევრო შეადგინა.

ფრანგი რესტავრატორებისა და არქიტექტორ ჟან-მიშელ ვილმოტის გათვლით, ტაძრის სრულ რეკონსტრუქციას 10-15 წელი და 1 მილიარდი ევრო დასჭირდებოდა, თუმცა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნოტრ-დამი ხუთ წელიწადში აღდგებოდა. მაშინ ეს დაპირება მაკრონისეულ ტიპურ ტრაბახს მიაწერეს და ბევრს გაეცინა, რადგან ასეთ მოკლე დროში ტაძრის აღდგენა შეუძლებელი ჩანდა. თუმცა დღეს ეს სასაცილო აღარავისთვისაა. ნოტრ-დამის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომელსაც 2027 წელს პრეზიდენტობის მეორე ვადა ეწურება, სურს, ტაძრის რეაბილიტაციამ საზოგადოებაში დადებითი ემოცია გამოიწვიოს და მისი მთავრობის რეიტინგი გაზარდოს.

ამ შემთხვევაში პოლიტიკა შესანიშნავი მოტივატორია, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა სიტყვა არ გატეხოს და საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო, ნოტრ-დამი დათქმულ ვადაში გაიხსნას – მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რესტავრაცია დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს და კონკრეტული თარიღიც კი დაასახელა –  2024 წლის 8 დეკემბერი.

პარიზელებს დიდი იმედი აქვთ, რომ ღვთისმშობლის ტაძარი მარტო ტურისტებისთვის არ გაიხსნება და რეკონსტრუქციის შემდეგ, წელს საშობაოდ პირველი მესაც აღევლინება.

მანანა ბანძელაძე

ნახეთ, როგორ მიმდინარეობს ტაძრის რეაბილიტაცია:

ამავე თემაზე: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს მამლის ახალი სიმბოლო დაამაგრეს – როდის გაიხსნება ნოტრ-დამი

რა განადგურდა და რა გადარჩა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ

რა განადგურდა და რა გადარჩა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close